fbpx
m2

“m2” რეკრეაციულ ზონაში მშენებლობას აპირებს

სამშენებლო კომპანია m2 მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ახალი კორპუსის აშენებას გეგმავს. ნაკვეთს ამჟამად რეკრეაციული ზონა 1-ს სტატუსი აქვს. მალე თბილისის საკრებულო სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს. სტატუსის შეცვლის შემთხვევაში კომპანიას უკვე შეეძლება მშენებლობის დაწყება.

 

ანი ქავთარაძე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩასთან ახლოს ცხოვრობს, სადაც სამშენებლო კომპანია m2 ოთხი კორპუსის აშენებას აპირებს.

ანი ქავთარაძე და მისი მეზობლები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. მათ საკრებულოს წერილიც კი მისწერეს, რომელსაც ქავთარაძის თქმით, 300–ზე მეტი ადგილობრივი აწერს ხელს. ისინი ითხოვენ, m2-ს არ მიეცეს მშენებლობის დაწყების ნებართვა და საკუთარი არგუმენტების უკეთ დაფიქსირების მიზნით საკრებულოში საკითხის განხილვაში მონაწილეობა სურთ.

ტერიტორიას ამჟამად რეკრეაციული ზონა 1-ს სტატუსი აქვს. ეს სტატუსი იქ მშენებლობას კრძალავს.

მოქმედი კანონმდებლობით, ადგილზე, რომელსაც რეკრეაციული ზონა 1–ს სტატუსი აქვს, შეიძლება იყოს მხოლოდ სკვერი, ბულვარი, გაზონი ან სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურა, რომელიც დასვენებისთვის არის შექმნილი.

ადგილი, სადაც კომპანია ოთხი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებს, მიხეილ შავიშვილის ქ. #2–ში მდებარეობს და 19,614 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ეს ტერიტორია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის მდებარეობს. ოთხი კორპუსი 386 საცხოვრებელ ბინაზეა გათვლილი.

ანი ქავთარაძისთვის და სხვა მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიას სარეკრეაციო ფუნქცია შეუნარჩუნდეს და იქ მშენებლობა არ დაიწყოს.

„აქ რომ ოთხი ოცსართულიანი კორპუსი და ოთხასადგილიანი მიწისზედა პარკინგი დაიდგას, კატასტროფა იქნება. ძალიან ვიწრო ქუჩა შემოდის – საერთოდ დაიბლოკება გამავლობა. თან, ძველი კორპუსებია, დაახლოებით, 50–60 წლის და მშენებლობა რყევებს გამოიწვევს. მთლიანად კვარტალს კომუნიკაციების პრობლემა აქვს, რადგან არსებულ სისტემაზე უნდა გაიყვანონ ახალი კომუნიკაციები, “ – ამბობს ანი ქავთარაძე.

ზონის სტატუსის შეცვლა

იმისათვის, რომ კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღოს, ადგილს ზონის სტატუსი უნდა შეეცვალოს.

ამ ადგილს რეკრეაციული ზონა 1-ს სტატუსი “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის” საფუძველზე თბილისის საკრებულომ 2009 წელს მიანიჭა.

ამჟამად, ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმისწარმოება მიმდინარეობს, განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის ფარგლებში. ზონის სტატუსის შეცვლის უფლებამოსილება ქალაქის საკრებულოს გააჩნია.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” იურისტი ანანო ცინცაბაძე „აი, ფაქტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიამ 2008 წელს მიიღო, თუმცა, მას ვადა 2011 წელს გაუვიდა.

ცინცაბაძის თქმით, კომპანიამ 2015 წელს მერიას ვადაგასული დოკუმენტის კორექტირებისთვის მიმართა.

ახალმა შესწორებულმა გეგმამ ზონა იგივე დატოვა, თუმცა, მერიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ტერიტორიაზე დასაშვებია ოთხი კორპუსის მშენებლობა.

საბოლოოდ, ეს ცვლილება იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ დოკუმენტში, “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმაში” უნდა შევიდეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიას თავის დროზე რეკრეაციული ზონა 1–ის სტატუსი მიენიჭა.

„ეს რეკომენდაცია კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმით საკრებულოში უნდა შევიდეს და საკრებულომ უნდა იმსჯელოს, მისაღებია თუ არა ზონის ცვლილება. ჯერ–ჯერობით პროექტი მერიას საკრებულოში არ გადაუგზავნია და სხდომის თარიღი უცნობია. თუმცა, როდესაც განხილვა დაინიშნება, გვაცნობებენ და სხდომას დავესწრებით,“ აცხადებს ანანო ცინცაბაძე.


