fbpx
nebartvebi

ვინ და როგორ გასცემს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების აშენების ნებართვებს?

2014 წლის მაისში ხულოს ორი სოფლის, ღურტას და იაკობიძეების ცამეტმა მკვიდრმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა. ისინი “შუახევიჰესის” მშენებლობის ნებართვის გაბათილებას ითხოვდნენ. სამი წლის შემდეგ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროში ჰესი კიდეც ააშენეს და მისმა გვირაბებმა ჩამონგრევაც მოასწრო.  

მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სააგენტოს არაფერი დაუშავებია, მას კანონი აძლევდა უფლებას, მშენებლობის ნებართვა ისე გაეცა, საჭირო დოკუმენტაცია არ მოეთხოვაო. ეს გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები, როცა დასამუშავებელია დიდი მოცულობის დოკუმენტები, მცირე დროში ჩასატარებელია მასშტაბური სამუშაოები და ნებართვის გაცემამდე ვერ ესწრება. ეს ჩანაწერი ზოგადია და მისი ისე გამოყენების საშუალებას იძლევა, როგორც ინვესტორსა და მთავრობას გაუხარდება. 

სააგენტომ ეს კანონი მოირგო და “შუახევიჰესის” მშენებლობას მწვანე შუქი ისე აუნთო, რომ საინჟინრო-გეოლოგიურ, ტექნოლოგიურ და კონსტრუქციულ კვლევებზე საექსპერტო დასკვნები  არ არსებობდა. ამ ფონზე, გასაკვირი არ იყო, რომ 2017 წლის აგვისტოში, ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში, ჰესის ორი გვირაბი ჩამოიშალა. გვირაბები სულ რვა ადგილას დაზიანდა. ოფიციალურად, ავარია ასე ახსნეს: “გეოლოგიურმა ქანებმა ისეთი თვისებები გამოავლინა, რაც არ იყო პროგნოზირებადიო.”

არადა,  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უნდა იყოს გარანტი, რომ ქვეყანაში არ აშენდება და არ იმუშავებს არაფერი ისეთი, რომელიც ზიანს მოუტანს ადამიანებს, მათ ჯანმრთელობას, საკუთრებას და გარემოს. 

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 2012 წელს შეიქმნა. ის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, დირექტორსაც ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. დაარსებიდან დღემდე, სააგენტოს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 12.8 მილიონი ლარის დაფინანსება.

Chart 02 1

მათგან 18-ს აქვს მაკონტროლებლის როლი, რადგან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოში მუშაობენ. ნებართვების გაცემაზე პასუხისმგებელია 12 თანამშრომელი. დანარჩენი 13 პირი კი ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საკითხებს აგვარებს. სააგენტოს უფროსია გიორგი გეჯაძე, რომელსაც ჰყავს ერთი მოადგილე – ანა ბუტულაშვილი. 

საქართველოში აშენებული თუ მშენებარე ობიექტები მოწმობს, რომ სააგენტო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მაინც შენდება უკანონო, ადამიანებისთვის და გარემოსთვის საფრთხისშემცველი პროექტები, რომელსაც საპროტესტო აქციები და ქვეყანაში დაძაბულობაც მოჰყვება ხოლმე. “შუახევიჰესი” არ არის ერთადერთი პროექტი, რომლის ნებართვაც სააგენტომ მწირი დოკუმენტაციის საფუძველზე გასცა. ხმაური და არეულობა მოჰყვა, მაგალითად, წყალტუბოში “ნამახვანჰესის”, ხადას ხეობაში კობი-ქვეშეთის გზის, ბათუმში ზღვისპირა ცათამბჯენების, “რივიერა ბათუმის” პროექტებს. 

პროტესტი ხან შედეგსაც გამოიღებს და მშენებლობები ჩერდება, ხან კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჯიუტობს, პროექტებს არ ცვლის და ისე ხდება, “ურემი რომ გადატრიალდება, გზა მერე გამოჩნდებაო”.

სტატიაში მოგიყვებით, რა ევალება და რეალურად რას (არ) აკეთებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. რის საფუძველზე და რა სიხშირით ამოწმებს ობიექტების უსაფრთხოებას, გაიგებთ მისი არასახარბიელო მუშაობის პრაქტიკაზე, თუ როგორ გასცემს მშენებლობის ნებართვებს მწირი დოკუმენტაციის და არასანდო კვლევების საფუძველზე.

