fbpx
რუსეთის “ყური” ქართულ საპატრიარქოში

რუსეთის “ყური” ქართულ საპატრიარქოში

ავტორები: ნანუკა ბრეგაძე, ია ასათიანი და მარიამ კაჭკაჭაშვილი

ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მთავრობაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ იგივე KGB) საბჭოთა კარტოთეკის დოკუმენტები გავრცელდა. მასალები ქართველი მღვდლების უშიშროებასთან თანამშრომლობის შესახებაც იუწყება და მათ აგენტურულ ზედმეტსახელებსაც გვამცნობს. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი პატრიარქს ეხება. მეორე კი მასთან ძალიან დაახლოებულ პირს – გიორგი ხარაზაშვილს. 

სუკ-ის აგენტობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დასრულდა. თუმცა, ხარაზაშვილის რუსეთთან კავშირი გაგრძელდა. ის რანგით მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არაა, თუმცა შინაარსობრივად მისი საქმიანობა საპატრიარქოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ის აგვარებს სხვადასხვა საკითხს რუსულ მხარესა და საპატრიარქოსთან.

2021 წლის სექტემბერში გავრცელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების ამსახველი ჩანაწერები. ამ დოკუმენტურ მასალაში გიორგი ხარაზაშვილის სახელსა და გვარს ბევრჯერ წააწყდებით, ძირითადად, ნაამბობია მისი კავშირებისა და რუსეთის სუკ-თან თანამშრომლობის შესახებ. 

“აი, ფაქტმა” სუს-ის ფაილებში ხარაზაშვილის შესახებ ნაპოვნი ჩანაწერები სხვა დოკუმენტებსა და ადამიანების მონათხრობს შეადარა და გიყვებით, რა ამბავი გამოირკვა. 

ხარაზაშვილის რუსული კავშირები 

სუს-ის მასალებში სუკ-ის აგენტებისთვის მიძღვნილი ცალკე დოკუმენტია და აქ გიორგი ხარაზაშვილზე წერია, რომ ის 1983 წელს რატი ტატიშვილმა, რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის მოადგილემ გადაიბირა. იმ პერიოდისთვის რელიგიის საბჭო პირდაპირ სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს ემორჩილებოდა და ის სუკ-ისთვის ახალი აგენტების მოძიებისა და გადაბირებისთვის ხელსაყრელი ადგილი იყო. დოკუმენტების მიხედვით, ხარაზაშვილს  ზედმეტსახელად “Даниил” ეწოდა.

ამ ფაქტის სინამდვილის ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოდგება ფოტო, რომელიც სუს-ის ფაილებისგან დამოუკიდებლად იძებნება ინტერნეტში. მასზე სუკ-ის თანამშრომლის სააღრიცხვო ბარათი, ე.წ. ფორმა 3-ა ნაჩვები, სადაც გიორგი ხარაზაშვილის მონაცემებია შეტანილი და ის სუკ-ის აგენტად, მეტსახელად “Даниил” არის მოხსენიებული. ეს იმ კარტოთეკის ნაწილია, რომელიც,  90-ან წლებში ეროვნულმა მოძრაობამ გაასაჯაროვა

მსგავსი ბარათები ლატვიის მთავრობამ 2018 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, როდესაც სუკ-ის (KGB-ს) აგენტების არქივი გახსნა. ლატვიის დოკუმენტები საქართველოში გავრცელებულების მსგავსია. ბარათების სტრუქტურა, შინაარსი და შემვსებლის კალიგრაფიაც კი მსგავსია. შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ კართოტეკიდან გავრცელებული ქართული მასალები ნამდვილია. 

kharazashvili
გიორგი ხარაზაშვილი

თავად ხარაზაშვილი ჩვენთან საუბრისას ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისთვის უცხოა. დეკანოზს ვკითხეთ, მაშინ რატომ არსებობს დოკუმენტი, რომელიც მის სუკ-ის აგენტობას ადასტურებს. მან გვიპასუხა, რომ ეს კითხვა მას კი არა, სუკ-ის იმ თანამშრომელს უნდა დავუსვათ, რომელმაც ანკეტა შეადგინა: “ჩემზე რომ თქვან სპილოაო, ხორთუმის ძებნა დავიწყო?!” 

