fbpx
darajebi

მიწის დარაჯები „შიშის ზონიდან”

ავტორები: ანი ჭიჭინაძე და ანა ჭეიშვილი 

61 წლის ილია ბერუაშვილი საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ბერულაში ცხოვრობს. რუსი ოკუპანტები მისი ნაკვეთის მავთულხლართებში მოქცევას 2013 წელს აპირებდნენ. ილიამ ბევრი იბრძოლა და მიწა არ დათმო. ბრძოლაში მას ქართული სახელმწიფო არ დახმარებია, პირიქით, ამბობს, რომ ხელს უშლიდნენ.  

საჯარო რეესტრს საკუთარი ქონების რეგისტრაციისთვის ილიამ 2016 წლის თებერვალში მიმართა. მალევე უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ნაკვეთი გორის სარეგისტრაციო ზონის მიღმა მდებარეობსო. მერე ილიამ სასამართლოს მიმართა და საოკუპაციო ბანერებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთისთვის დაიწყო ბრძოლა. ილიას ხელთ ჰქონდა ყველა დოკუმენტი და ვიზუალური მასალა, რომელიც ამტკიცებდა რომ მიწა მისი იყო. ამის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროსთვის მისი სიმართლის დამტკიცებას 4 წელი დასჭირდა. 

2018 წელს გორის სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწა ნამდვილად ილიას ეკუთვნოდა. საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის ივნისის ძალაში დატოვა გორის გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრს მოუწია ბერუაშვილისთვის ქონების დარეგისტრირება.  

“რუსის წყენინება არ უნდათ, თორემ ამის დადგენა რა პრობლემა იყო? მე რომ აქ არ ვიყო, ეხლაც რომ წავიდე აქედან, ეს უბანი შეიღობება,“ – ამბობს ილია ბერუაშვილი ჩვენთან საუბრისას. 

61 წლის ილია მიწის დატოვებას არ აპირებს, რადგან სხვა ჩანაფიქრი აქვს. 

“მე სხვა სურვილი მაქვს ამ ტერიტორიაზე. მინდა, ისე აყვავდეს აქაურობა, რომ ისინი შურის თვალით იყურებოდნენ. აქ კიდევ ტურისტები მოვიდნენ და ნახონ, რომ აი, საოკუპაციო ხაზთან რა შეძლო ამ კაცმა სახელმწიფოს დახმარებით და როგორ ააყვავა აქაურობაო.” 

ილიას კი აქვს ამის სურვილი, მაგრამ სახელმწიფოს დახმარება არ ჩანს. ქართული სახელმწიფო საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ხელშეწყობასა და მზრუნველობას არც იჩენდა და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ამიერიდან გამოიჩენს. 

ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტია. გამყოფ ხაზზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერეს მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ. ჯამში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ 86 სოფელი მდებარეობს. 

მთავრობის პოლიტიკასა და ამ საკითხისადმი მიდგომას საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანების ყოფა აჩვენებს. უპირველესი კი მათი უსაფრთხოებაა. 

ლუდა სალია ხურვალეთში ცხოვრობს. რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული მავთულხლართი მის სახლთან ახლოს გადის. ლუდა ხურვალეთს შაგრენის ტყავს ადარებს, რადგან დღითიდღე უფრო ვიწროვდება. მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა სოფლის სასაფლაო, სალოცავი, საძოვრები.    

ლუდა აფხაზეთიდან დევნილია. მისი ქმარი კი ხურვალეთიდანაა. 2008 წლის ომის დროს ლუდა  დევნილი უკვე მეორედ გახდა. ომის დასრულებისთანავე ის და მისი ოჯახი სახლში დაბრუნდნენ. 2013 წელს ლუდამ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარი გახსნა, სადაც ახლა რვა მოხუცი ცხოვრობს. 

ლუდას სახლის ირგვლივ ტერიტორია საკონცენტრაციო ბანაკივითაა. სოფელში ყველაფერი ერთმანეთის სიახლოვესაა. აქედან, კარგად ჩანს რუსების დადგმული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები. ასევე ის თუ როგორ პატრულირებენ თეთრი მანქანებით რუსი ოკუპანტები. ხურვალეთს მავთულხლართები სამი მხრიდან უსწორმასწოროდ აქვს შემოვლებული. შემოუღობავი მხოლოდ ე.წ. ავტობანის მხარეღაა დარჩენილი, ისიც დროის ამბავია. 