არადა, სააგენტოს მთავარი ფუნქცია სწორედ ესაა – გასცეს მშენებლობის ნებართვები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშენებელი (იგივე ნებართვის მაძიებელი) დოკუმენტურად დაამტკიცებს, რომ კანონით მოთხოვნილი აუცილებელი პირობების შესრულება შეუძლია.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ნებართვის გაცემის შემდეგაც არ უნდა მოდუნდეს. მისი მოვალეობაა გააკონტროლოს, იცავენ თუ არა ამ პირობებს მშენებლები. თუ ასე არ არის, მათ პრობლემის მოგვარება უნდა მოსთხოვოს, ზოგჯერ დაუყოვნებლივ, ზოგჯერ – კონკრეტული ვადებში. თუ მაინც არაფერი გამოსწორდა, სააგენტოს შეუძლია ობიექტი დააჯარიმოს, დააკისროს საურავი ან მშენებლობის პროცესი შეაჩეროს კიდეც. 

ნებართვები არასაკმარისი დოკუმენტაციის საფუძველზე 

  1. როგორ გაიცა “შუახევიჰესის” აშენების ნებართვა 

ხულოს და შუახევის ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე “შუახევიჰესის” მშენებლობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ინფრასტრუქტურული პროექტია. ადგილობრივებმა, გარემოსდამცველებმა და  სეისმოლოგებმა მის უსაფრთხოებაში ეჭვი თავიდანვე შეიტანეს, რადგან მშენებლობის ნებართვა მწირი დოკუმენტაციით გაიცა. ეჭვი საფუძვლიანი აღმოჩნდა. ექსპლუატაციიდან ორ თვეში “შუახევიჰესის” ორი გვირაბი ჩამოინგრა. 

2013 წლის 31 ივლისს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ “აჭარისწყალ ჯორჯიაზე” ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა იმ პირობით, რომ მშენებელი კომპანია ნოემბერში წარმოადგენდა სრულყოფილ საპროექტო დოკუმენტაციას და საექსპერტო დასკვნას ტექნოლოგიურ, სანჟინრო-გეოლოგიურ და კონსტრუქციულ ნაწილზე.

IMG 0413 1024x683 1
“შუახევიჰესის” გვირაბი ჩამონგრევის შემდეგ (Batumelebi.netgazeti.ge)

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” დაადგინა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას, სააგენტოს ხელთ არ ჰქონია ქართულ ენაზე დაწერილი არც ერთი დოკუმენტი. ხოლო რაც უცხოურ ენაზე მოიპოვებოდა, არც ის იყო სრულყოფილი. არასახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტების განხილვა და წარმოებაში მიღება, არაკანონიერი ქმედებაა. ამით, სააგენტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც დაარღვია. 

მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, სააგენტოს ევალებოდა, რომ მოეწვია სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ გაერკვია მათი პოზიციები. “საიას” გამოთხოვილი მასალებიდან დგინდება, რომ ნებართვის გაცემამდე, მათ არც ეს გაუკეთებიათ. 

ნებართვის გაცემიდან სამ თვეში “აჭარისწყალი ჯორჯიამ” ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგინა ორი დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი სეთურიძის და ედიშერ კაცაძის მიერ მომზადებული დასკვნა. გიორგი სეთურიძე წერდა, რომ გეოტექნიკური და გეოლოგიური კვლევები აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და დასკვნაში მითითებული შენიშვნები არ იყო არსებითი ხასიათის. ექსპერტი ედიშერ კაცაძე კი თავის დასკვნაში მწვავედ აკრიტიკებდა კვლევებს, რომელიც “აჭარისწყალის” დაკვეთით, ბრიტანულმა “მოთ მაკდონალდსმა” ჩაატარა. 

გეოტექნიკურ და გეოლოგიური კვლევების საექსპერტო დასკვნაში ეწერა, რომ არ იყო შესწავლილი  გეოლოგიური საფრთხეები, ჰესის მიმდებარედ იყო მეწყერსაშიში ზონა და გვირაბი გაივლიდა “ძალიან ცუდ ქანებში.” ამის მიუხედავად სააგენტომ “შუახევიჰესის” მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა. 