მეორე მტკიცებულებად შეგვიძლია განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ხუთი წყაროს დასტური. წყაროთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია, ორი თეოლოგი, ორი კი სასულიერო პირი. მათი თქმით, ხარაზაშვილის სუკ-ის აგენტობის შესახებ ინფორმაცია ამ წრეში ყველასთვის ხელმისაწვდომი და ცნობილია.

კიდევ ერთ მტკიცებულებად შეიძლება განვიხილოთ ხარაზაშვილისა და დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძის კავშირი. ლოსაბერიძემ ხარაზაშვილი ეკლესიაში მიიყვანა და მასთან ერთად 1984 წლიდან მსახურობდა. 1995 წელს ლოსაბერიძემ სუკ-ის აგენტობა საჯაროდ აღიარა. “აი, ფაქტმა” მოიპოვა მისი აღიარების აუდიო მტკიცებულება და ასევე მისი სუკ-ის აგენტობის დამადასტურებელი სააღრიცხვო ბარათი.

ვეცადეთ, გიორგი ხარაზაშვილისთვის ესეც გვეკითხა. კითხვა ჯერ დასრულებული არ გვქონდა და სუკ-თან თანამშრომლობა ნახსენები, როცა დეკანოზმა გვითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დავუზუსტეთ, რომ არსებობს აუდიო მტკიცებულება, სადაც ელგუჯა ლოსაბერიძე ამას თავად აღიარებს. ხარაზაშვილმა გვიპასუხა: “მე არ ვიცი ეგ ამბავი, საყვარელო, არ ვიცი. მართლა არ ვიცი.” 

შემდეგ დავაზუსტეთ რომელი წლიდან რომელ წლამდე მუშაობდა გიორგი ხარაზაშვილი დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძესთან. მან დაგვიდასტურა, რომ 1983 წლიდან მის გარდაცვალებამდე (2021). 

მაშინ გაუგებარია როგორ შესძლო დეკანოზმა, არ სცოდნოდა ელგუჯა ლოსაბერიძის აღიარება, რომელიც 1995 წელს მან საჯაროდ, პატრიარქთან ერთად, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, სვეტიცხოვლის ტაძარში გააკეთა. 

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ოფიციალურად აღარ არსებობს. არაოფიციალური კონტაქტები კი ისევ ადგილზეა. ხარაზაშვილმა რუსებთან კომუნიკაცია აქტიურად გააგრძელა. ხარაზაშვილის რუსეთთან და რუს პოლიტიკურ წრეებთან ახლო ურთიერთობას სხვა მოვლენებიც ადასტურებს. მაგალითად, მისი რუსეთში ვიზიტები; მეგობრობა გრიგორ კარასინთან, “რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიასთან თუ საქართველოს თავდაცვის  ყოფილ მინისტრთან, ამჟამად რუსეთში მყოფ ბიზნესმენ, ვარდიკო ნადიბაიძესთან. ამ ფაქტებს თავად დეკანოზიც ადასტურებს და ამბობს, რომ ვარდიკო მისი სულიერი შვილია, ზურაბ აბაშიძე და გრიგორ კარასინი კი მეგობრები.

“აი, ფაქტისთვის” დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი და მისი რუსული კავშირები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრია. 

ამჟამად ხარაზაშვილი, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის გარდა, სამების საკათედრო ტაძარშიც მსახურობს. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი გვიყვება, რომ ხარაზაშვილის მთავარი ფუნქციაა, იყოს საპატრიარქოს “ყური” ანუ უზრუნველყოს ინფორმაციის მიმოცვლა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.  

“ეს ხარაზაშვილი არის, რუსები რომ იტყვიან, პატარა “სოშკა.” მისი ფუნქცია არის ერთადერთი, რომ პატრიარქამდე ან საპატრიარქოს ყურამდე მიიტანოს რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული რუსეთის მხრიდან ან პირიქით, გადასცეს რუსებს ამ ტიპის ინფორმაცია. ის “ყურია” საპატრიარქოში, ასე შეიძლება ითქვას,” – გვითხრა მინდიაშვილმა. 

