fbpx
SAAVADMYOFO TYIBULSHI scaled 1024x516 1

ქართულ-ჩინური მემორანდუმები – ეკონომიკური თანამშრომლობის ილუზია

ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობის ახალ საფეხურებზე, ხელმოწერილ შეთანხმებებსა თუ მემორანდუმებზე ხელისუფლება ხშირად გვიყვება. მიდიან ვიზიტებით ჩინეთში, ესწრებიან  გამოფენებს და ახალ-ახალ პროექტებს გვიანონსებენ. მათი ყველა ხელმოწერა რომ საქმედ ქცეულიყო, ახლა ქართულ-ჩინური წარმოება უნდა ყვაოდეს. თუმცა, ამ “საქმიანი” ვიზიტებიდან ხშირად არაფერი გვრჩება, გარდა ხელის ჩამორთმევის ამსახველი ფოტოებისა.

ჩვენ მოგიყვებით ორ ჩინურ პროექტზე, რომლის დაწყებაც ზარ-ზეიმით გვახარეს, მაგრამ ორივე ჩავარდა. არც ტყიბულის ქურთუკების ქარხანა გაიხსნა და არც ლოკომოტივების საწარმო. ამ სტატიიდან გაიგებთ, რატომ გვჭირდებოდა ეს ინვესტიცია. 

თანამედროვე ლოკომოტივების საწარმო

“მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთს და საქართველოს გვაქვს საერთო ინტერესი, რომელიც ეკონომიკაზე გადის,“ – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს, ჩინეთში ვიზიტისას. ლოკომოტივების საწარმოს მშენებლობის შესახებ მემორანდუმი ამ ვიზიტისას გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სს „ვაგონმშენებლის” მფლობელმა, ბადრი წილოსანმა, ჩინეთის მხრიდან კი “ტალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხნის” პრეზიდენტმა, მინ სინგმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოში გახსნიდნენ ქართულ-ჩინურ საწარმოს, რომელშიც თანამედროვე ლოკომოტივებს (ელმავლებს და თბომავლებს) და მათ ნაწილებს დაამზადებდნენ. პროდუქციას ჩვენც მოვიხმარდით და ექსპორტზეც გავიტანდით. იგეგმებოდა თანამშრომლობა ირანის, თურქეთის და ევროპის ქვეყნების ბაზრებთან. ჩინური მხარე ასევე გვთავაზობდა წარმოებული პროდუქციის სიცოცხლის ბოლომდე შეკეთების მომსახურებას.

“ტალიანის ლოკომოტივის და ვაგონმშენებელი ქარხანა” ჩინეთში ერთადერთი მსხვილი სახელმწიფო საწარმოა. ის 122 წლის წინ დაარსდა. აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ლოკომოტივები, ძრავები და ურბანული რკინიგზის მანქანები. კომპანიას სულ 13 ათასამდე ლოკომოტივი აქვს დამზადებული. “ტალიანს” ტექნიკური მომსახურების სერვისები აქვს აზიის, აფრიკის და ოკეანეთის 25 ქვეყანაში. შვილობილი კომპანიები სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიაშიც მუშაობენ. 

ლოკომოტივი არის გამწევი საშუალება, ის ებმება მატარებელს ან ვაგონს და ლიანდაგზე მათი გადაადგილებისთვის გამოიყენება.

“ეს იყო მოლაპარაკება, განზრახულობა, ვალდებულებები არ იყო. საუბარი იცით რამდენ რამეზეა ხოლმე? მაგრამ მერე რაღაცები არ გამოდის. ასეთ შეხვედრებს ახლაც ვმართავთ ხან ევროპაში, ხან იქეთ, ხან აქით, ვის არ ველაპარაკებით,” – ამბობს სს “ვაგონმშენებლის” დირექტორი გურამ რატიანი.