“გვირაბის გაყოლებაზე მეოთხეული ნალექების მნიშვნელოვანი სიღრმის გამო, ქანების ძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს ქანების გახეთქვა და გასკდომა… გაბურღული ქანების 75%  პროცენტი იყო ძალიან ცუდი ან ცუდი, მხოლოდ 20% იყო დამაკმაყოფილებელი და 5% კარგი ხარისხის,”- წერია ექსპერტ ედიშერ კაცაძის დასკვნაში. 

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ფაქტობრივად, გააფრთხილა აჭარის ა/რ-ის გარემოს დაცვის სამინისტრომაც. მათ სააგენტოს მისწერეს, რომ გზშ არ იყო სრულყოფილი, მომეტებული საფრთხის წყაროებზე არ ჩატარებულა არც ერთი აგეგმვითი და საძიებო სამუშაოები, ხოლო რღვევების და მეწყრული პროცესების ადგილას არ არის გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები. 

თვითონ “აჭარისწყალის” დაქირავებული “მოთ მაკდონალდსიც” წერდა გზშ-ში, რომ სხალთის გვირაბში აგეგმვითი და საძიებო სამუშაოები არ ჩატარებულა. ხოლო დიდაჭარის გვირაბის ტერიტორიაზე იყო რღვევები, რაც მშენებლოს დაწყების კარგ საფუძველს არ ქმნიდა. 

“საია” 2014 წლის მაისში ხულოს ორი სოფლის მოსახლეობის სახელით ითხოვდა “შუახევიჰესის” მშენებლობის ნებართვის გაბათილებას. თუმცა, საქმე სამი წლით გაჭიანურდა. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2017 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო და თქვა, რომ სააგენტოს კანონი არ დაურღვევია. 

სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილებაც რომ მიეღო, აზრი არ ექნებოდა, რადგან ამ დროს “შუახევიჰესი” უკვე აშენებული იყო. 

გარემოსდამცველი ნინო გუჯარაიძე ფიქრობს, რომ კანონის ამ ჩანაწერს სააგენტო ბოროტად იყენებს მაშინ, როცა კონკრეტული პროექტის დაწყება პოლიტიკურად ან კომერციულად აწყობს. 

“რაღაც კონკრეტული კვლევა შეიძლება იძლეოდეს საშუალებას, რომ მოგვიანებით წარადგენინო, მაგრამ ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მთელი დოკუმენტაცია არის პოსტფაქტუმ წარსადგენი. მაგალითად, ქსანი-სტეფანწმინდას 500-კილოვატიან გადამცემ ხაზზე პროექტიც კი არ არსებობდა, არ არსებობდა კვლევები და ნებართვა იყო გაცემული. ჩანაწერი იძლეოდა ლავირების საშუალებას, მაგრამ სააგენტოც ცუდად სარგებლობს ამ რეგულაციით,” – ამბობს ნინო გუჯარაიძე.

“საიასთან” დავისას სააგენტო და “აჭარისწყალი ჯორჯია” სასამართლოს სთხოვდნენ, არ შეეჩერებინათ ჰესის მშენებლობა, რადგან მასში 400-მილიონიანი ინვესტიცია იყო ჩადებული, ნებართვის გაბათილება კი კომპანიის ფინანსურ დანაკარგებს მოუტანდა. 

“ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ნებართვების შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ენერგოდამოუკიდებლობას და გააუარესებს საინვესტიციო აქტივობას შეუქცევადად,” – წერია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შუამდგომლობაში. 

“საიამ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციოში ეს საქმე ჯერაც არ განუხილავთ. 

178 მგვტ-იანი “შუახევიჰესის” მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. მუშაობა კი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო. დაგეგმილი იყო, რომ “შუახევიჰესისგან” წლიურად 450 მილიონ კვტ/საათ ენერგიას მივიღებდით, ახლა ობიექტი ამის თითქმის ნახევარს აწარმოებს.

2017-ში “შუახევი ჰესმა” მხოლოდ 3.2 მლნ კვტ/საათის გამომუშავება მოასწრო, გვირაბების ავარიის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო 2018 და 2019 წელს ჰესისგან ელექტროენერგია საერთოდ არ მიგვიღია, 2020 წელს 258, 2021-ში კი 274 მლნ კვტ/საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა

“მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ დაგეგმილ და გამომუშავებულ ენერგიას შორის სხვაობა დასაშვებია, მაგრამ არა ამ მასშტაბის. 

“ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გათვალე, ან მცდარი ინფორმაცია მოგაწოდეს მდინარის წყლის ხარჯზე.  ან თვითონ ჰესს აქვს ტექნიკური პრობლემები, ან შესაძლოა გარეფაქტორი იყოს კრიპტოვალუტის დანადგარები, რომელიც მოიხმარს დიდი რაოდენობით ელ.ენერგიას,”- გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ჭიპაშვილი და ამატებს, რომ დაგეგმილზე ნაკლები გამომუშავება  ახალაშენებული ჰესების უმრავლესობას ახასიათებს.  

“შუახევიჰესის” პირდაპირი ზემოქმედების არეალში ხულოს 48 სოფელია მოქცეული. მოსახლეობა წუხს, რომ ჰესის აშენების შემდეგ სასმელი და სარწყავი წყალი გაქრა, გააქტიურდა მეწყრული პროცესები, გახმა წიწვოვანი ხეები, დაიწყო ქვათაცვენა და სახლებს გაუჩნდა ბზარები. მოსახლეობა თავს დაცულად არ გრძნობს და თუ აქ დარჩენის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებათ, ადგილიდან განსახლება სურთ.

“იმ ფერდობზე, სადაც გვირაბი აშენდა, ყველა წყარო დაშრა. ადგილზე პირუტყვი ბალახობს, საძოვრები გვქონდა, მაგრამ წყალი არც ერთ საძოვარზე აღარ არის და ფაქტობრივად, ვეღარ ვსარგებლობთ. იყო ქვათაცვენის და მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევებიც. ბოსელს დაეჯახა ერთხელ, მეორეჯერ კიდე ბოსელს დაეჯახა, მესამედ ეზოში ჩამოვიდა დიდი ქვა,” – გვითხრა სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრებმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

წყაროების უმრავლესობა გაქრა ყინჩაურშიც. არადა, ადგილობრივის თქმით, სოფელი უხვწყლიანი იყო და ყველა მოსახლეს თავისი წყაროს წყალი ჰქონდა. ირაკლი ირემაძე გვიყვება, რომ სახლი გადაიხარა, ეზოში კი ქვა რამდენჯერმე ჩამოვარდა:

“ხის ორსართულიანი სახლი მაქვს და ვატყობ, რომ სამზარეულოს უჯრა, მაცივრის კარი, სახლის და ოთახის კარები თავისით იღება, დახრა აქვს ერთ მხარეს ეტყობა. მანქანა მეყენა ეზოში, ქვამ შეანგრია, ხო შეიძლებოდა ბავშვი ყოფილიყო ეზოში… ეს მოხდა არაერთხელ.”

  1. როგორ გაიცა კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობის ნებართვა

რუსეთისკენ მიმავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი არის კიდევ ერთი ხმაურიანი პროექტი, რომელსაც მთის მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა. ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, რომელმაც ხადას უნიკალურ ხეობაზე უნდა გაიაროს, განსაკუთრებით  ბუნებას და კულტურულ მემკვიდრეობას ემტერება

პროექტი საფრთხისშემცველია ისტორიული საკულტო ნაგებობებისთვის, არქეოლოგიური ძეგლებისთვის და ბიომრავალფეროვნებისთვის. მიუხედავად საზოგადოების და სპეციალისტების კრიტიკისა, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება

khada 1 1024x576 1
ხადას ხეობის მცხოვრებლების პროტესტი

ამ სადავო პროექტშიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელი ურევია. ჟინვალი-ლარსის საავტომობილო გზის კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობის ნებართვა სააგენტომ 2019 წლის 6 ნოემბერს გასცა. თანაც ისე, რომ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაზე საექსპერტო დასკვნები წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ დოკუმენტების მოსამზადებლად, სააგენტომ მშენებელ კომპანიას ნებართვის გაცემიდან ორი თვე მისცა. 

კობი-ქვეშეთის მონაკვეთი, როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა, მე-4 კლასის შენობა-ნაგებობას მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში კი კანონი გვეუბნება, რომ მშენებლობის ნებართვის გასაცემად, საჭიროა არსებობდეს არქიტექტურული პროექტი, ტექნოლოგიური სქემა, სამშენებლო პროექტი და მასზე დაწერილი საექსპერტო დასკვნა. 