მსგავსი შინაარსის ჩანაწერი სუს-დან გამოჟონილ დოკუმენტებშიც არის. ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ გიორგი ხარაზაშვილი მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის მთავარი საკონტაქტო პირი გახდა. ხარაზაშვილი ურთიერთობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან (გრიგორ კარასინი), რუსული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებთან და რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის გავლენიან წევრებთან (მიხეილ ხუბუტია, ალექსანდრე ებრალიძე, ვარდიკო ნადიბაიძე). მას ხშირად იწვევენ რუსეთში, საპატრიაქოს საქმეებზე, კონფერენციებზე, რუსეთის პატრიარქის დაბადების დღეზე და ა.შ. 

“პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რუხი კარდინალია, რომელიც თავის რუსულ საქმეს გარედან უხმოდ, მაგრამ შიგნიდან საკმაოდ ხმაურიანად აკეთებს,” – გვითხრა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. 

სუს-ის ფაილებში ვკითხულობთ, რომ გიორგი ხარაზაშვილი უზრუნველყოფს ოფიციალურ კავშირს  რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის. ასევე, უძღვება რუსული ეკლესიის წარმომადგენლების საქართველოში საქმიანი თუ კერძო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას. დეკანოზს პირდაპირი კავშირი აქვს რუსული საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების თანამშრომელ დეკანოზ ნიკოლაი ბალაშოვთან. ბალაშოვი მართლმადიდებლურ სამყაროში და სუს-ის ჩანაწერებში ცნობილია, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების მაღალი რანგის თანამშრომელი და რუსეთის ამჟამინდელ პატრიარქ კირილ გუნდიაევთან დაახლოებული პირი. 

ახლა შევეცდებით ყველა ეს ამბავი მტკიცებულებებით გავაჯეროთ. ქრონოლოგიურად მივყვეთ და ორიენტირად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი ავიღოთ. 

სუს-ის დოკუმენტების მიხედვით, 2009-2013 წლებში ხარაზაშვილი კურირებდა საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობებს შეიარაღებულ ძალებთან. ამას გვიდასტურებს ჩვენი ერთ-ერთ წყაროც, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. 

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი კი გვიყვება, რომ 2008 წლის ომის დროს, როდესაც პატრიარქი გორში ჩავიდა, ჰუმანიტარული დერეფნისა და უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან სწორედ ხარაზაშვილი აგვარებდა: “საქართველოს ეკლესიამ იქ უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა. რამდენიმე საათი ჰუმანიტარული დერეფანი გაუკეთეს. მერე გარანტიები მისცა რუსეთის ეკლესიამ, კერძოდ საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, ილარიონ ალფეევმა და კირილმა, რომელიც მაშინ მიტროპოლიტი იყო და გარკვეული აზრით, მოსაყდრის როლს ასრულებდა. როცა შევიდნენ იქ, ხარაზაშვილიც ახლდა დელეგაციას და მან იტვირთა შუამავლის როლი გენერალ ბორისოვსა და ილიას შორის.” 

ამ ისტორიის ნამდვილობას ამტკიცებს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ინტერვიუები და ვიდეო კადრი, რომელშიც ჩანს, რომ ხარაზაშვილი მართლაც ახლდა ილია მეორეს გორში აგვისტოს ომის დღეებში. 

რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში ხარაზაშვილის ჩართულობას ასევე ადასტურებს “საპატრიარქოს უწყებანის” 2008 წლის 28 აგვისტოს სპეციალურ ნომერში არსებული მასალები. აღნიშნულ ნომერში დაბეჭდილია ილია მეორის მიმართვა, რომელშიც ჯარისკაცების ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის გიორგი ხარაზაშვილს. 