რატომ იყო ეს ჩინური ინვესტიცია ასეთი მნიშვნელოვანი, ამის გასარკვევად, ვესაუბრეთ  ადამიანებს, ვინც ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პრობლემებს კარგად იცნობს. როგორც გვეუბნებიან, ყველაზე მეტად, ლოკომოტივების პარკის განახლება გვჭირდება. არ გვყავს საკმარისი რაოდენობა და რაც გვყავს, სიძველის გამო, მწყობრიდანაა გამოსული.

თუ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ჩავშლით, ლიანდაგი, თბომავლები, ვაგონები, ლოკომოტივები, ამ ყველა შრეში, ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის სწორედ სალოკომოტივო პარკში. ფაქტობრივად, ჩათვალეთ რომ არ გვაქვს. ყველა არის ამორტიზებული. ნებისმიერი რაღაცა გაფუჭდება, დარბიან მივლინებით რუსეთში, ჩამოაქვთ ნაწილები ან ჩამოჰყავთ სპეციალისტები. მოძველდა უკვე ეს პარკი და საჭიროა ჩანაცვლება. მემანქანეები მირეკავენ ხოლმე – ჩვენ კიარ დავყავართ, ჩვენ დაგვაქვს ელმავლებიო,” – ამბობს “პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი დავით გოჩავა. 

თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპო-ს ელმავლის მემანქანე გვეუბნება, რომ ელმავალ ლოკომოტივებს კიდევ არაუშავთ, თბომავლები კი გაცილებით უარეს დღეშია.

რაოდენობაც არა გვაქვს იმდენი, რომ ნორმალურად მოვემსახუროთ რკინიგზას, მოძველებულია, ხშირად ფუჭდება. არის ძველი, ჩამოწერილი ელმავლები, იქედან მოხსნიან რაღაც ნაწილს და გადმოიტანენ ამაზე. 5 წლის წინ რამდენიმე ლოკომოტივს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და მის მერე, ისევ იმ ძველი ელმავლებით გვიწევს მუშაობა, დაახლოებით 70-ან წლებში გამოსულია. ელმავლებს კიდევ რა უჭირს, თბომავლების პარკი არის საშინელ მდგომარეობაში, ძალით რომ ამუშავებენ,” – გვითხრა მემანქანე ზვიად მუმლაძემ. 

მაქსიმე დიასამიძე 54 წელია თბომავლების საამქროში მუშაობს. ის მემანქანე და კონსტრუქტორი იყო, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ბრიგადირად გადაიყვანეს. რკინიგზელი გვეუბნება, რომ თბილისის დეპოში მხოლოდ ორი ლოკომოტივი არის მწყობრში. 

“ტექნიკური მდგომარეობა არის გაუბედურებული, ფუჭდება და წვალობენ მემანქანეები. 16-დან 10 არის ექსპლუატაციაში და ვაი იმ მუშაობას, ის რომ მუშაობს. შეიძლება, დღეში 3-ჯერ გაფუჭდეს. არის ხოლმე, რომ გაფუჭდება სატვირთო სადგური, მერე გაფუჭდება საკვანძო სადგურიც. ორი თბომავალი გაარემონტეს შვიდი წლის წინ დნეპროპეტროვსკში და აი, ეგ ორია, რომელიც მწყობრშია.”

2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოს რკინიგზას“ ჰყავდა 24 ელექტრომატარებელი და 153 მოქმედი ლოკომოტივი. მათგან 96 ელმავალია, ხოლო 65 – თბომავალი. 

საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ჩართულია საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში. შესაბამისად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანა განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს. როგორც რკინიგზელები გვეუბნებიან, საერთაშორისო ტვირთი ჩვენს სადგურებზე ხშირად ლოკომოტივების ტექნიკური გაუმართაობის გამო ყოვნდება. ამ სიტუაციას ქართულ-ჩინური საწარმოს გახსნა გამოასწორებდა. აქ თანამედროვე, ასინქრონულ ძრავიანი ლოკომოტივები უნდა გამოეშვათ. როგორც პროფესიონალები გვიხსნიან, ამ ტიპის ძრავი გაცილებით მძლავრია და სწრაფად მუშაობს. 