“მშენებლობის ნებართვის გამცემი, სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებულ ობიექტზე უარყოფითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ,”- წერია კანონში.

კობი-ქვეშეთის შემთხვევაში, არათუ უარყოფითი ან დადებითი, სავალდებულო საექსპერტო დასკვნები საერთოდ არ არსებობდა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ სამშენებლო ნებართვა მაინც გასცა. 

ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი გვეუბნება, რომ ხადას ხეობა უნიკალური ლანდშაფტია, რომელიც ხელუხლებელი უნდა იყოს. აქ მაგისტრალური გზის გაყვანა კი მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას შეუქმნის საფრთხეს. 

“ამ ლანდშაფტში მოიაზრება არა მხოლოდ საოცარი ბუნება და ხედები, არამედ ამ ადამიანთა ცხოვრების წესი, ტრადიციები, პოეზია, სამშენებლო ხელობის ცოდნა, რომელიც დღემდე ცოცხალია. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით დახუნძლული ხეობა. ყველა ეპოქის ფენებია და მომავალ თაობებს უნდა შეუნარჩუნო,” – ამბობს მიზანდარი. 

3. როგორ გაიცა “რივიერა ბათუმის” ნებართვა

“არა ბათუმის ჩაბეტონებას”, “ნუ მპარავ მზეს” – ამ ტრანსფარანტებით დგანან საპროტესტო აქციებზე ბათუმელები, რომლებსაც ზღვის სანაპიროზე ახალი მაღალსართულიანი შენობების ხილვა არ სურთ.

“სილქ როუდ ჯგუფის” შვილობილი კომპანია “რივიერა ბათუმი” გეგმავს, რომ ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენი ააშენოს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი – 56, ყველაზე დაბალი კი 26-სართულიანი იქნება. ხუთიდან ერთი ცათამბჯენის, “სილქ თაუერის” მშენებლობის ნებართვა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2019 წლის ბოლოს გასცა. იქამდე კი “ბათუმი რივიერას” განაშენიანების რეგულირების გეგმა ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა

მშენებელ კომპანიას არც ერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში) და სგშ (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება). 

“ბათუმი რივიერამ” დაიქირავა იურიდიული მრჩეველი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომპანიას გზშ-ს მომზადება არ ევალებოდა, რადგან საკრებულომ განაშენიანების გეგმა განკარგულებით დაამტკიცა და არა დადგენილებით. გზშ კი სავალდებულო დოკუმენტი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ დადგენილებას გამოსცემდნენ. ეს ტყუილია, რადგან საკრებულომ ნამდვილად დადგენილება გამოსცა და შესაბამისად, გზშ-ც უნდა მოემზადებინათ.

გამოდის, “ბათუმი რივიერამ” შეცდომაში შეიყვანა ეკონომიკის სამინისტროც, ბათუმის საკრებულოც და გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარებას თავი განზრახ აარიდა. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ კი ვერ გამოარკვია, რა იყო სიმართლე და კომპანიას გზშ-ს მომზადება სულ ტყუილად არ მოსთხოვა.

პროტესტი “რივიერა ბათუმის” წინააღმდეგ

საბოლოოდ, ზღვისპირა ზოლში ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა ისე გაიცა, რომ არავის შეუსწავლია მისი გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, ადამიანების ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. მითუმეტეს, რომ “რივიერა” ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში შენდება. 

გასული წლის იანვარში ცამეტმა ბათუმელმა აქტივისტმა და ა(ა)იპ “ბათომმა” “რივიერა ბათუმის” ერთ-ერთი ნაგებობის, “სილქ თაუერის” მშენებლობის ნებართვის გაუქმების მიზნით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. 

საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თუმცა, გასაჩივრების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ თქვა, საქალაქომ ხელახლა უნდა განიხილოს ეს საქმეო და სანამ გადაწყვეტილება არ იქნება ცბობილი, მშენებლობა დროებით უნდა შეჩერდესო. პირველი ინსტანციის მოსამარლე ციცინო როხვაძემ სააპელაციოს მითითებები არ გაითვალიწინა და მშენებლობის შეჩერებაზე ისევ უარი განაცხადა. “საიამ” და ბათუმელმა აქტივისტებმა ისევ გაასაჩივრეს, თუმცა ამჯერად საქმე სხვა მოსამართლის ხელში ჩავარდა და გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი გიორგი ანთაძე გვეუბნება, რომ სააპელაციოს მითითებებს საქალაქო სასამართლო 100-დან 95 შემთხვევაში ითვალისწინებს. თუმცა, ციცინო როხვაძე გამონაკლისი აღმოჩნდა და პოზიცია არ შეიცვალა. 

