fbpx
morgoshia

როგორ აყვავდა ბიზნესმენ კოტე მორგოშიას კაკლის ბაღი

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი 

კოტე მორგოშია ბიზნესმენია. წლებია, რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ჯგუფების გვერდით დგას. ჯერ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი იყო. შემდეგ “ქართულ მარშს” ედგა სათავეში. მოგვიანებით “მარშიც” დატოვა და პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მოკავშირე გახდა. ახლა ვასაძე და მორგოშია ერთად მართავენ ჰომოფობიურ დაჯგუფებას –  “ალტერნატივა საქართველოსთვის.” სწორედ ეს გუნდი მეთაურობს აქციებს სექსუალურ უმცირესობათა წინააღმდეგ.   

როდესაც ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს, მორგოშია ე.წ. სამხრეთ ოსეთში იყო გადასული. როგორც თავად თქვა, ცხედრის გადმოცემაზე სალაპარაკოდ. ამ დროს ის საქართველოს რიგითი მოქალაქე იყო, თუმცა, ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადავიდა. როგორც ჩანს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის გარკვეული გავლენით სარგებლობს. აბა, როგორ აიხსნება მისი ცხინვალში შესვლა, ისე, რომ არავინ დააკავა? გავიხსენოთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო 50 დღე იყო ოსების ციხეში. 

მორგოშიას “ქართული ოცნების” მთავრობასთან სტაბილურად კარგი ურთიერთობა აქვს. განსხვავებით წინა მთავრობისგან, რომლის დროსაც დაკავებული იყო თაღლითობისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით. გარდა ამისა, მორგოშიას თქმით,  ნაციონალებმა მამამისს გუდაურში, სასტუმრო “მარკო პოლოს” ხუთპროცენტიანი წილიც დაათმობინეს. 

ამის შემდეგ მორგოშიამ, როგორც თავად ამბობს, ჭკუა ისწავლა და ქონებას საკუთარ სახელზე აღარ აფორმებს. გვითხრა, რომ თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობს. 

“მე რაც გადასახდელია, ვისზეც ვაფორმებ, იმითი ვიხდი. ანუ სახელმწიფო ჩემს მოძრაობებში თანხას არ კარგავს. მე რატო ვგრძნობ თავს კომფორტულად, სპორტულებში ვიჯდები თუ სმოკინგში, ეგ ჩემი გადასაწყვეტია.” 

სხვების სახელით სარგებლობის ტაქტიკა მორგოშიამ “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობის დროსაც გამოიყენა. მაგალითად, მორგოშიას მეგობრის შვილი, დავით ისახანაშვილი პერიოდულად მთავრობასთან საქმიან გარიგებებს დებს და დიდი ოდენობით უძრავ ქონებას იღებს. 

2015 წელს, მაშინ როცა ქონების ეროვნული სააგენტოსგან სიმბოლურ ფასად ასობით ათასი ლარის ქონება მიიღო, ისახანაშვილი 23 წლის იყო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა. ყველა იმ განცხადებაში, რომლითაც ის ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, აღნიშნულია, რომ ნაკისრ ვალდებულებებს “პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით” განახორციელებს. 

მესამე პირი, რომლის მეშვეობითაც ის ინვესტიციას ახორციელებს, მორგოშიას კომპანია, შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაა.” 

ჩვენთან საუბარში მორგოშია არ უარყოფს, რომ დავით ისახანაშვილის უკან ის დგას: “დავით ისახანაშვილი არის ახალგაზრდა ბიჭი. ის არ არის ინვესტორი. ის არის ჩემი მეგობრის შვილი, რომელზეც არის ეს გაფორმებული. დათო ძალიან პერსპექტიული ბიჭი და სტომატოლოგია, საერთოდ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს.”  

კითხვაზე, მაშინ რატომ გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დავით ისახანაშვილს და რატომ არ ფიგურირებს განკარგულებაში თავად მორგოშიას გვარი და სახელი, კონსტანტინე გვპასუხობს: “არც უნდა ფიგურირებდეს. არ არის ეგ საჭირო.”

კონსტანტინე მორგოშია ორი კომპანიის მეწილეა, ხუთის – დირექტორი. ეს ორგანიზაციებია: შპს “გრანდე გრუპ ჯორჯია,” საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინე, კავკასიონი, “ალტერნატივა საქართველოსთვის,” შპს “კემ კონსტრაქშენ” და შპს “მაგნუს დიზაინი.” მისი თქმით, თავად “ქეის მენეჯერია” და 5-6 კომპანიასთან თანამშრომლობს, სადაც მისი პარტნიორები დსთ-ს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და მათთან დაკავშირებული უცხოელი პარტნიორები არიან. კონკრეტულად ამ ბიზნესმენების ვინაობას არ ასახელებს. ამბობს, რომ საკუთარი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ საქმიანობას. ის იყო “ქართული მარშის” მთავარი დამფინანსებელი და ახლა “ალტერნატივა საქართველოსთვის” ფინანსური მხარდამჭერია. როგორც ამბობს, ეს თანხა კოლოსალური არ არის. 

რა ქონება მიიღო კოტე მორგოშიამ მთავრობისგან? 

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 23 წლის დავით ისახანაშვილს (მორგოშიას მეგობრის შვილს) მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩა №27-ში არსებული 2,653 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მცხეთის არქეოლოგიური ბაზა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ განცხადებაში მორგოშია წერს, რომ შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიას” ინიციატივით და კერძო ინვესტორის დაფინანსებით ამ ნაკვეთზე 75-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის აშენებას აპირებს. სანაცვლოდ იღებს ვალდებულებას, რომ არმაზის ხეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1 ჰა-მდე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არქეოლოგიური ბაზისთვის ახალი შენობა ააშენოს. 