“სოფელი შუაშია გაყოფილი, ნახევარი სოფელი წაიღეს. აქ ყველგან აქვთ საგუშაგოები. აგერ მობილური საგუშაგო გახსნეს, სადაც ყველაფერი აქვთ. მანქანით დადგებიან იქ და გვითვალთვალებენ. ქართული პოლიცია იქ რომ დგას სოფლის დასაწყისში, აქეთ დადგეს, სადაც მართლა საშიშია და მეტი საფრთხეა,” – ამბობს ლუდა სალია.

პატარა ხურვალეთის ზოგიერთ მონაკვეთში ე.წ. საზღვარი პირობითია და მინიშნებები არ დგას. ვინც ამ ზოლს გადაკვეთს, მას რუსი და ოსი ჯარისკაცები აკავებენ და გამოსასყიდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” 2018 წელს გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან, თუ სად აკავებენ  რუსი  ოკუპანტები მოქალაქეებს ყველაზე ხშირად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ძალების აქტიურობა შეიმჩნევა როგორც გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და დუშეთის, ასევე, საჩხერის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. 

2008 წლიდან 2021 წლამდე, საერთო ჯამში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 1,378 ადამიანი დააკავეს.  

გარდა მცოცავი ოკუპაციისა, რომელიც ადგილობრივებს დღითიდღე ართმევს სრულყოფილი ცხოვრების უფლებას, ხალხს ხურვალეთში ყოფითი პრობლემებიც აქვთ. მაგალითად, სოფელში არაა გამართული სასმელი წყლის სისტემა და არც მოწესრიგებული საუბნო გზები.  

ადგილობრივმა მთავრობამ აქ წყლის სისტემა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სამჯერ გაარემონტა. წყალი მაინც ხან არის, ხან – არა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მწვავდება, მაშინ როცა ხალხს წყალი სასმელადაც სჭირდება და სარწყავადაც. ალბათ, იცით, რომ შიდა ქართლის მოსახლეობა, ტრადიციულად, შემოსავალს სოფლის მეურნეობისგან იღებდა. 

წყლის პრობლემა აქვს ხურვალეთან 4-5 კმ-ში მდებარე დევნილთა დასახლებასაც. ხურვალეთის #1 საჯარო სკოლის მძღოლი, ნოდარ დუდაევი ამბობს, რომ დასახლებისთვის ეს ყველაზე დიდი სირთულეა: “ჩვენთან წყალი დიდი პრობლემაა. წყალი გრაფიკით მოდის დილა-საღამოს სოფლის შუაში მდგარი ცისტერნიდან.”

სოფელ ხურვალეთში არ არის ამბულატორია. ადგილობრივებს 4-5 კილომეტრის გავლა უწევთ სოფელთან მდებარე დევნილთა დასახლებაში არსებული ამბულატორიისთვის, სადაც ექიმი კვირაში რამდენჯერმე მოდის. 

როგორც ჩანს, ოკუპირებულ ზოლთან მდებარე ტერიტორია ვერც კერძო ბიზნესის საწარმოებლადაა უსაფრთხო და მიმზიდველი. აქ ვერ ნახავთ გამართულ აფთიაქებს, დიდ მაღაზიებს ან საწარმოებს. დღეს ხურვალეთში ოფციალური მონაცემებით 617 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივების თქმით, სოფელში ბევრად ნაკლები მკვიდრია. 

გორის მერიამ 2015 წლიდან დღემდე სოფელ ხურვალეთში 11 ტენდერი გამოაცხადა, რაც სასაფლაოების შემოღობვას, სპორტული მოედნების, სასმელი წყლის რეაბილიტაციას და გზის დაგების სამუშაოებს გულისხმობდა. ჯამში, ეს გორის მუნიციპალიტეტს 2.1 მილიონი ლარი დაუჯდა.

ხურვალეთის მსგავსი პრობლემები აქვს სოფელ ერგნეთსაც, რომელიც საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალიდან 20კმ-ში მდებარეობს. 2008 წლის ომის დროს სოფელი ყველაზე მეტად დაზარალდა. სოფელს წყლის მიწოდების პრობლემა წლობით ჰქონდა. 2017 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში დაიწყო ჭაბურღილების მოწყობა. ერგნეთიც ამ სიაში მოხვდა. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ სოფელს წყალი აქვს, თუმცა დასალევად გამოუსადეგარი. 