“საპატრიარქოს უწყებანის” მიხედვით, გიორგი ხარაზაშვილი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან (ბერბიჭაშვილთან) ერთად მონაწილეობდა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებაში, რომელიც ქართველი ტყვე ჯარისკაცების გამოხსნას შეეხებოდა. როგორც საპატრიარქოს მასალიდან ირკვევა, 20 აგვისტოს პატრიარქმა რუსეთის ელჩს, ვიაჩესლავ კოვალენკოს სთხოვა, ეშუამდგომლა რუსეთის მთავარსარდლობასთან, ფოთის პორტში დატყვევებულ ქართველ სამხედროებზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად, 23 აგვისტოსთვის 22 ტყვე ჯარისკაციდან 10 გათავისუფლდა.  

ფაქტი ხარაზაშვილმაც დაადასტურა: “ცუდი საქმე გავაკეთე თქვენი აზრით?! ვისაც დაავალეს, ის აკეთებდა. მე კონტაქტები მაქვს საქართველოს საპატრიარქოს დავალებით, ის რაც მქონდა. მე პირადი ინტერესები რუსეთთან არ გამაჩნია. ძალიან კარგად ვიცი ვინ არიან, რა არიან, რა გააკეთეს. არცერთი ქართველი არ შეურიგდება იმას, რომ რუსეთს ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს  ჰქონდეს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები.”

პასუხის შემდეგ დეკანოზს ვკითხეთ, თუ ასე ფიქრობს, მაშინ რატომ სტუმრობდა რუსეთს საპატრიარქოს დელეგაცია მისი მონაწილეობით ასე ხშირად. მან პასუხისგან თავის არიდება სცადა და ბოლოს გვითხრა, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა და მას სამშობლოს, ეკლესიის სიყვარული მუდამ თან სდევს. 

რუსეთის მაშინდელი ელჩი საქართველოში ყოველთვის გამოირჩეოდა ახლო ურთიერთობით საქართველოს საპატრიარქოსთან. ის ხშირად ესწრებოდა პატრიარქის მსახურებას და საპატრიარქოშიც სტუმრობდა მას. კოვალენკოს პატრიარქმა უმასპინძლა 2007 წლის აპრილში, 2008 წლის იანვარსა და ივლისშიც, ომამდე რამდენიმე დღით ადრე. მიღება 24 ივლისს გაიმართა. პატრიარქმა კოვალენკოსთან ერთად რუსულენოვან მწერლებსაც უმასპინძლა და ჯილდოდ კულტურული მემკვიდრეობის ორდენი და სიგელიც მიიღო, “მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გამრავლების საქმეში.“ როგორც ჩანს, ელჩთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პატრიარქის “მარჯვენა ხელ” ხარაზაშვილსაც. 

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილისა და დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით, ხარაზაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც 2008 წლის ომისა და რუსეთის საელჩოს დახურვის შემდეგ, სექტემბერში საქართველოდან მიმავალი კოვალენკო გააცილა

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო არქივი

“ეს კაცი გააცილა ბოლოს ხარაზაშვილმა აეროპორტში. არავინ ყურადღება არ მიაქცია, რომ მღვდელი აცილებდა რუსეთის ბოლო ელჩს. საჯაროდ, ჩვეულებრივ გააცილა,“ – ამბობს გამრეკელაშვილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო არქივში ნამდვილად ვიპოვეთ აეროპორტში გადაღებული კადრები, სადაც კოვალენკო ხარაზაშვილსა და ცნობილ რუსეთუმე ვალერი კვარაცხელიასთან ერთადაა აღბეჭდილი. დეკაზონი აცილებს საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ელჩს , აგვისტოს ომიდან თვენახევარში.  

“ვიაჩესლავ კოვალენკო იყო ომამდე და ომის მერეც ცოტა ხანს რუსეთის ელჩი საქართველოში. მე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მქონდა და მაქვს ზოგიერთი ურთიერთობები, იმისთვის, რომ საპატრიარქოს აქვს გარკვეული კონტაქტები. ასე რომ ეს არ არის ჩემი პირადი კონტაქტები,” – ამბობს ხარაზაშვილი. 