“უფრო პროგრესული ძრავია, რომელიც დახარჯულ ენერგიას ისევ იყენებს. ჩვენი მატარებლის მოძრაობის სიჩქარე არის ძალიან დაბალი. საექსპორტო მატარებელი, რომელიც ყარსიდან ჩინეთისკენ წავიდა, 11 საათი იდგა ახალქალაქის სადგურში. იქ არის ერთი ამწე, რომელიც ნელა მუშაობს. ძლივს გადაიტანეს, დაამუშავეს ეს კონტეინერები, შექმნეს ახალი მატარებელი და ჩაუდგა ელმავალი. ელმავალი არის ცუდი, სიჩქარე დაბალი აქვს, ეს ყველაფერი მოქმედებს ერთმანეთზე და იზრდება სადგურზე გადამუშავების დრო. “აბრეშუმის გზაზე” ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო ადგილი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემა და ეს გასათვალისწინებელია. ტვირთი მოდის, ტვირთი მოდისო იძახიან, მთავარია რა სიჩქარით მოძრაობს მატარებელი და რამდენ ხანში გადამუშავდება ის სადგურში,” – ამბობს დავით გოჩავა. 

ძირითადი დატვირთვა წამოვიდა ახალქალაქის გზაზე. ძალიან რთული პროფილია და ძალიან უჭირთ ელმავლებს. არ არის გამართული არც დენი, არც ძაბვა. ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში აღარც ელმავლები გვეყოლება და პატრონიც აღარა გვყავს უკვე კაი ხანია ჩვენ. აი, რომ იტყვიან, ძალით ვამუშავებთ რა,”- გვითხრა მემანქანე ზვიად მუმლაძემ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ელმავლებს მართავს.

ლოკომოტივების საწარმოს გახსნა ხელს შეუწყობდა პროფესიონალების დასაქმებას და ასე კიდევ უფრო წაადგებოდა ქართულ ეკონომიკას. როგორც რკინიგზელები გვეუბნებიან, ბევრი გამოცდილი კადრი უმუშევრად არის დარჩენილი. მათი თქმით, საკითხავია ისიც, რაში გვჭირდება სარკინიგზო ფაკულტეტები და სასწავლებლები. 

“რეგიონში ვართ პირველები ამ ინფორმაციით, ცოდნით და შესაძლებლობებით, რასაც ჰქვია ელმავალმშენებლობა. ტრადიციულად აკეთებდა ამ საქმეს ჩვენი ქვეყანა. პროფესიონალი ადამიანები, ინჟინრები დღეს უმუშევრები გვყავს. სამწუხაროდ, განვითარება არ აქვს დარგს. არამარტო პროფსასწავლებელები, უნივერსიტეტში დარგია სარკინიგზო, მაგისტრები და პროფესორები გვყავს, მაგრამ ეს ადამიანები არიან რკინიგზის მიღმა დარჩენილი,”- გვითხრა რკინიგზის ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ლეჟავამ. 

ჰიდროგადაცემას უკრაინაში აგზავნიან გასარემონტებლად. აქაც შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო, რაღად გვინდა ამდენი ინსტიტუტები მაშინ, რაღად გვინდა ამდენი სტუდენტები და ნასწავლი ხალხი? 350 კილო ჰიდროგადაცემას აგზავნიან უკრაინაში, არემონტებენ იქ და მოაქვთ. როცა შეიძლება, შეისწავლო რომელი დეტალი გამოდის მწყობრიდან, წახვიდე, ჩამოიტანო და აქ გააკეთო. ვიღაცამ უნდა დანერგოს, მაგალითად, როგორ გაარემონტონ გენერატორი, ჰიდროგადაცემა. აბა, რად გვინდა მაშინ ეს ინსტიტუტები, დახურეთ,” – ამბობს თბომავლების საამქროს ბრიგადირი მაქსიმე დიასამიძე. 

