fbpx
temida 1024x525 1

როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 1

“სასამართლოს მართავს ჯგუფი, რომელიც ღირებულებების მეორე მხარეს დგას. ეკლესიას რომ ეშმაკები მართავდნენ, დაახლოებით იგივეა. ეშმაკი რომ მღვდელს შეარჩევს, წარმოგიდგენიათ? სასამართლო არის ღირებულებების სისტემა. იქ უნდა იყოს სინდისი, იქ უნდა იყოს პატიოსნება, დამოუკიდებლობა და ესენი არიან ერთგულებაზე, კლანზე და დავალების შესრულებაზე ჩამოკიდებულები. ამიტომ, ჩვენ გვაქვს უკუღმართი სისტემა, რომელიც კანდიდატებს არჩევს უკუღმართი ღირებულებებით,” – კახა წიქარიშვილი, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელი. 

2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. ევროპელებს დავპირდით, რომ 2018 წლის ბოლომდე სასამართლოს დამოუკიდებელს გავხდიდით, მოსამართლეებს კი ჭეშმარიტად თავისუფლებს. 7 წლის თავზე დასავლელი პარტნიორები სასამართლო რეფორმას გვიწუნებენ. 

წუნის პოვნა რომ ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ, ამას ჩვენი სტატიიდანაც შეიტყობთ, თუ აქამდე არაფერი გსმენიათ ქართველი თემიდას გასაჭირზე. 

ევროპელებისთვის მიცემული პირობის თანახმად, 2018 წლის ბოლომდე უნდა გადაგვეჭრა სასამართლო სისტემის შემდეგი პრობლემები: 

  • მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არაეფექტური სისტემა;
  • მოსამართლეთა დაწინაურების ბუნდოვანება;
  • მოსამართლეთა სიმცირე და საქმეებით გადატვირთვა;
  • საქმეების შემთხვევით, ელექტრონულად განაწილების არარსებობა.

ქართული სასამართლოს ეს მანკიერებები ჩამოთვლილია “სასამართლო სისტემის 5-წლიან სტრატეგიაში” და 2017-18 წლის სამოქმედო გეგმაშიც, რომელიც თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შექმნა, ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ევროკავშირისთვის თავის მოჩვენება იყო. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” კვლევით, 2017 წელს დაგეგმილი 92 აქტივობიდან, 2020 წლისთვის მხოლოდ 35 შესრულდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და სასამართლო ხელისუფლებაც ძალიან უდიერად ეკიდებოდა ამ მექანიზმს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, რამე ფუნდამენტური ცვლილება გაეტარებინა. კონკრეტული აქტივობები უბრალოდ მონიშვნისთვის კეთდებოდა, თითქოს, ეს ვალდებულება შეასრულეს,” – გვიხსნის “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, გურამ იმნაძე.

როგორ ვირჩევთ მოსამართლეებს?

სასამართლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოსამართლეების პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე დგას. წესით, მოსამართლეებს ორი თვისების, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე უნდა ვირჩევდეთ. ასე წერია საერთო სასამართლოების შესახებ კანონშიც. კეთილსინდისიერება პროფესიული სინდისით, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციით, ქცევით, დამოუკიდებლობით, მიუკერძოებლობით, სამართლიანობით და ფინანსური ვალდებულებებით ფასდება. კომპეტენტურობა კი სამართლის ნორმების ცოდნით, აკადემიური მიღწევებით, წერის, ზეპირი კომუნიკაციის და დასაბუთების უნარით.

“კანონმა, საბედნიეროდ, ძალიან დეტალურად დაწერა, რას ნიშნავს კეთილსინდისიერების კრიტერიუმი და ეს ჩამონათვალი იმდენად დეტალურია, რომ მართლა ღირსეული ადამიანი უნდა იყოს მოსამართლე. მართლა ისეთი, არავის გავლენებს რომ არ დაექვემდებარება,” – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა. 

კანონში კი გვიწერია, თუმცა რეალურად, ვინ და რის საფუძველზე არჩევს ახალ კადრებს სასამართლოსთვის, ამის შესახებ ყოფილ მოსამართლეებს ვკითხეთ. მათი თქმით, ვაკანსიები კი ცხადდება, მაგრამ კადრები წინასწარ ჰყავთ შერჩეული, იმის მიხედვით, ვინ უფრო კეთილგანწყობილი იქნება სასამართლოს მმართველი ჯგუფის, ე.წ. კლანის მიმართ. ამბობენ, რომ ხშირად კომპეტენტურ იურისტებს კონკურსზე განაცხადის შეტანის სურვილიც არ აქვთ, რადგან იციან, პროფესიულ თავისუფლებას არავინ დაჰპირდება:

პირველ და მეორე ინსტანციებში, მოთხოვნაა შესაბამისი ასაკი, დიპლომი და აუცილებლად უნდა გქონდეს დამთავრებული იუსტიციის უმაღლესი სკოლა. ამ სკოლაში სასამართლოს გარედან არ ხვდებიან, ყოველთვის იღებენ იმ პირებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის არიან მისაღები. არასასურველი პირი ამ სისტემაში ვერ შეაღწევს, როგორი განათლებაც უნდა ჰქონდეს მიღებული, როგორი კვალიფიციური და კეთილსინდისიერიც უნდა იყოს,” – გვითხრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია ქუთათელაძემ.

