fbpx
revazi

რევაზის “მეორედ მოსვლა”

ავტორები: მარიამ კაჭკაჭაშვილი და ქეთო ქელლეჯი-ხურციძე  

ორი წლის წინ ყაზბეგის მერიამ დაბა სტეფანწმინდაში #1 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა გადაწყვიტა. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 555,000 ლარია. სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა და სკოლის ეზოში შესვლისთანავე დაინახავთ აყრილ დეკორატიულ ფილებს, გამხმარ ბუჩქებს, ჩამონგრეულ ამფითეატრს, შესაღებ ღობესა და რამდენიმე მუშას. დასრულებას პირი ჯერ ისევ არ უჩანს.

2019 წლის აგვისტოში მერიამ ხელშეკრულება გამარტივებული გზით, კონკურსის გარეშე ინდ.მეწარმე რევაზ იუკურიძეს გაუფორმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში წერდა, რომ მერიას ხელშეკრულების გაფორმებამდე არ შეუსწავლია ბაზარი, არ მოუკვლევია რომელი მიმწოდებელი რა ფასად შეასრულებდა სამუშაოს, არც მიმწოდებლის გამოცდილება შეუფასებია ობიექტურად.  აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ამ შემთხვევაში მერია მოქმედებდა არა მუნიციპალიტეტის, არამედ მიმწოდებლის, ანუ რევაზ იუკურიძის ინტერესების გათვალისწინებით.  

skola 12 scaled
სკოლის ეზო სტეფანწმინდაში

ცოტას მიმწოდებელზეც მოგიყვებით. ინდ. მეწარმე რევაზ იუკურიძე, რომელსაც თავიდან გაუფორმეს ხელშეკრულება 57 წლისაა და ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობს. მას ეზოს კეთილმოწყობის დასასრულებლად ორი თვე ჰქონდა. ვერ მოასწრო და მერიას ორი თვით ვადის გაგრძელება სთხოვა. მერია ისე დათანხმდა, რომ იუკურიძე არც კი დაუჯარიმებია. 

საინტერესოა ისიც, როგორ იპოვა ყაზბეგის მერიამ ინდ.მეწარმე იუკურიძე. 

2019 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის ეზოს მოსაწყობად ტენდერი სამჯერ გამოაცხადა. ამისათვის 294,000 ლარი გამოყო, თუმცა არცერთი ტენდერი არ შედგა. მერია ეძებდა ისეთ გამოცდილ კომპანიას, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაო ჰქონდა შესრულებული. 

მერიამ მსგავსი კომპანია ვერ იპოვა და ერთ თვეში ტენდერი ინდ.მეწარმე რევაზ იუკურიძეს გადასცა. მერიის რჩეულ იუკურიძეს არც სათანადო გამოცდილება ჰქონია და არც შესრულებული სამუშაოების სიმრავლით გამოირჩეოდა. შესაბამისად უცნობია, რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია მერიამ ეს მიმწოდებელი. 

“ჩემმა მეგობარმა მითხრა, სკოლის ეზოა გასაკეთებელიო და ხომ არ ცდიდიო? ერთი 10 წელი ვიმუშავე ყაზბეგში. გერგეთშიც კერძო სახლი გავაკეთე და რომ ნახეს ჩემი ნამუშევარი, შემომთავაზეს და ვიფიქრე გავაკეთებ-მეთქი. ხო ხვდებით, სამუშაო ყველას უნდა,” – გვითხრა იუკურიძემ. 

IMG 1235
რევაზ იუკურიძე

ყაზბეგის მერიამ თავის რჩეულს ვადა სამჯერ, ჯამში 60 დღით გადაუწია და არც პირგასამტეხლო დააკისრა. ინდ.მეწარმემ სამუშაოების დასრულება მაინც ვერ შეძლო და იმის ნაცვლად, რომ ჯარიმა გადაეხადა, მერიამ იგი წაახალისა კიდეც. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში  ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულებიდან ამოიღეს ის სამუშაოები, რომელთა დასრულებას იუკურიძე ვერ ახერხებდა. 

მაგალითად, მერიამ იუკურიძეს აღარ მოსთხოვა ბუნებრივი ბალახისა  და ხეების დარგვა, ასევე კაუჩუკის იატაკის დაგება. საბოლოოდ, შესრულებულ სამუშაოებში 190,500 ლარი გადაუხადა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამით მერიამ ხელი შეუწყო მიმწოდებელს, რომ მასზე არ გავრცელებულიყო სანქციები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.