შემდეგ დეკანოზს ვკითხეთ, მაშინ ომის შემდეგ რატომ გააცილა რუსეთის  ელჩი კოვალენკო, როდესაც საპატრიარქოს საგარეო ურთერთობებს მეუფე გერასიმე შარაშენიძე კურირებს. მან გვიპასუხა: “ეს უწმინდესს ჰკითხეთ და გიპასუხებთ.” 

როგორც ჩანს, ომმა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ საქართველოს საპატრიარქოს ხელი ვერ შეუშალა მეგობრობა გაეგრძელებინა რუსეთის საპატრიარქოსა თუ პოლიტიკოსებთან.  შესაბამისად აქტიურად აგრძელებდნენ რუსეთში ვიზიტებსაც. გადაწყვიტეს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებდნენ. ამ და ბევრი სხვა მიზნით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში ვიზიტებს მართავდა. დელეგაციების მუდმივი წევრი კი დეკანოზი ხარაზაშვილი იყო, რა სტატუსით, უცნობია. ჩვენ რამდენიმე ასეთი ვიზიტის შესახებ ვიპოვეთ ცნობები არქივსა და საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთებში: 

  • 2008 წლის 4-10 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, მაშინდელი გორისა და ნიქოზის მირტოპოლიტ ანდრიას, დეკანოზ გიორგი ხარაზაშვილისა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ზურაბ აბაშიძის შემადგენლობით მოსკოვში გაემგზავრა. მათი თქმით, სწორედ ეკლესიებმა უნდა განმუხტონ ეტაპობრივად ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა.   
  • 2008 წლის დეკემბერში ილია მეორე ჩავიდა მოსკოვში, პატრიარქ ალექსი II-ის დაკრძალვაზე. დელეგაციის წევრი იყო გიორგი ხარაზაშვილიც. იმავე ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს და “რუსეთში ქართველთა კავშირის” თავმჯდომარეს, პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას.
  • 2009 წლის პირველ თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პატრიარქ კირილის აღსაყდრებაში. 2 თებერვალს ახლადაღსაყდრებულმა კირილმა მოსკოვის საპატრიარქოს რეზიდენციაში მიიღო საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, რომელშიც მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძესა და საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ გერასიმე შარაშენიძესთან ერთად იმყოფებოდა დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ზურაბ აბაშიძე. 
  • მომდევნო ვიზიტი კვლავ 2009 წელს გაიმართა. 29 ივნისიდან 6 ივლისამდე მოსკოვში გაემგზავრნენ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი გერასიმე შარაშენიძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი და ზურაბ აბაშიძე. მოსკოვში, რუსული მხარიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ილარიონ ალფეევი, მისი მოადგილე, დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი და დეკანოზი გიორგი იაკიმჩუკი. ამავე ვიზიტის დროს საპატრიარქოს დელეგაცია შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორ კარასინს და ვიზებისა და პირდაპირი საავიაციო რეისების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  
  • 2009 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ხარაზაშვილთან ერთად კიდევ ერთხელ ეწვია რუსეთს. ამჯერად, ხარაზაშვილი უკვე პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის სტატუსით იმყოფებოდა. დელეგაცია მოსკოვში რუსეთის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილეს, ნიკოლაი ბალაშოვს შეხვდა.  

გარდა უშუალოდ საპატრიარქოში ვიზიტებისა, ხარაზაშვილი ჩართულია “მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივ ფონდთან” ურთიერთობაში. ფონდი 1995 წლის აპრილში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესობის პატრიარქის ალექსი II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ფონდის პრეზიდენტი ვალერი ალექსეევია, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მრჩეველიცაა. სწორედ ესაა ის ორგანიზაცია, რომელსაც სერგეი გავრილოვი წარმოადგენდა.  

“მე ამ ფონდის კონფერენციებში სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს  მონაწილეობა მიღებული, საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით. ჩემი ნებით იქ ვერ წავალ, რაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, უნდა გქონდეს უწმინდესის კურთხევა. ყველა ჩემი სიტყვა იქ თქმული ან ქცევა შეთანხმებულია საპატრიარქოსთან,” – ამბობს დეკანოზი “აი, ფაქტთან” საუბრისას. 