“დიდი დაინტერესებაა ამ საქმეში, რამაც, სავარუდოდ მნიშვენლოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმის ამგვარ გადაწყვეტაში,” – ამბობს ადვოკატი. 

“სილქ თაუერის” მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, მიმდინარეობს წინასამშენებლო სამზადისი. სამშენებლო არეალის მეზობლად მცხოვრები სალომე ცეცხლაძე გვიყვება, რომ ტერიტორია შემოსაზღვრულია, იცავს დაცვის სამსახური და მშენებლობის დასაწყებად საჭირო ღონისძიებებს ატარებენ. ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წინააღმდეგ დაწყებული საქმის ერთ-ერთი მოსარჩელეა. 

“ეს ფუსფუსი ნიშნავს, რომ წინასამშენებლო სამზადისში არიან, მათ შორის დასვენების დღეებშიც არ ჩერდებიან. მოტანილია ხარაჩოები, ამწე მანქანებიც დგას, აბსოლუტურად ყველა სათადარიგო შენობა, სადაც იცხოვრებს მუშახელი, უკვე გამზადებულია,” – გვიყვება ცეცხლაძე. 

4. როგორ გაიცა “ნამახვანჰესის” მშენებლობის ნებართვა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ თავის სტილს არც “ნამახვანჰესის” შემთხვევაში უღალატა. 2020 წლის 22 აპრილს სააგენტომ სამშენებლო ნებართვა ისე გასცა, რომ დადებითი საექსპერტო დასკვნები, ჰესის შენობის არქიტექტურული პროექტი და გეოლოგიური კვლევები არ არსებობდა

DSC02362 1
ქუთაისის საპროტესტო აქცია “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ (ფოტო: Jam-news.net)

“ენკას” მშენებლობის ნებართვა რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მიეღო, სააგენტომ ყველა სახის გამონაკლისი დაუშვა. ნებართვა შემჭიდროვებულ ვადებში და იმ დათქმით გასცა, რომ კომპანია საჭირო დოკუმენტაციას ერთი წლის შემდეგ წარადგენდა. 

ანონით ეს დასაშვებია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს და არგუმენტებით დაასაბუთებს, რომ პროექტი მასშტაბურია, ბევრი სამუშაო უნდა ჩაეტარებინათ და მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ყველა კვლევის ჩატარება ამიტომ ვერ მოესწრო. 

თუმცა, “ენკას” ნებართვის გამარტივებული გზით გაცემა თვითონ არ მოუთხოვია, პირიქით, სააგენტომ იქეთ შესთავაზა, თქვენ წერილობით მოითხოვეთ და ჩვენ განვიხილავთ, ჯერ ნებართვა მოგცეთ და დოკუმენტები მერე წარმოადგინოთო. “ენკაც” ცხადია, ამ პირობას დათანხმდა. ეს პრაქტიკა კანონით დასაშვები არ არის. 

“ბუნდოვანია, რა საკანონმდებლო საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით მიმართავს ადმინისტრაციული ორგანო ამგვარი წინადადებით კერძო სამშენებლო სუბიექტს და რატომ ცდილობს გამარტივებული გზით გასცეს მშენებლობის ნებართვა მსგავსი მასშტაბის პროექტზე. აღნიშნული სამშენებლო რეგულაციების გვერდის ავლის ღია და დაუფარავ მცდელობას წარმოადგენს,” – ვკითხულობთ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშში, რომელიც სააგენტოს გაცემული სამშენებლო ნებართვის არაკანონიერებას ასაბუთებს. 