“ეს ხომ რეალურად თავისუფალი სპეციალობაა და წარმოიდგინეთ, იმის შეთანხმებასაც რომ მოგთხოვენ, სასამართლოს არჩევნებში ხმა ვის მისცე, რაზე ამოიღო ხმა და რაზე არა. რა თქმა უნდა, ეს თავისუფალი პროფესიის მოყვარული ადამიანებისთვის სულაც არ არის მიმზიდველი,” – ამბობს “მოსამართლეთა ერთობის” დამფუძნებელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე. 

მოსამართლეებს რომ მათი კვალიფიკაციის მიხედვით არ ირჩევენ, ამას თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც გვიდასტურებს. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა. ყოფილი მოსამართლის თქმით, სასამართლოში იშვიათად ხვდებიან ადვოკატები, თავისუფალი იურისტები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ამის მიზეზი ის არის, რომ იმ პირებს, ვინც კადრებს საგულდაგულოდ არჩევს, სასამართლოში ნამუშევარი, მათთვის სასურველი და ერთგული კადრი ურჩევნიათ. ასეთების მისაღებად კი გასაუბრებაზე განსხვავებულ კითხვებსაც სვამენ. 

“დანიშვნები ჩაბარებული აქვს ერთ ადამიანს, ის ერთი ადამიანი მიხეილ ჩინჩალაძეა. მის გარეშე არაფერი ხდება, სასამართლო სისტემის რუხი კარდინალია. მათთვის სასურველი კანდიდატებისთვის სვამენ ჩვეულებრივ შეკითხვებს, რომელზეც თავისუფლად შეუძლიათ საუბარი, ხოლო არასასურველი კანდიდატებისთვის, აშკარად განსხვავებული შეკითხვებია, რთულად გასაცემი, ან შენს აზრს გეკითხებიან, მაგალითად, პოლიტიკაზე,” – ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. 

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილიც მონაწილეობდა. გვიყვება, რომ კანდიდატებს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით კი აფასებდა, მაგრამ ეს საბჭოს სხვა წევრებთან სიტყვიერი დაპირისპირების, ჩხუბის და აყალ-მაყალის ფასად უჯდებოდა. არც კონფიდენციალობას იცავდნენ და კანდიდატმა იცოდა, ვინ რა შეფასება დაუწერა: 

“როცა უარყოფითი შეფასება დავწერე და მივუთითე, რომ კანდიდატი არ აკმაყოფილებდეს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რბილად რომ ვთქვათ, შემოტევების ობიექტი გავხდი მათი მხრიდან. ვინც შევაფასე, ის ჩემთან ჩხუბობდა, არ მოეწონა შეფასება. ეს იყო სერგო მეთოფიშვილი, პირდაპირ მაგიდაზე დაყარა ფურცლები, ძალიან აგრესიულად დაიწყო ლაპარაკი ჩემთან და სხვებიც აყვნენ. ასეთი არანორმალური პროცესები იყო მუდმივად.”

ბოლო 10 წლის განმავლობაში, სულ 18 კონკურსი ჩატარდა. ჯამში მოსამართლეობის სურვილი 1,157 კანდიდატს ჰქონდა. ყველაზე მეტი – 131 კანდიდატი 2016 წლის მაისში დარეგისტრირდა. ამის შემდეგ მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2021 წლის მარტში კი კონკურსზე მხოლოდ 17 განაცხადი იყო. 

2013-2020 წლებში, კონკურსებში დარეგისტრირებული 904 კანდიდატიდან, დაინიშნა მხოლოდ 279 მოსამართლე. ყველა მათგანი მოქმედი/ყოფილი მოსამართლეები ან  იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები იყვნენ. 

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებზე კანდიდატებთან გასაუბრებები გამჭვირვალე პროცესია,  ვიდეოჩანაწერებს აკეთებენ და შემდეგ “იუთუბზეც” ტვირთავენ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ხელს არ უშლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, კონკურსები ისე ჩაატაროს, როგორც უნდა. ნაზი ჯანეზაშვილი გვიყვება, რომ კლანის წევრები უსამართლო გადაწყვეტილებებს გამჭვირვალობის შემთხვევაშიც თამამად იღებენ. 

“დამსწრეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და დააკვირდეს პროცესს ცოცხლად, მაგრამ შინაარსობრივად ეს არ ნიშნავს არაფერს. წლებია ასე ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. კლანური მმართველობა უნდა დაიშალოს, ესაა გამოსავალი. პროცედურები იმისთვის გვჭირდება, რომ ამ ადამიანებს გავუზარდოთ ანგარიშვალდებულება. მოხელეს, თანამდებობის პირს უნდა შერცხვეს ცუდი გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ეს ღიაა, ხალხი ხედავს. იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებს არ რცხვენიათ,” – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. 

მსგავსი პრობლემებით მიმდინარეობს უკვე მოქმედი მოსამართლეების დაწინაურებისა და თავიდან დანიშვნის პროცესიც. ამ ამბავზე ჩვენი გამოძიების შემდეგ ნაწილში უფრო ვრცლად მოგითხრობთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ვიცით „ენკას“ შესახებ?
enka

რა ვიცით „ენკას“ შესახებ?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share