fbpx
foti kanalizacia

ფოთში კანალიზაციას ადრე დაწუნებული კომპანიები აშენებენ

ავტორი: ელისო ჯანაშია

ფოთის წყალარინების სისტემას საბოლოოდ მაინც ის ევროპული და თურქული კომპანიები აშენებენ, რომლებიც 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში მთავრობამ დაიწუნა. მაშინ აზერბაიჯანულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც 9 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა, სამუშაოების მცირე ნაწილი გააკეთა, ფოთში გზებიც გადათხარა და ამ მდგომარეობაში მიატოვა. ფეკალური მასები კი დღესაც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება.

სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანიამ, შპს “აზერაგრარტიკინტმა” (OJSC Azeragrartikinti) გაიმარჯვა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 37 მილიონ დოლარს აჭარბებდა. კომპანიას სამუშაოების დასაწყებად 9.3 მილიონი ლარი ავანსის სახით თავიდანვე გადაურიცხეს.

პროექტის მიხედვით, ფოთში უნდა მოწყობილიყო საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი ნაგებობები. სამუშაოები 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

აზერბაიჯანელებმა სამუშაოები 2016 წელს დაიწყეს, ქუჩები გადათხარეს, მილები ჩააწყვეს და 5 თვეში დამკვეთმა კომპანიას ხელშეკრულება ცალმხრივად შეუწყვიტა. გადარიცხული საავანსო თანხიდან კომპანიას ამ ეტაპზე დახარჯული ჰქონდა მხოლოდ 159.6 ათასი აშშ დოლარი: 185 კმ სიგრძის ქსელიდან მოაწყო მხოლოდ 35 კმ., სატუმბ სადგურებსა და გამწმენდ ნაგებობაზე კი მუშაობაც არ ჰქონდა დაწყებული.

„მიწაში ჩადებული ყველა მილის ხარისხი უვარგისია, ასევე სადაოა მისი დაქანება, რომ თვითდინება მოხდეს. არასწორად დაგეგმვის გამო, პროექტის ეტაპობრივი შედეგი მიღწეული არაა და მხოლოდ მიწაში უხარისხოდ, არასწორად ჩაყრილი მილებია, რომელიც შესაცვლელია,“ – განაცხადა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიის“ მშენებლობისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტმა, ტარიელ ბებიამ 2016 წელს tspress-თან საუბრისას.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგეობის კომპანიის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავანსად მიღებული სატენდერო თანხა და კიდევ 605 ათასი აშშ დოლარის ოდენობის მიყენებული ზიანი აზერბაიჯანული კომპანიის საგარანტიო ბანკმა უკან დააბრუნა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ფოთში კანალიზაციის სისტემის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ თანხა აზიის განვითარების ბანკიდან (adb) ისესხა და ეს თანხა უკან გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან უნდა დაბრუნდეს.


სადავო ტენდერი

აზერბაიჯანული კომპანიისთვის ამ პროექტის გადაცემა თავიდანვე კითხვის ნიშნებით მოცული იყო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სულ 8 კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის, აზერბაიჯანული, თურქული, გერმანული და ესპანური კომპანიები.
ტენდერში მონაწილე ორივე თურქულ კომპანიას, რომელიც დამკვეთს გამარჯვებულ აზერბაიჯანელ კანდიდატზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა, კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო.

მაგალითად, „ატინაკი“ ქართულ მხარეს სამუშაოების შესასრულებლად, აზერბაიჯანულ კომპანიასთან შედარებით, თითქმის, 4 მლნ ლარით ნაკლებ თანხას სთავაზობდა. ეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილშიც ჩანს, რომელიც დღეს კომპანიის საიტზე უკვე აღარ იძებნება.

ტენდერიდან გამოთიშვა „ატინაკმა“ გაასაჩივრა და აზერბაიჯანული კომპანიის ლობირებაში იმჟამინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი დაადანაშაულა.

„ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩემი ხელით შევიტანე საჩივარი პროკურატურაში და დავების საბჭოში. ფასში 4 მილიონიანი სხვაობის გარდა, “ატინაკს” საკუთარი ტექნიკა გააჩნდა, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ ტექნიკის დასაქირავებლად სამინისტროს მიმართა, რაც სატენდერო წინადადებაშიც ეწერა. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში კომპანია „ატინაკს“ აზერბაიჯანში 300 მილიონ დოლარამდე ანალოგიური სამუშაოები ქონდა შესრულებული. აზერბაიჯანულ კომპანიას კი მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება არ გააჩნდა, მას ელემენტარული საიტიც კი არ ქონდა. აქედან გამომდინარე, გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მინისტრი გამარჯვებულ აზერბაიჯანულ კომპანიას ლობირებდა, რასაც ვაცხადებდით 2015 წელსვე,“- ამბობს „ატინაკის“ ადვოკატი, ზაზა შერმადინი ჩვენთან საუბრისას. საქმის შემდგომი მსვლელობის შესახებ მას ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს.