რჩება შთაბეჭდილება, რომ პროექტი მთავრობის წევრებთან წინასწარ არის განხილული და შეთანხმებული. განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა ზუსტად ემთხვევა იმ თანხას, რა თანხადაც ეს მიწა შეფასებული აქვს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ბიუროს რატომღაც ეს მიწა მასზე განთავსებული შენობით, თითქმის ერთი წლით ადრე, 2014 წლის 3 დეკემბერს აქვს შეფასებული და მის ღირებულებად  494,675 ლარია განსაზღვრული. მორგოშიას მიერ შეთავაზებული ვალდებულებებიც მთავრობის განკარგულებაში, თითქმის, უცვლელად არის გადასული. 

არქეოლოგიური ბაზის შენობის გარდა, მორგოშიას წარმომადგენელმა, დავით ისახანაშვილმა აუქციონებზე მცხეთაში დამატებით კიდევ 2,530 კვ.მ. მიწა და სანიჩბოსნო კლუბის 270 კვ.მ.-ანი სახურავი, ჯამში, 172,000 ლარად შეიძინა. 

მორგოშიამ მთავრობისთვის მიცემული პირობა ნაწილობრივ შეასრულა. არმაზის ხეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 10,350 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მცხეთის არქეოლოგიური ბაზისთვის ორსართულიანი შენობა ააშენა. თუმცა, აღმაშენებლის 27 ნომერში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იქ სასტუმრო შენდება. როგორც მორგოშია ამბობს, ადგილი, სადაც სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში შედის და მისი განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე იქ ყოველგვარი მშენებლობა აიკრძალა. 

მთავრობის მხრიდან მორგოშიასთვის ქონების გადაცემა ამით არ დასრულებულა. 

2014-2018 წლებში მორგოშიამ, ისევ ისახანაშვილის სახელით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში 163 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა მიიღო, რაშიც 170,000 ლარი გადაიხადა. 

დავით ისახანაშვილმა მუხრანში არსებული მიწის ყველა ის ნაკვეთი, რომელიც  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიიღო, შპს „ვექტრუმ 2015-ს“ მიჰყიდა. ამ კომპანიის დამფუძნებელიც, ხელმძღვანელიც და ერთადერთი მფლობელიც ის თავად არის. ქონების შპს-ზე გადაფორმება საქართველოში აპრობირებული მეთოდია: სამართლებრივი დავის შემთხვევაში შპს პასუხს აგებს მის საკუთრებაში არსებული ქონებით და დამფუძნებლის პირად ქონებას ვერავინ შეეხება. 

საინვესტიციო ვალდებულებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, მუხრანში გადაცემული მიწის სანაცვლოდ ინვესტორს მიწის არანაკლებ 60 პროცენტზე უნდა გაეშენებინა მრავალწლიანი ნარგავები და ამაში 1,7 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. ასევე, უნდა აეშენებინა ნახევარი მილიონის ღირებულების ხილის გადამამუშავებელი საწარმო და 40 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი, 130 ათასი ლარის ღირებულების ფერმა. თუმცა, 2018 წელს ეს ვალდებულებები შეიცვალა და ინვესტორს მიწის ნაკვეთების მთელ ფართობზე ხეხილის გაშენება და 2.83 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა. 

როგორც შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიას” განცხადებაშია აღნიშნული, მცხეთის სასტუმროსა და მუხრანის აგროკომპლექსში, ჯამში, 35 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. ორივე პროექტის ფარგლებში კი ინვესტორს 100-120 ადამიანი დაესაქმებინა. 

მუხრანის აგროკომპლექსი ამჟამად 177 ჰა-ზეა გადაჭიმული. მორგოშიას თქმით, აქედან 140 ჰა-ზე ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღია გაშენებული ( ჩვენ გამოვითხოვეთ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების აუდიტის ანგარიში, თუმცა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ინფორმაცია არ მოგვცა). მორგოშია ამბობს, რომ ბაღის გაშენებაზე უკვე დაიხარჯა 12 მლნ-მდე ლარი და კაკლის ხეები ეტაპობრივად სრულად გაშენდება 220 ჰა-ზე. აგროკომპლექსის ტერიტორიაზე არის შენობა ოფისისთვის და კაკლის გადამამუშავებელი საწარმოსთვის. საწარმო, ჯერჯერობით, დანადგარებით არ არის აღჭურვილი. 

კოკა მორგოშია რომ მთავრობასთან სტაბილურად კარგ ურთიერთობაშია, ამას კიდევ ერთი ფაქტიც მოწმობს. 

2016 წელს, მან მეუღლისა და ძმის, გიორგი მორგოშიას მეშვეობით “პატრიოტთა ალიანსს” 91 ათასი ლარი შესწირა. აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე სასამართლომ მორგოშია, კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შემოწირულობისთვის, 183 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მორგოშია ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არც აპირებს: “არაა ჩემი გადასახდელი. ეხლა ლომჯარიას რაღაცამ მოუარა (საუბარია ნინო ლომჯარიაზე, რომელიც იმ დროისთვის ოსი იყო) და რა ვიცი, წეროს და იკითხოს. ლომჯარიას ჯარიმებს მე არ ვიხდი.”

კონსტანტინე მორგოშია ამ ჯარიმის გადაუხდელობის გამო 2017 წლის ნოემბრიდან მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. წესით, აღსრულების ბიურომ უნდა დააყადაღოს მისი კუთვნილი ქონება, მაგრამ მის სახელზე რეგისტირებული ქონება საჯარო რეესტრში არ იძებნება. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ
gurulebi

გურულები წყალზე სიარულს სწავლობენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share