ალექსეევი მონაწილეობდა რუსეთში, 2008 წლის ნოემბერში საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის შეხვედრაში, რომელზეც ომის საკითხს განიხილავდნენ. სუს-ის ფაილებში ვკითხულობთ, რომ ალექსეევი ხარაზაშვილის ახლო მეგობარია. ამას მათი ხშირი შეხვედრებიც ადასტურებს. ფაილებში ვკითხულობთ, რომ ვალერი ალექსეევი არის რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი, რომელიც ქართული ეკლესიის მიმართულებას განაგებს.  

2012 წლის 21-დან 22 ივლისამდე საქართველოს პატრიარქის მოწვევით თბილისში იმყოფებოდა “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის” (МОФЕПН) პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი ალექსეევი. ალექსეევის თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მოლაპარაკებებში მონაწილე ფიგურა სწორედ გიორგი ხარაზაშვილი იყო. საპატრიარქოსთან დაახლოვებული პრორუსული გამოცემა “საქინფორმი” წერს: „МОФЕПН“-ის პრეზიდენტის, ბატონი ვ. ალექსეევის უკიდურესად დატვირთული ორდღიანი ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარიდან მისი მთავარი ორგანიზატორის – დეკანოზ გიორგი (ხარაზაშვილის) მუდმივი მონაწილეობით მიმდინარეობდა.” მასალას ფოტოებიც აქვს დართული, რომელიც შეგიძლიათ ბმულზე ნახოთ.

ამის შემდეგ ალექსეევი კიდევ ესტუმრა პატრიარქს, ნოემბერში. მიზანი იყო, ხარაზაშვილთან ერთად დაეგეგმათ ილია მეორეს ვიზიტი მოსკოვში, 2013 წლის იანვარში, როდესაც მას ფონდის პრემია გადაეცემოდა. “საქინფორმთან” ინტერვიუში ალექსეევი ამბობს: “სიმბოლურად დაემთხვა, რომ როდესაც საქართველოში ყველა იზეიმებს მის 80 წლის იუბილეს, იმავე დღეებში ის მოსკოვში ჩამობრძანდება, სადაც 21 იანვარს ეს პრემია გადაეცემა! „ვიზიტი წინასწარ მომზადდება. უწმინდეს პატრიარქთან შეთანხმებით, მისი ლოცვა-კურთხევით მოსკოვში მივლენილ იქნება დეკანოზი გიორგი (ხარაზაშვილი), რომელიც ჩვენთან ერთად დაკავდება ვიზიტის მომზადებით.“

2013 წლის იანვარში ფონდმა ილია მეორე მართლაც დააჯილდოვა პრემიით, რომელსაც პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებად მიიჩნევს. 

ორგანიზაციის პრეზიდენტთან მეგობრობას ხარაზაშვილი კვლავ აგრძელებდა. 2019 წელს, გავრილოვის სტუმრობის დროს, ალექსეევმა სთხოვა ხარაზაშვილს დახმარებოდა პიატიგორსკის არქიეპისკოპოსის, ფეოფილაქტე კურიანოვის ილია მეორესთან შეხვედრაში, რაზეც ხარაზაშვილი დათანხმდა. ეს ამბავი სუს-ის 2019 წლის 14 ივნისის ჩანაწერებიდან ხდება ცნობილი. როგორც ჩანს, არც ეს ფაქტია სიმართლეს  მოკლებული, რადგან 19-20 ივნისს ფეოფილაქტე კურიანოვი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში, როგორც  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრი და პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდა. ეს ფოტოებით დასტურდება.     