“ენკას” სააგენტომ კიდევ ერთი შეღავათი მისცა. ნება დართეს, რომ ინვესტორს დაენაწევრებინა ობიექტი, მოეპოვებინა ნებართვა ერთ რომელიმე მონაკვეთზე და დაეწყო მშენებლობა. შპს “ენკა რინიუებლზმა” სააგენტოში მხოლოდ სადერივაციო გვირაბის სამშენებლო დოკუმენტაცია წარადგინა და მისი აშენების ნებართვაც მიიღო. ეს იმ ფონზე, როცა საერთოდ არ არსებობდა კაშხლის სამშენებლო დოკუმენტაცია. 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრში” ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში, კანონმდებლობა ფორმალობად იქცევა და გამოდის, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წინასწარ აცხადებს თანხმობას, გასცეს საბოლოო მშენებლობის ნებართვაც.

H 1

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ძირითადად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით და მიზნობრივი გრანტებით. დამატებითი შემოსავალია თვითონ სააგენტოს სერვისებიც. მაგალითად,  თუ სააგენტოს სპეციალისტის კონსულტაცია გჭირდებათ, ერთჯერადად 50 ლარი უნდა გადაიხადოთ. ფასიანია მშენებლობის ნებართვების მიღებაც. რამდენს გადაუხდით სააგენტოს დამოუკიდებულია იმაზე, თუ რამდენ დღეში გსურთ ნებართვის მიღება და თქვენ თავად რა გიჯდებათ ობიექტის მშენებლობა.

მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სააგენტო 500-დან 2,000 ლარამდე იღებს. შენობა‐ნაგებობის ექსპლუატაციაში დაჩქარებულად მიღებისთვის კი 300- დან 1,000 ლარამდე უნდა გადაიხადოთ. 

სააგენტოს სწავლების მომსახურებაც აქვს. ინსპექტირების ორგანომ რომ აკრედიტაცია მოიპოვოს, 1 მსმენელისთვის 1-საათიანი სწავლება 50 ლარი ჯდება. იგივე საფასური აქვს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებთან  დაკავშირებულ სწავლებას. 

2020 წელს სააგენტომ 511 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მოსაკრებელით და 7,500 ლარი პირადი კონსულტაციებით. 2021 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

H 02

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ოთხი ქვედანაყოფი აქვს. 

  1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველო. 
  2. ადმინისტრირებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო; 
  3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; 
  4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველო. 

სააგენტოს მთავარი დანიშნულება ზედამხედველობაა. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით,  ზედამხედველობაში ორი რამ იგულისხმება – ნებართვების გაცემა კონკრეტული პირობებით და შემდეგ ამ პირობების შესრულების კონტროლი.

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვებისა და ზედამხედველობის სამმართველო ჯერ კონსულტაციას უწევს და შემდეგ გასცემს ნებართვებს ისეთ მშენებლებზე, რომელთაც სურთ ააშენონ მაგისტრალური საავტომობილო გზები, მილსადენები, წყალსადენები, გაზსადენები, პორტები, აეროპორტები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგურები ან სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.

ეს სამმართველო პასუხისმგებელია იმაზეც, რომ შეამოწმოს, სრულდება თუ არა პირობები, რის საფუძველზეც გასცა ნებართვა. 

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ინსპექტირებით დგინდება, შეესაბამება თუ არა კონკრეტული  ობიექტის საქმიანობა იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობით და  ტექნიკური რეგლამენტებით არის გაწერილი. ინსპექტირება ტარდება ორნაირად – ტექნიკურად, ანუ საქმიანობის ადგილზე შემოწმებით, ან დოკუმენტების კონტროლით. 

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირებებს ატარებს დამოუკიდებლად, ან ინსპექტირების ორგანოს დახმარებით, რომელსაც ამის უფლება აკრედიტაციით ენიჭება. სააგენტო ინსპექტირებებს ატარებს გეგმიურად და გამონაკლის შემთხვევაში, დაუგეგმავადაც.

თუ სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას აღმოაჩენენ, უნდა შეადგინონ სამართალდარღვევის ოქმი, ობიექტი დააჯარიმონ, თუ საჭიროა მშენებლობა დროებით შეაჩერონ და ხარვეზის გამოსწორებისთვის გონივრული ვადა მისცენ.

ტექნიკური ინსპექტირება ტარდება ფორსმაჟორისას, ავარიის დროს, უბედური შემთხვევებისას, როცა ადამიანი მნიშვნელოვნად დაზიანდება ან გარდაიცვლება. ასევე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ობიექტის პრობლემურ მუშაობაზე ან შესაძლო საფრთხის შესახებ სააგენტოში შეტყობინება შემოვა.

chart 1

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველია ისეთი ობიექტი, რომლის ავარიამ ან არასწორმა ექსპლუატაციამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.

მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს ამწე, ლიფტი, ესკალატორი, საბაგირო გზა, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, ნავთობბაზა, მაგისტრალური ნავთობსადენი ან გაზსადენი, კარიერი, მაღარო და ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები).

საზოგადოების ვნებათაღელვა ყველაზე ხშირად მოჰყვება უკანონო ნებართვებით აშენებულ ჰესებს. ამიტომ, დავინტერესდით, არსებობის დღიდან სულ რამდენი ჰესის მუშაობა შეამოწმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ.  

საქართველოს ენერგოსისტემაში სულ 100 ჰიდროელექტროსადგურია, მათგან ბოლო 10 წელში ექსპლუატაციაში შევიდა 5 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის 23 ჰესი. 

2015 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე მათ 15 ჰესზე 26 ინსპექტირება ჩაატარეს. ადრინდელი მონაცემები არ აქვთ, რადგან 2015 წლამდე ელექტრონული სისტემა არ არსებობდა და ვერ აღრიცხავდნენ.

ხუთჯერ შეამოწმეს ქვემო ნამახვანჰესის მშენებლობა, ინსპექტირებები ჩატარდა ასევე ცაგერში “ლაჯანურჰესზე”, ამბროლაურში “ლუხუნი-2-ზე”, მესტიაში “ნენსკრაჰესზე”, “შუახევიჰესზე”, “კინტრიშიჰესზე”, “კირნათიჰესზე”,  “რაჭაჰესზე”, “დარიალიჰესზე”, თბილისის ზღვის, ახალციხის და ასპინძის ჰესებზე,  ხობისწყალზე და ჩოხატაურში, გუბაზეულის ხეობაში მშენებარე ჰესზე, მდინარე ფარავანზე “აბულის” და “არაქალის” ჰესებზე. 

ინსპექტირებების ნახევარზე მეტი არაგეგმიურად ჩატარდა, დანარჩენი – პერიოდულობის გათვალისწინებით. სააგენტოს წარმომადგენლები ჰესებს, ძირითადად, ერთი ან ორდღიან მივლინებებით ამოწმებდნენ. 

ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტები ერთგვერდიანია. მასში წერია სააგენტოს ხელმძღვანელის რომელი ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შემოწმება, ვინ იყო ამ მიზნით მივლინებაში წასული და რა დროით. მითითებებში რამდენიმე წინადადებით არის აღწერილი ობიექტის შემოწმებისას აღმოჩენილი პრობლემები. თითქმის ყველა დოკუმენტში გვხვდება სტანდარტული ტექსტი, რომ დარღვევის გამოსასწორებლად ეძლევათ 45-დღიანი ვადა. ხოლო ამ მითითებას თუ არ შეასრულებენ, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” შესაბამისად. 

ეს გულისხმობს, რომ თუ ობიექტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მითითებას დადგენილ ვადაში არ შეასრულებს, მშენებლობა შეჩერდება და ან დაექვემდებარება დემონტაჟს. 

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2015 წლიდან მხოლოდ 11 მითითება გასცა, სანებართვო პირობების დარღვევის ან პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის გამო. 

“კირნათიჰესის” და “ხელვაჩაური -1”-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ნაკაშიძე გვიყვება, რომ მშენებლობისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობიდან 2-3 პირი ჩამოდიოდა, ხან რეკავდნენ, ხანაც მოულოდნელად მოვიდოდნენ და ამოწმებდნენ სამშენებლო პროცესს. კომპანია ისედაც გზავნიდა ანგარიშს სამინისტროში სამუშაოების შესახებ. თუმცა, ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ასეთი შემოწმებები არ ახსენდება. 

“აი, ფაქტი” ცდილობდა სააგენტოსთან ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა მათ პირდაპირ საუბარი არ ისურვეს და კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვეს. კითხვები გავგზავნეთ და პასუხს ველით. 

Danida UK rgb

სტატია მომზადებულია ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რა შეცვალა შუქრუთელებისთვის “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებამ?
1

Რა შეცვალა შუქრუთელებისთვის “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებამ?

შუქრუთში 10 ოჯახს შევხვდით, ყველას სახლი გადახრილი და დაბზარულია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share