“პრობლემა არის ის, რომ წყლის მრიცხველები გააკეთეს შარშან და ჯერ კიდევ არ არის ჩართული. წყალი გვაქვს, თუმცა მრიცხველები არ მუშაობს. არ ვიცით, სასმელი წყალი არის თუ არა შემოწმებული, თუმცა მაინც ვსვამთ, სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან დიდი ნალექი კი აქვს. ზაფხული რომ არის, ყველას ჩართული აქვს წყალი და არ გვყოფნის. არის საერთო არხი, ვინც არხს ზემოთ ვცხოვრობთ, ჩვენთვის სარწყავი წყალი არ არის,” – გვეუბნება გიული კასრაძე სოფელ ერგნეთში ჩასულებს. 

ვერც ერგნეთში იპოვით ისეთ ობიექტებს, რომელიც ადამიანებს საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ. არც აქაა გამართული სასოფლო ტრანსპორტი, ბაღები, მაღაზია და ამბულატორია. აქ გორის მერიამ 2015-2020 წლებში მხოლოდ 6 ტენდერი გამოაცხადა, ჯამში, 285,000 ლარის ღირებულების. სამუშაოები, ძირითადად, გარე განათების გამართვას, სარიტუალო დარბაზისა და სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ეხებოდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სულ სამი სოფელია. წაღვლი, ჩორჩანა და  ყობი. სოფელ ყობს 2000 წლის შემდეგ ელექტროენერეგია არ მიეწოდება. სოფელს არც გამართული წყლის სისტემა და არც გზა აქვს. ყობში მხოლოდ გენადი დოსიკოვი და მისი  ცოლი სვეტლანა თიგიშვილი ცხოვრობენ. სასმელი წყლისთვის და პირველადი საჭიროების ნივთებისთვის კი მათ არც თუ მარტივი გზის გავლა უწევთ.

“მე და ჩემი მეუღლე დავჯდებით, პატარა ხელის ტრაქტორი გვყავს. ავალთ წაღვლში, ტრაქტორს დავაყენებთ ვიღაცა ნაცნობთან. დავჯდებით მარშუტკაში, ჩავდივართ ხაშურში. იქ ვყიდულბთ წამალს, საჭმელს და ისევ ჩამოვდივართ უკან,” – ტელეფონით საუბრისას გვიყვება დოსიკოვი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენ ყობში მისვლის უფლება არ  მოგვცა, რადგან იქ გადაადგილება ჩვენთვის, შესაძლოა, უსაფრთხო არ ყოფილიყო. 

ტრანსპორტისა და უგზოობის გარდა სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წყალიცაა. წყლის მოსატანად გენადი დოსიკოვს ყოველდღიურად რამდენიმე ასეული მეტრის გავლა უწევს.

“ყველაზე მაგრად ის მაწუხებს, რომ წყალი არ მაქვს. ჭა არის მაგრამ, ჭა სახლიდან არის 250 მეტრის მოშორებით, მანამ იქ ავდივარ უკვე აღარა მწყურია. მეორე, გზა ნეტავ დაგანახათ, ვერ ავდივარ ვერც მანქანით, ვერც ტრაქტორით. არხები გეგონება, ისეთი გზა არის. ეგ არის გაჭირვება. მეორე გაჭირვება ეს შუქის ბატარეებია (მზის პანელებს გულისხმობს). ამას თუ აურჩევ მზიან და უქარო ამინდს, კი არის შუქი.”

უკვე ორი წელია, რაც ამერიკის მთავრობის დახმარებით, გენადი დოსიკოვის დენის ერთდერთი წყარო მზის პანელებია. “კი, კარგია, ვინც ეს დააყენა, დიდ მადლობას ვუხდი. მაგრამ როგორც ასეთი, რომ ამუშაო, მაგალითად, მაცივარი, ტელევიზორი, წყალი ამოიღო ჭიდან მატორით, მაგას ვერ უძლებს. ეხლა ზამთარში ამ უშუქობის გამო წავედი ორი კვირა ქალაქში. თორე სიკვიდილია ჩემი წასვლა აქედან. აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. ქალაქში ვერანაირად ვერა ვძლებ. და ამიტომ მივდივარ ხოლმე ქალაქში, მანამ მზე გამოვა,” – გვიყვება დოსიკოვი. 