პირველი ეტაპის სამუშაოები ასე თუ ისე დასრულდა. მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი 2020 წლის 30 იანვარს გააფორმა. დოკუმენტში წერია, რომ იუკურიძემ სკოლის ეზოში გააკეთა ღორღის საფუძველი, გრუნტის სამუშაოები, რკინა-ბეტონის სამუშაოები, მოსაპირკეთებელი სამუშაოები, გარე სპორტული მოედნის სამუშაოები, დააგო დეკორატიული ფილები, ნიადაგი მოამზადა და მიწა შემოიტანა. 

მიუხედავად ამისა, მერია მაინც არ ჩანდა კმაყოფილი. 5 თვეში ახალი ტენდერი გამოაცხადეს, რათა პროექტი საბოლოოდ დასრულებულიყო. ამჯერად კანდიდატებისგან 2 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოებს კი აღარ ითხოვდა, არამედ 1 მილიონიც საკმარისი გახდა. პირველივე ტენდერში გამოავლინეს გამარჯვებული, შპს “გზები და კეთილმოწყობა.” მას  დემონტაჟის, მიწის სამუშაოები, ბეტონის გზისა და ბილიკის მოწყობა, ხელოვნური ბალახის დაგება, ლითონის კონსტრუქციის და ბაღის შეღებვა, საყრდენი კედლების, პანდუსის, კიბის გაკეთება, კიბის საფეხურებისა და გვერდების მოპირკეთება, დეკორატიული ფილების დაგება, საბავშვო მოედნისა და ამფითეატრის გაკეთება, სკოლის ეზოს გამწვანება და გარე განათების მოწყობა დაევალა. ამაში მერია 364,500 ლარს იხდის. 

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული შპს “გზები და კეთილმოწყობაა,” სამუშაოებს კვლავ რევაზ იუკურიძე ასრულებს. ის, ვინც პირველ ცდაზე გამიზნულად თუ უნებლიედ ჩაფლავდა. 

სტეფანწმინდაში ყოფნისას სკოლაში მივედით. გვაინტერესებდა რა ეტაპზეა მიმდინარე სამუშაოები. სკოლის დირექტორმა მუშების ზედამხედველი გაგვაცნო, რომელიც თავად რევაზ იუკურიძე აღმოჩნდა. იუკურიძეს ვკითხეთ, რატომ გააგრძელებინა ახალმა კომპანიამ მისი დაწყებული და ჯერაც გაუკეთებელი საქმე. “ამათ რომ მოიგეს, მე დამიძახეს და მომიყვანეს. ისევ შენ გააკეთე სჯობსო. მე უფრო ვიცი რა არის გაკეთებული და რა უნდა გაკეთდეს,”- გვეუბნება იუკურიძე. 

სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს მერიის წარმომადგენლებიც აკვირდებიან ხოლმე. ამ ფაქტს მუნიციპალიტეტის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტო-მასალასთან ერთად სკოლის დირექტორიც გვიდასტურებს. “ჩემთან კონტაქტი აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, ვინც კურირებს ამ სამუშაოებს. ის ბიჭები ნამდვილად სულ მოდიან და აკონტროლებენ. გუბერნატორიც მოდიოდა ხოლმე,“- ამბობს დიანა ქვიშაშვილი. 

ყაზბეგის მერთან გასაუბრების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ,  მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის უფროსს, ჯემალ სუჯაშვილს შევხვდით. თემა დეტალურად ვერ გაიხსენა და ჩვენც უპასუხოდ დაგვტოვა. “არქიტექტურულ პროექტებზე მე ვარ პასუხისმგებელი. ბევრი ინფორმაცია მაქვს მისაღები, აი, ეგრე დეტალებში რომელ რიცხვში, რომელი სამუშაოები დაიწყო, ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ.“

skola 13 scaled
სკოლის ეზო

სკოლის ეზო საბოლოოდ დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადამ კვლავ გადაიწია. როგორც რევაზ იუკურიძემ თქვა, შესაძლოა, კიდევ დაემატოს რაიმე გასაკეთებელი, მაგრამ მას ცვლილებების საერთოდ არ ეშინია. მეტიც, მერის კეთილგანწყობის იმედი ყოველთვის აქვს. “თვითონ მერმა იცის საქმე ძალიან კარგად. იმიტომ რომ არქიტექტორია და როცა მასთან მივდივარ და ველაპარაკები, ჩემსას ყველაფერს იგებს და ადვილად ვწყვეტთ რამეს, თუ გადასაწყვეტია,“ – გვითხრა იუკურიძემ.

მერის კეთილგანწყობის იმედი რომ აქვს და მერიამ რომ იუკურიძეს სასათბურე პირობები შეუქმნა, სწორედ ამაზე წერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როცა გულისხმობდა, რომ მერია მოქმედებდა არა მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესობას ანიჭებდა მიმწოდებელს. 

fnf photo

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
უბავშვო საბავშვო სკვერები
skverebi

უბავშვო საბავშვო სკვერები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share