პროფკავშირებში გვეუბნებიან, რომ ამ პროექტის ჩავარდნა არ გაკვირვებიათ, რადგან “საქართველოს რკინიგზისგან” დანაპირების არ შესრულება პირველი შემთხვევა არ არის.

სისულელე მეგონა ეს და აღმოჩნდა კიდეც. არაერთი მსგავსი პროექტი დაანონსდა. წამზომიც ჩართეს ქუთაისში, რომ აეროპორტში მატარებელი შევიდოდა. წამზომი ამოიწურა და კიდევ არ შესულა. დააანონსეს “შტადლერის” ქარხნის შემოსვლა და ამის ვადებიც ამოიწურა. სამწუხაროდ, არსებული მენეჯმენტის მხრიდან, მიჩვეული ვართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და არასწორი მოლოდინების შექმნას,” – გვითხრა ილია ლეჟავამ. 

ქურთუკების სამკერვალო ქარხანა ტყიბულში

შეუსრულებელი ჩინური დაპირებების სიაშია ტყიბულის ქურთუკების საწარმოც. ამის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 5 ნოემბერს, მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტისას გაფორმდა. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს “საპარტნიორო ფონდისა” და “ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის” წარმომადგენლებმა. 

ჩინეთი ტყიბულში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გეგმავდა. მშენებლობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, პირველ პროდუქციას კი 2020 წელს გამოუშვებდნენ. შეთანხმების მიხედვით, აქ ცნობილი ბრენდების ქურთუკები შეიკერებოდა, რომელსაც ევროკავშირში გავიტანდით ექსპორტზე. 

ჩინური მხარე საწარმოს ტექნიკურად აღჭურვავდა, ასევე, შეარჩევდა დასაქმების მსურველებს, ექვსი თვით ჩინეთში წაიყვანდა და  უფასოდ გადაამზადებდა. “საპარტნიორო ფონდს” კი საწარმომდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია უნდა მოეწყო. 

პროექტის დაანონსებისას, “საპარტნიორო ფონდში” ხაზს უსვამდნენ 300 ახალ სამუშაო ადგილს, რასაც ტყიბულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. იმასაც ამბობდნენ, ტყიბული საგანგებოდ შევარჩიეთ, რადგან აქ კერვის ტრადიცია არსებობდაო. 

“შახტებში მამაკაცები არიან უფრო და ქალბატონებს ნაკლებად აქვთ დასაქმების საშუალება, ამიტომ ჩვენ ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მოვინდომეთ,”- ამბობდა დავით საგანელიძე ხელმოწერის შემდეგ. 

კი მოინდომეს, მაგრამ როგორც ჩანს, სათანადოდ არა. ტყიბულში ქურთუკების საწარმოს მშენებლობა არც კი დაწყებულა. შეთანხმებიდან ერთ თვეში, ჩინელი ინვესტორები ადგილზე ჩავიდნენ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და საწარმოსთვის ორი ადგილი შეარჩიეს. ვარაუდობდნენ, რომ ქარხანას ქალაქის შემოსასვლელში, ყოფილი საავადმყოფოს, ან ჩაის ფაბრიკის შენობაში გახსნიდნენ. მას შემდეგ მერიასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. უფრო იმისთვის იყვნენ ჩამოსულები, რომ ლოკაციები ენახათ. მუნიციპალიტეტმა გაუწია მეგზურობა და დაათვალიერებინა რამდენიმე ადგილი. ამით დასრულდა ჩვენთან კომუნიკაცია. მეტი განხილვა არ ყოფილა, არც ვადებზე იყო საუბარი,”- გვითხრა ტყიბულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ელისო ჭანტურიამ.