2008 წლიდან დღემდე ხაშურის მერიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ჯამში, 39 ინფრასტრუქტურული პროექტი ჩაატარა და 4.8 მილიონი ლარი დახარჯა. სოფელ წაღვლში 19 პროექტი შესრულდა, ჩორჩანაში 11, ცხეთიჯვარში 2, ყობში 2, კლდისწყაროში კი – ერთი. 

ვერც ქარელის მუნიციპალიტეტი დაიკვეხნის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებზე განსაკუთრებული ზრუნვით. 2016 წლიდან დღემდე მერიამ ქარელის რაიონში, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სამ სოფელში – აბანოს, დირბსა და დვანში11 ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი გარე განათებასა და სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგებას ეხებოდა. 

ქართული სახელმწიფოსთვის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლები რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არაა, ისიც მოწმობს, რომ ამ ტერიტორიას განსაკუთრებული სტატუსი არ აქვს. შესაბამისი სტატუსი ვერ გამოიძებნა ვერც იმ ხალხისთვის, ვინც ყოველდღიურად შიშში ცხოვრობს. 

ერთადერთი, რითიც მათ მთავრობა ანუგეშებს, ეს მთიანი ზონის მაცხოვრებელთა სტატუსია. მთავრობამ უკვე არსებულ მთის კანონში 2020 წლის ივნისში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მაღლაა, სარგებლობს იგივე შეღავათებით, რითიც მაღალმთიანი სოფლები, რომლებიც 1,000 მეტრსა და მეტზეც მდებარეობს. 

საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ აწესებს ორი ტიპის შეღავათს: საგადასახადოსა და სოციალურს.

შეღავათები ეხება კერძო პირებისთვის არსებულ საშემოსავლო და ქონების გადასახადებს. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მეწარმე თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან.

რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის, სახელმწიფო პენსიას 48 ლარი (20 პროცენტი) ემატება. ამასთან, სამედიცინო პერსონალს დანამატი ეძლევათ ხელფასზე, ხოლო ექიმებს პენსიის ორმაგი ოდენობა.

ოთხ დღეში მავთულხლართებით შეღობილი ექვსი სოფელი მოვიარეთ. მოსახლეობა ყველგან გვეუბნებოდა, რომ წყალი, გაზი, გზა, საბაზისო ინფრასტრუქტურა და შემოსავლის არქონა მათი დიდი გასაჭირია. სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების დაცლას მაშინვე მავთულხლართების კიდევ უფრო გადმოწევა და იმ სოფლების სრულად დაკარგვა რომ მოჰყვება, ეს ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, არავინ არაფერს ვაკეთებთ ამის შესაჩერებლად. 

დიცში 61 წლის ილია ბერუაშვილი მაინც არ ნებდება და მთელი ქვეყნისგან მიტოვებული, მარტოკა იბრძვის. 

“ეს გზაც ჩემი ხარჯებით გავაკეთე. ახალი გაკეთებულია. აქ ევროკავშირის მანქანები დადიან, მძიმე მანქანებია და უკვე გაფუჭდა. გორის მერია არაფერზე პასუხისმგებელი არ არის. ტრაქტორი ვთხოვე, მომწერეს, ეხლაც სახლში მიდევს ეს წერილი, მომავალი წლის ბიუჯეტში ჩაგსვამთ და გაგიკეთებთო. არც მომავალი წლისაში გაგვიკეთეს და ჩემი ხარჯებით მომიწია გაკეთება. 300 ლარი მივეცი ტრაქტორს, ამოვათხრევინე, ბასეინი მინდა გავაკეთო, მერე სარწყავი სისტემა მოვაწყო. ვერ ვწვდები ამ ყველაფერს,”- გვიყვება ილია ბერუაშვილი.

ილიას მაინც უნდა, რომ თავისი ბაღი ტურისტებისთვის საინტერესო სანახაობად აქციოს და “გაღმა” მცხოვრებ ხალხსაც გაუჩინოს ინტერესი. წესით, ჩვენც, ყველას უნდა გვინდოდეს, რომ “გაღმელები” ჩვენი უკეთესი ცხოვრების პირობებით დავაინტერესოთ. ახლა “გაღმელები” საოკუპაციო ზოლთან მხოლოდ დაცლილ და მოუვლელ სოფლებს ხედავენ. 

კვლევაში მონაწილეობდნენ შუქურ ალიევი და როინ მწყერაშვილი 

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ დახარჯეს ევროკავშირის გრანტი გორში?
gori

როგორ დახარჯეს ევროკავშირის გრანტი გორში?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share