მშენებლობის დროს მოსაჭრელი ხეები

მოსახლეობის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ტერიტორიაზე არსებული ხეების გაჩეხვაა.

„ამ ტერიტორიის ნაწილზე მოსახლეობას ბაღები აქვს გაშენებული. კომპანიას განცხადება შეტანილი აქვს მხოლოდ იმ ხეებზე, რომელზეც კანონი ავალდებულებს. დამატებით აქ არის ხეხილი, იასამნის ბუჩქები. რეალურად, გაცილებით დიდი რაოდენობის ხე მოიჭრება,“ – ამბობს ანი ქავთარაძე.

ხეების ჭრასთან დაკავშირებით m2–ს განცხადება მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში 13 ხის თაობაზე აქვს შეტანილი. მოსაჭრელი ხეების საერთო საკომპენსაციო ღირებულება 9,674 ლარს შეადგენს.

ხეების მოჭრაზე თანხმობის მიღების შემდეგ, კომპანიას ორმაგი ვალდებულება აქვს: ხეების მოჭრისთვის ფინანსური ანაზღაურების გადახდა და ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო-აღდგენითი გეგმის წარდგენა თბილისის მერიაში.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესებს ეხება, ჭრა დასაშვებია, თუ ხე დაავადებულია, ზეხმელია (ანუ ზრდაშეწყვეტილი) ან ფაუტი (დამპალი) და გამოფიტულია.

გადაწყვეტილებას დაზიანებული ხეების მოჭრაზე გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახური იღებს.

მერიას კომპანია მიმართავს, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გასაცემად, რომლის წარმოდგენის შემთხვევაში ისინი ხეების ჭრის ნებართვასაც მიიღებენ.

კომპანიამ მერიას უნდა წარუდგინოს საექსპერტო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ხეები ნამდვილად დაავადებულია.

მოქმედი კანონმდებლობით, დაინტერესებული მხარე დასკვნას კერძო კომპანიისგან იღებს, რომელსაც ის ქირაობს.

m2 მოსახლეობას 100 ხის დარგვას, 100–ზე მეტი არსებული ხის მოვლას და 2,750 კვ.მ–ის სარეკრეაციო ზონის არსებობას ჰპირდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი m2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ დავით გორგილაძეს ვთხოვეთ. გორგილაძე საკითხის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა, საბოლოოდ, კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.


m2-ს მოთხოვნა საქართველოს პარლამენტს

2016 წლის 15 დეკემბერს, კომპანია m2-მა საქართველოს პარლამენტს ღია წერილი მისწერა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ბურდილაძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ თავის კუთვნილ ტერიტორიაზე დაავადებული ხეების მოჭრის ნებართვისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე მოჭრის ნებართვა არ ჰქონდა.

ამ წერილით, ბურდილაძე დაავადებული ხეების ნებართვის გარეშე მოჭრის უფლებასა და ფულადი კომპენსაციის გაუქმებას მოითხოვდა.

ამ ცვლილებების ინიციატივით პარლამენტს გასულ წელს მოქალაქე დავით სონღულაშვილმა მიმართა. სონღულაშვილის ოჯახი სამშენებლო კომპანია „სონეტ ქონსთრაქშენს“ ფლობს, რომელიც „მზიურის“ პარკის ახლოს, სარეკრეაციო ზონაში საცხოვრებელ სახლებს აშენებს.

სონღულაშვილის ინიციატივის შემდეგ, მიმდინარე წლის 6 აპრილს კანონში „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ ცვლილებები შევიდა.

ამ ცვლილებამ სამშენებლო კომპანიებს საკუთარ ტერიტორიაზე დაავადებული ხეების მოჭრის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება გაუუქმა, ხოლო მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალი ხეების დარგვის ვალდებულება დაუტოვა.

m2 არის სააქციო საზოგადოება, რომელიც 2006 წლის 27 სექტემბერს დაარსდა და საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანიაა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაურია.

ფოტოები აღებულია: https://docs.tbilisi.gov.ge/

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩასწორება

ჩასწორება

“აი, ფაქტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით “m2 რეკრეაციულ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share