fbpx
11296598 1112745218755316 1908342636 o 1

მკერავები შრომის უფლებების დაცვას ცდილობენ

„ჩვენს დირექტორს, თათა ვარდანაშვილს სამკერვალო ქარხანაში თავისი მოძღვარი ჰყავდა მოყვანილი, სახელად ღვთისო, რომელიც ქაშვეთის ტაძარში მსახურობს. მან ზუსტად ეს სიტყვები გვითხრა: „თქვენისთანა ავი ქალები ზრდიან მკვლელ შვილებსო. მღვდლები მანამდეც მოჰყავდა, პარაკლისს გვიტარებდნენ, მაგრამ იმათ შეურაცხყოფა მაინც არ მოუყენებიათ.“

„თათა არაადეკვატურია, ჩვენ, მკერავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს, უწიგნურებს და ქუჩიდან მოსულებს გვიწოდებს.“

„თვითონ 5 000 ლარს იღებს თვეში, ჩვენ კი 200 ლარზე გვაწუწუნებს. არ უნდა, რომ საწარმომ იმუშაოს, მისი გაკოტრება და წილის უკან დაბრუნება უნდა. რამდენჯერმე თქვა, სუდარა უნდა გადავაფარო აქაურობასო.“

„აქ დასაქმებულთა დიდ ნაწილს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ ჩვენს ოჯახებს რომ დასჭირდა იძულებული გავხდით მკერავებად გვემუშავა. ამის გამო ვინმემ შეურაცხყოფა რატომ უნდა მოგვაყენოს?“

ეს ნაწილია იმ საჩივრებისა და პრობლემებისა, რომლებიც შპს „დემეტრე 96“-ში დასაქმებულებს უკვე ორი წელია აქვთ. სამკერვალო ქარხნის 100%-ანი წილის მფლობელი შპს „რეაბილიტაციაა,“ რომელსაც თავის მხრივ სახელმწიფო (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) ფლობს. საწარმოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ორი დირექტორი ჰყავს, თამარ (თათა) ვარდანაშვილი და ნიკა ვარდიაშვილი. კომპანიის მუშაობით სარგებელს სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს.

შპს „დემეტრე 96“ თათა ვარდანაშვილმა 2007 წელს დაარსა, 2010 წელს კი ის სახელმწიფოს, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს აჩუქა. საწარმოში ჯარისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იკერებოდა. 2013 წელს, ირაკლი ალასანიას ბრძანებით კომპანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. სწორედ ამ დროიდან იწყება ის პრობლემები, რომლებიც ვრცლად რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოვიხილეთ.

2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე საწარმო გაჩერებული იყო. თებერვალში კი 450 მუშიდან მხოლოდ 100-მა დაიწყო მუშაობა. ამჟამად, „დემეტრე 96“ ტენდერში გამარჯვებული კონკურენტი კომპანიების მცირე დაკვეთებს ასრულებს. შესაბამისად, მკერავთა ანაზღაურებაც 200 ლარია.

სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მკერავებმა 15 მაისს საწარმოს ეზოში თათა ვარდანაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.

„რამდენიმე თვე გაჩერებული ვიყავით, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩით. ახლა ძლივს დავიწყეთ მუშაობა, რაღაც პატარ-პატარა დაკვეთები გვაქვს. თუმცა, თათა ისე აგრესიულად იქცევა, რომ ამ დამკვეთებსაც გააქცევს და ისევ გაჩერება მოგვიწევს. გუშინ ერთ-ერთ დამკვეთს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, მეორედ ის აქ მომსვლელი აღარაა,“ ამბობს საწარმოს თანამშრომელი ინგა შარტავა.

ვარდანაშვილი კი ამბობს, რომ ის კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლებს (შპს „დემეტრე 96“-ს ამჟამინდელ დამკვეთებს) „შიდა სამზარეულოში“ ჩახედვის საშუალებას არ მისცემს. „მირჩევნია 6 თვე გაჩერებული იყოს საწარმო, ვიდრე ჩვენი კონკურენტები აქ მოდიოდნენ და ხედავდნენ როგორ ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ. მერე წავლენ და იგივეს თვითონაც გააკეთებენ, ამით კი ჩვენი საწარმოს უნიკალურობა დაიკარგება,“ – გვითხრა ვარდანაშვილმა, რომელიც დასაქმებულებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს უარყოფს.

15 მაისს მკერავებთან შესახვედრად ბიძინა ჩიკვილაძე, შპს „რეაბილიტაციის“ დირექტორი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მივიდა. მისი თქმით, სამინისტროს დაქვემდებარებაში ახლა 240-მდე შპს-ა, რომელთა მართვა რთულია. დასაქმებულებმა ჩიკვილაძეს თათა ვარდანაშვილის თანამდებობიდან უპირობოდ გათავისუფლება მოთხოვეს და გადაწყვეტილების მისაღებად დრო 19 მაისამდე მისცეს.

თავად ვარდანაშვილი კი ამბობს, რომ საწარმოს დატოვებას არ აპირებს. მეტიც, სურს, ის რაც სახელმწიფოს ერთ დროს აჩუქა უკან დაიბრუნოს, რადგან ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანიის გაყიდვას აპირებს. კითხვაზე თუ რა ბერკეტებით აპირებს იბრძოლოს სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ამბობს, რომ მას მხოლოდ ღმერთის იმედიღა აქვს. „ჩემს სიმართლეს ღმერთი გამოიყენებს თავის სადიდებლად.“

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ინფრასტურქტურა vs სტიქიით დაზარალებულები – როგორ ხარჯავს თბილისის მერია თანხებს
infrastruqtura

ინფრასტურქტურა vs სტიქიით დაზარალებულები – როგორ ხარჯავს თბილისის მერია თანხებს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share