ადგილობრივებს ტყიბულში ქართულ-ჩინური ინვესტიცია უხაროდათ. როგორც ამბობენ, აქ შახტის, ერთი სამკერვალოს და სურსათის მაღაზიების გარდა, არაფერი მუშაობს. ამიტომ, იმედი ჰქონდათ, დასაქმების ახალი სივრცე გაჩნდებოდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა. ახალგაზრდა აქტივისტი ცოტნე აბესაძე გვიყვება, რომ ტყიბულელებისთვის ფუჭი მოლოდინები და იმედგაცრუება ყოველდღიურობაა. 

როდესაც გეუბნებიან, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია უკვე და გადაწყვეტილია, სულ მალე, შეიქმნება ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ეს სასიხარულო მოვლენაა ამ ტიპის ქალაქისთვის, როგორიც ტყიბულია. ახლა ჩაშლილია პროექტი და ეს ისევ ამ სტატუს-კვოში ტოვებს ქალაქს, რომ ალტერნატიული სამუშაო არ არსებობს. ეს არ არის პირველი ფაქტი და არც უკანასკნელი. მიჩვეულია ტყიბულის მოსახლეობა, პირობის მიცემას და მერე გადაგდებას. ეს არის ყოველდღიურობა და შესაბამისად, პროტესტის გრძნობაც არ გაქვს,”- გვითხრა ახალგაზრდული მოძრაობა “ძლიერი მუხურას” დამფუძნებელმა ცოტნე აბესაძემ. 

მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 20,839 ადამიანი ცხოვრობს. 2019 წლის მონაცემებით, აქედან დასაქმებულად ითვლებოდა მხოლოდ 2,041, ხოლო დაქირავებულად –  1,633 ადამიანი.

“ნეტავ კი იქნებოდეს რამე და კი გაკეთდებოდეს, თორემ ადგილობრივები რაც შეგვეძლება, მხარში ამოვუდგებით. უკეთესი პირობები რომ იყოს ტყიბულში, არავინ წავა საზღვარგარეთ ხო? შახტა არის, სამკერვალო და მეტი არაფერი, სხვა ტყიბულს რა აქვს? ახალგაზრდები და შუახნის ადამიანები გაედინება ტყიბულიდან,” – გვითხრა მაია აშოთიამ. ის ტყიბულის სამკერვალოში მთავარი ბრიგადირია. 

ტყიბულის სამკერვალო “ემ-ფი-ფი ჯორჯიას” მენეჯერი, მალხაზ ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ კიდევ ერთი საწარმო ტყიბულში კონკურენტულ პირობებს შექმნიდა და შესაძლოა დასაქმებულების ხელფასებიც გაზრდილიყო:

“ვთქვათ, 400 ლარი თუ აქვს აქ და ჩინელს ექნებოდა 500, ჩვენი მკერავი წავიდოდა იმასთან, ლოგიკურია. მერე ჩვენც ავუწევდით ხელფასს. ანუ, ეს კარგი იყო, კონკურენცია, ზოგადად, ხომ კარგია.”

ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის ბოლო ათი წლის განმავლობაში 20 შეთანხმებას და 10 მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები გამართეს პრემიერმინისტრებმა. როგორც ჩანს, მათ საქმიან ვიზიტებს შედეგი ყოველთვის არ მოჰყოლია, თუმცა ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის ილუზია შეიქმნა.  “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” დამფუძნებელი მათე გარდავა ამბობს, რომ რეალურად, თავისუფალი ბაზარი არც საქართველოშია და არც ჩინეთში, ამიტომ, ორივე მხარეს აწყობს, თავი მოაჩვენონ ხალხს, თითქოს, აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ: 

“ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა, სახელმწიფოა მთავარი მოქმედი ფიგურა. ამიტომ, ასეთ ქვეყნებთან ხშირად იდება მემორანდუმი, რუსეთი და ჩინეთიც დებენ. საწარმო შენდება, ქარხანა შენდება მემორანდუმის ფარგლებში, ანუ, ვითომ, ვიღაცის ეკონომიკური მხარდაჭერაა. ეს ქმნის ერთგვარ ილუზიას, რომ სინამდვილეში კომუნისტური ქვეყანა, რომელიც ცენტრიდან იმართება, ვითომ საბაზრო მექანიზმების შექმნისთვის იბრძვის. საქართველოს მთავრობაც არის მომხრე, რომ ეკონომიკის მართვა ცენტრიდან ხდებოდეს და ამას აკეთებს კიდეც. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების ქვეყანა საქართველოც არ არის. ამიტომ, იმასაც აწყობს და ამასაც, რომ ხალხს აჩვენონ, ვითომ საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის მიდის ეს ყველაფერი.“

მემორანდუმი რომ პროექტის რეალურად დაწყებას არ ნიშნავს, ამას “საპარტნიორო ფონდშიც” გვეუბნებიან. ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ქვარიანი ამბობს, რომ ქურთუკების ქარხნის მშენებლობის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ჩინურმა მხარემ ინვესტიციისგან თავი შეიკავა. მართალია, მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა, როცა კოვიდ-19 არც არსებობდა, მაგრამ პროექტის შეჩერება მაინც პანდემიას დააბრალეს. 

“მერე პანდემიური სიტუაციებიც წამოეწია და ჩინურმა მხარემ თავი შეიკავა ინვესტიციის განხორციელებისგან. ჩინურ კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმება არ ნიშნავს ხელშეკრულების გაფორმებას 100 პროცენტით და პროექტის დაწყებას. მემორანდუმი ნიშნავს საერთო ინტერესების გამოკვეთაზე თანხმობას. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ გაგვეკეთებინა. დავით საგანელიძის უშუალო ინიციატივაც იყო. მოგეხსენებათ, ტყიბულს რამდენად სჭირდება საწარმოები, მაგრამ ეს მარტო ჩვენი გადაწყვეტილებით ვერ გაკეთდებოდა, პარტნიორი გვჭირდებოდა. მემორანდუმი როცა გაფორმდა, იყო მზაობა, მაგრამ მერე ხდება ძალიან ბევრი რამის შესწავლა და ინვესტორი თუ თვლის, რომ მსგავსი პროექტი შეუძლია სხვაგან განახორციელოს და ის უფრო მომგებიანი იყოს, აქვს უფლება შეცვალოს გადაწყვეტილება. ვერასდროს დავაძალებთ ვერავის, რომ ფული მაინცდამაინც ტყიბულში ჩადოს.“

გამოდის, მთავრობამ იცოდა, ტყიბულში ქარხნის აშენება რომ გარანტირებული არ იყო, მაგრამ ხალხს მაინც ახარა, თითქოს, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა. კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი დააანონსეს და ასე, ეკონომიკის განვითარების ილუზიაც შეიქმნა. 

“გამოდის პრემიერმინისტრი, ასე საჯაროდ, მედიაში აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია, ხელი მოვაწერეთ, გაცვლილი არის ხელშეკრულებები და ფასი არ აქვს ამ ყველაფერს. ეს მიდგომა არის ცუდი, რომ შენ შეგიძლია ილაპარაკო ხელშეკრულებაზე, რა მომგებიანია ქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ამით პოლიტიკური ქულები დაიწერო, მერე დრო გავიდეს, ჩაიშალოს და პასუხისმგებლობა არავინ აიღოს,” – ამბობს ახალგაზრდული მოძრაობა “მუხურას” დამფუძნებელი, ცოტნე აბესაძე. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ რას მალავს დეკლარაციებში ?
Screenshot 2020 12 23 at 09.51.52 6

ვინ რას მალავს დეკლარაციებში ?

აღმოჩნდა, რომ სამტრედიაში მხოლოდ სამ საჯარო მოხელეს აქვს დეკლარაცია არასრულად

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share