პროკურატურამ ჩვენს კითხვებს, მიმდინარეობს თუ არა თურქული კომპანიის მიერ შეტანილ სარჩელზე გამოძიება და როდის დასრულდება იგი, არ უპასუხა. ირიბად დაგვიდასტურა, რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული და ამ მიზეზით ვერ გვაწვდიან ინფორმაციას.

თავად აზერბაიჯანულმა კომპანიამ ფოთში ოფისი ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე დახურა. მათი საიტიც არ იძებნება. მხოლოდ აზერბაიჯანულ ყვითელ გვერდებზეა შემორჩენილი მათი რეკვიზიტები და მითითებულია, რომ კომპანია აშენებდა სახელმწიფო ობიექტებსა და შენობებს აზერბაიჯანში.

ნოდარ ჯავახიშვილი აღნიშნულ ტენდერთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება 18-კაციანმა სატენდერო კომისიამ მიიღო, თუმცა კომპანიის პრეტენზიები მისთვის ცნობილია. მისი თქმით, მან მაშინვე დაიბარა თურქეთის იმჟამინდელი ელჩი და თხოვა, “ატინაკის” ხელმძღვანელთან შეხვედრა. ელჩი დაპირდა ერთ კვირაში ჩამოიყვანდა მას და შეახვედრებდა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეზე ის პროკურატურას არ დაუკითხავს.

“ელჩი დავიბარე ჩემთან, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე, შეხვედრა “ატინაკის” წარმომადგენელთან, რომელიც მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. მერე ელჩმა ისიც მითხრა, რომ ალბათ არ იყვნენ მართალი, თორემ ჩამოვიდოდნენ შესახვედრადო. ისიც მახსოვს, მერე მისი აქაური ადვოკატის განცხადებებსაც გაემიჯნენ,”- აცხადებს ჯავახიშვილი.

“ატინაკის” შესახებ ინფორმაცია დავების საბჭოს გვერდზე არ იძებნება. თუმცა, კომპანიის ადვოკატი, ზაზა შერმადინი აცხადებს, რომ საჩივარი საკუთარი ხელით შეიტანა. საჩივრის შედეგი უცნობია. მაშინდელი მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი ამბის ხანდაზმულობის გამო, სატენდერო კომისიის წევრების ვინაობას ვერ იხსენებს და შესყიდვების გვერდზე არსებული დოკუმენტების ნახვას გვირჩევს. თუმცა, ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება, რის გამოც უცნობია სატენდერო კომისიის 18-კაციანი შემადგენლობა, სრული სატენდერო პირობები და ხელშეკრულება.


ახალი ტენდერი და მიმდინარე სამუშაოები

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოდ მიიჩნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ორი ახალი ტენდერი გამოაცხადა: ერთი წყალარინების სისტემის მშენებლობისთვის, მეორე კი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის. ჯამში, ორივე ტენდერის საერთო ღირებულება 135 მილიონ ლარს აღწევს. სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს.

2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში კი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა და სისტემის მშენებლობა ერთ პროექტად იყო გაერთიანებული და მისი საერთო ღირებულება 89.7 მილიონი ლარი იყო.

ამჯერად ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობა ჰოლანდიურ კომპანია Tahal Group-ს დაევალა და პროექტის ღირებულება 90 მილიონ ლარს აღწევს. წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში კი გერმანულ კომპანია Ludwig Pfeiffer-მა და იტალიურმა Emit Group-მა გაიმარჯვა. ამ სამუშაოებიდან ისინი ჯამში 44.7 მილიონ ლარს მიიღებენ. გერმანული Ludwig Pfeiffer 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობდა. მაშინ კომპანია მთავრობას წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის, ჯამში, 100 მილიონ ლარს სთავაზობდა.

ფოთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, კახაბერ მაშავას ინფორმაციით, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია „ატინაკი“ ასრულებს. ეს ის კომპანიაა, რომელიც 2015 წლის ტენდერში დამარცხებას ასაჩივრებდა და მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს აზერბაიჯანული კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებდა.

ჰოლანდიურმა კომპანიამ ჯერ მისი წინამორბედის, აზერბაიჯანულის მიერ უხარისხოდ ჩაწყობილი მილები უნდა მოხსნას, ტერიტორია გაასუფთაოს და ახალი ქსელის მოწყობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების დემონტაჟისთვის დამატებით 347.6 ათასი დოლარია გამოყოფილი.

საბოლოოდ გამოვიდა, რომ ფოთის წყალარინების სისტემის ასაშენებლად ბოლოს მაინც ადრე დაწუნებული ევროპული კომპანიები დაიქირავეს და სამუშაოების ღირებულებაც, სულ მცირე, 35 მილიონი ლარით გაიზარდა. რომ არ ჩავთვალოთ დაკარგული დრო და ფოთის ქუჩების დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თურქი ბიზნესმენის სკოლა სახელმწიფოს ნებართვის გარეშე გაიხსნა
skola

თურქი ბიზნესმენის სკოლა სახელმწიფოს ნებართვის გარეშე გაიხსნა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share