პატრიარქთან შეხვედრის მსურველები ჯერ დეკანოზ გიორგი ხარაზაშვილის უკავშირდებიან, შემდეგ კი მისი დახმარებით სასურველ შედეგს აღწევენ. მაგალითისთვის, მერაბ ტოსტიაშვილი, “საქართველოს ხალხთა სათვისტომოს ნოვოსიბირსკის ორგანიზაციის” პრეზიდენტი “საქინფორმთან” ინტერვიუში ჰყვება, რომ როდესაც მას ციმბირში ქართული ეკლესიის მშენებლობა უნდოდა, ტომსკის სათვისტომოს ხელმძღვანელმა საქართველოს პატრიარქის პირად წარმომადგენელთან, დეკანოზ გიორგი ხარაზაშვილთან დაკავშირება ურჩია, რომელიც დაეხმარებოდა შემდეგ უკვე პატრიარქთან შეხვედრაში და სხვა იურიდიულ დეტალებში. “მასზე უკეთ ვერავინ დაგვეხმარებოდა კათალიკოს პატრიარქთან შეხვედრაში და გვასწავლიდა, რა საბუთები იყო მოსამზადებელი. ჩვენ საერო ადამიანებს ამგვარი საქმეებისა არაფერი გვესმოდა,” – ამბობდა მერაბ ტოსტიაშვილი. 

ნოვოსიბირსკის სათვისტომოს პრეზიდენტი ინტერვიუს გაგრძელებაში იმასაც ამბობს, რომ ილია მეორემ მას შვებულების დროს ქობულეთის რეზიდენციაში უმასპინძლა. ეკლესია ვაკის სამების პროექტით შენდება. გიორგი ხარაზაშვილი კი ტოსტიაშვილს არა მხოლოდ შეხვედრით, არამედ ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებებში და საჭირო საბუთების მომზადებაშიც დაეხმარა. ახალი ეკლესია ადგილობრივ ნოვოსიბირსკის ეპარქიას დაექვემდებარება.    

როგორ მოხვდა ხარაზაშვილი საპატრიარქოში? 

დეკანოზი გიორგი ხარაზაშვილი ახლა 63 წლისაა. სუს-ის დოკუმენტების მიხედვით, ეკლესიასთან და პატრიარქთან ახლო ურთიერთობა 1975 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, ხარაზაშვილი კი მისი სტიქაროსანი. ამას თეოლოგებიც  გვიდასტურებენ და არც თავად უარყოფს. “მის გვერდზე გაზრდილი ვარ, მისთვის არასოდეს მიღალატიაო,” – ამბობს “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში.     

ამჟამად გიორგი ხარაზაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხარაზაშვილი ჯერ დიაკვანი, შემდეგ მღვდელი და ბოლოს დეკანოზი გახდა. მან წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში 1984 წელს დაიწყო მსახურება. როგორც თეოლოგები ამბობენ, ის მსახურებებში მხოლოდ მაშინ იღებს მონაწილეობას, როდესაც პატრიარქი წირავს. 

“ყოველთვის ილია მეორესთან ერთად ან სიონში იყო ან სამების საკათედროში ან სვეტიცხოველში. თუ სადმე დადის ილია მეორე, ხარაზაშვილი მუდმივად მიჩენილი ზედამხედველივით მას თან ახლავს. არანაირი დამსახურება, სულიერი, საგანმანათლებლო თუ სხვა მას არ აქვს,” – გვითხრა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.  

გიორგი ხარაზაშვილი სასულიერო პირების იმ მცირე რაოდენობას მიეკუთვნება, რომელსაც იარაღის ფლობის ოფიციალური უფლება აქვს. სუს-ის დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ 2016 წელს დეკანოზი დაუკავშირდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს და სთხოვა, შინაგან საქმეთა მინისტრთან იარაღის ტარების უფლების გაგრძელებისთვის ეშუამდგომლა. ამ ფაქტს თავად ხარაზაშვილი და ჭიჭინაძე “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში ადასტურებენ. დეკანოზი არ მალავს, რომ მან მართლაც მიმართა დეპუტატს მსგავსი თხოვნით და იარაღის ტარების უფლების გაგრძელებაც მიიღო. IZH 79-8-ის მარკის გაზის პისტოლეტის ტარების მოწმობა 2016 წლის 19 სექტემბრით თარიღდება. 

რა ქონებას ფლობს გიორგი ხარაზაშვილი?

გიორგი ხარაზაშვილს ოფიციალურად არანაირი შემოსავალი არ უდასტურდება, მათ შორის არც საბანკო ანგარიშზე. ამაზე ინფორმაციას სუს-ის ფაილებშიც ვკითხულობთ: “ობიექტი მის ხელთ არსებულ დანაზოგს ინახავს სახლში, არ ენდობა ბანკებს..  “აი, ფაქტმა” ინფორმაცია თავადაც გადაამოწმა და დაადასტურა. მიუხედავად ამისა, მას ჰყავს ძვირადღირებული ავტომობილები, მერსედესის CLS-ის 3.5-იანი მოდელი და ორკარიანი მერსედეს ბენცი. გაუგებარია, რომელი შემოსავლით. დეკანოზი, მოძრავის გარდა არც უძრავი ქონების ნაკლებობას განიცდის. ის თბილისში ორ ბინას და  ერთ სახლს ფლობს. 

ბოლოს 2020 წელს 35.5 ათასი ლარი გადაიხადა, თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე 158 კვ.მ. ავტოსადგომის წილში. მასთან ერთად წილის მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქე  ლეონიდ ლომანიხინი და გოარ პეტროსიანი. ეს ფართი იმავე შენობაშია, სადაც 2016 წელს 105 კვ.მ საცოვრებელი ბინა 10,000 ლარად შეიძინა.

მანამდე, 2017 წელს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებულ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექს “დირსში” დეკანოზმა 34,800 დოლარად 69 კვ.მ. ბინა შეიძინა. “აი, ფაქტმა” გადაამოწმა, ხომ არ არის ბინების გაქირავება დეკანოზის შემოსავლის წყარო. ადგილზე მისულს ბინა დაკეტილი დაგვხვდა. მეზობლების თქმით, ეს ბინა არასოდეს ყოფილა გაქირავებული და  ხარაზაშვილი მას დროდადრო სტუმრობს.  

კიდევ უფრო ადრე, 2011 წელს 28 ათას დოლარად შეიძინა 94.4 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი,  თბილისში, პატარძეულის ქუჩაზე. 

venakhi scaled
ხარაზაშვილის ვენახი წინანდალში

როგორც ჩანს, დეკანოზი მევენახეობითაც არის დაკავებული. მან 2011 წელს, წინანდალში 13,700 კვ.მ. მიწა 8,000 ლარად შეიძინა. ამ მიწაზე ახლა ვაზია გაშენებული. ადგილზე ჩასულებმა ვეცადეთ გაგვერკვია, როგორ იყენებს მას დეკანოზი, თუმცა ადგილობრივებს არც გიორგი ხარაზაშვილი გაუგიათ, აქ არც მღვდელი დაუნახავთ და არც ის იციან, საერთოდ ვინ უვლის ამ ვენახს. 

თავად ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ვენახიც აქვს და სხვა დანარჩენიც, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თუმცა ამ ქონებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს. “რა ქონება არის ეს? ვენახი არ უნდა მქონდეს, თქვენი აზრით? მე კახელი ვარ წარმოშობით. თქვენ უნდა გიხაროდეთ, როდესაც სასულიერო პირს შეუძლია მოუაროს მიწას, ვენახს, რისთვისაც არის ქართველი ადამიანი მოწოდებული,” – ამბობს ხარაზაშვილი. 

რაც შეეხება კითხვას შემოსავლის წარმომავლობაზე, რომლითაც აღნიშნული ქონება შეიძინა, დეკანოზი პირდაპირ პასუხს არ გვცემს: ”რაში გაინტერესებთ რა შემოსავალი მაქვს, რატომ უნდა გიპასუხოთ? მე უფლის მონა და მსახური ვარ.” რამდენჯერმე ჩაკითხვის შემდეგ  კი გვითხრა, რომ 38 წელია სასულიერო პირია და დააგროვა. 

“სასულიერო პირს ღმერთი აძლევს,” – გვითხრა დეკანოზმა და წირვაზე მიმავალმა ოციათასდოლარიანი მერსედესის კარი მიიხურა.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ იმარჯვებს წყალტუბოს მერიის ტენდერებში
nadzvebi scaled 1

ვინ იმარჯვებს წყალტუბოს მერიის ტენდერებში

ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებენ როგორც საკრებულოს ყოფილი და მოქმედი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share