fbpx
samkervalo 1 1024x521 1

ჩაკეტილი სივრცის მიღმა – სამკერვალო რუსთავში

თუ მუშაობის დაწყება გსურთ, მაგრამ არც გამოცდილება გაქვთ და რეგიონში დასაქმების შანსიც მცირეა, იმედს ნუ გადაიწურავთ. აუცილებლად გამოჩნდება მეგობარი, მეზობელი ან უბრალოდ ნაცნობი, რომელიც დიდ სამკერვალოზე მოგიყვებათ. გეტყვით, რომ საწარმოში ყველას იღებენ და არც სამუშაო გამოცდილებას ითხოვენ. იმასაც დაამატებს, რომ თქვენს ტრანსპორტირებასა და კვებას დამსაქმებელი უზრუნველჰყოფს. 

თავიდან მოგეწონებათ. იფიქრებთ, რომ გაგიმართლათ. სამსახურიც იპოვეთ და თქვენი პრობლემაც მოგვარდა. მიხვალთ საწარმოში და მუშაობასაც დაიწყებთ, მაგრამ მალევე დაგებადებათ კითხვა, შეძლებთ სამი თვე აქ გაჩერებას? 

”ყოველდღე მოჰყავთ ხალხი. 30 კაციდან 15 მიდის, 3 თვეც ვერ ჩერდება ზოგი. სამი თვის მერე კონტრაქტი უნდა გააფორმო ერთწლიანი. ხალხი სჭირდებათ, მაგრამ ზოგი უძლებს, ზოგი ვერ უძლებს,“ – ამბობს საწარმოში დასაქმებული, რომელსაც საჯარო ვინაობის დასახელება არ უნდა. არის შანსი, რომ ჩვენთან საუბრის გამო სამსახურიდან გაუშვან.  

შპს „ქართლი ტექსტილი“ შპს “აჭარა ტექსტილის” ქოლგის ქვეშ შეიქმნა. ორივე კომპანიას ერთი და  იგივე დირექტორები ჰყავს. რუსთავამდე “აჭარა ტექსტილს” საქართველოში 3 საწარმო ჰქონდა – ბათუმში, ბობოყვათსა და ფოთში. კომპანია, ჯამში, დაახლოებით 5,500 ადამიანს ასაქმებს.

შპს “ქართლი ტექსტილის” მესაკუთრეები ჯემალ და ქემალ ბილგინგულლუოღლუები ფლობენ. დირექტორები გია ლომინაძე და დათო ჯაიანი არიან. შპს “აჭარა ტექსტილს” კი თურქეთში რეგისტრირებული კომპანია, ს.ს “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ” ფლობს. “აჭარა ტექსტილის” დირექტორთა სიაში იპოვით გია ლომინაძისა და დათო ჯაიანის სახელებსაც. 

რუსთავში „ქართლი ტექსტილის“ სამკერვალო 28 დეკემბერს გაიხსნა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე საწარმო საზეიმოდ გახსნა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა ყურადღება. ისიც დაამატა, რომ აღნიშნულ საწარმოში 2021 წლის ბოლომდე 4,000 რუსთაველი იმუშავებდა, თუმცა გახსნიდან მეხუთე თვე დასრულდა და ჯერ მხოლოდ 1,500 ადამიანია დასაქმებული.

შპს „აჭარა ტექსტილს“ რუსთავში სამკერვალოს გასახსნელად სახელმწიფომ მიწა და შენობა-ნაგებობი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. ამის სანაცვლოდ კომპანიას შემდეგი პირობები უნდა შეესრულებინა:

  • ორი წლის განმავლობაში დაეწყო წარმოება; 
  • პირველივე წელს ჩაედო საწარმოში ინვესტიციის 25 პროცენტი, დარჩენილი ნაწილი კი მეორე წელს (ჯამში ინვესტიციის მოცულობა 6.3 მილიონი ლარია); 
  • შეინარჩუნოს წარმოების პროფილი, მინიმუმ, ხუთი წლის განმავლობაში და უზრუნველყოს პროდუქციის წლიური წარმოება (ტექსტილის ნაწარმის არანაკლებ სამი მილიონი ერთეული);

„ქართლი ტექსტილის“ საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარიცაა. Საწარმოს ამოქმედებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში კომპანიას სესხის პროცენტის ნაწილს სააგენტო უფინანსებს.

საწარმოს გახსნამდე დასაქმებულთათვის დაპირებული ხელფასი 800 ლარს შეადგენდა, თუმცა ახლა სხვა რეალობაა. ”გახარია რომ იყო ჩამოსული, ტელევიზორშიც იყო სიუჟეტი, მკერავთან მივიდა და კითხა, რამდენი გაქვს ხელფასიო. 350 ლარიო და ძაან ცოტა არისო, თქვა. მაგრამ ეს ტელევიზორში არ გაუშვეს. ის ვინც დასვეს და ალაპარაკეს, ის სულ არ კერავდა. თვითონ რაც აწყობთ, იმას ლაპარაკობენ“, – გვიყვება სამკერვალოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.   

“ქართლი ტექსტილში” დასაქმებულებს საწარმოო ჯგუფებად ანუ „ბრიგადებად“ ყოფენ. ანაზღაურებაც  ბრიგადის საერთო მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული. „ხელფასით კმაყოფილი არ ვარ. ძალიან ბევრი უნდა იშრომო და მარტო შენ კიდე არაფერი გამოგივა, თუ მთლიანი ბრიგადა არ მოგყვა და ძალიან ბევრი არ შეიკერა. 2 თვეა ვმუშაობ და ჯერ ბონუსზე ვერ გავედით. 350 ლარია ხელფასი,“ – გვიყვება ერთ-ერთი მკერავი. 

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის, გია ლომინაძის თქმით, როგორც საწარმოს გახსნისას ითქვა, ხელფასიც ისეთივეა. „მოჭრილი ანაზღაურება 350 ლარია, მაგრამ ერთი თანამშრომლის ხელფასი, თავისი ბონუსებით არის დაახლოებით 800 ლარი,“ – გვითხრა ლომინაძემ.  

”დღეში 14 ლარი გვაქვს და თუ განცხადება დაწერე, რომ მეორე დღეს ვერ მიხვალ, 30 ლარი გეჭრება ხელფასიდან. და თუ ისე გააცდინე, რომ განცხადება არ დაწერე, მაშინ 45 ლარს გაჭრიან. თავისებური წესები აქვთ,“ – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

როგორც ა(ა)იპ “მშრომელთა სოლიდარობის კავშირის” თანათავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გვიხსნის, მათი ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულების ხელფასი ძალიან დაბალია და შესაძლოა, შრომითი უფლებები დარღვეული იყოს. „ჩაკეტილი სივრცეა, ასე ვიტყოდი. მაინც ახალი გახსნილი რომაა, ერიდებიან საუბარს. 14 ლარს უხდიან დღეში. ამუშავებენ კვირის გარდა ყველა დღე, 12 საათი. კვირაში გამოდის 72 საათი. 32 საათს ამუშავებენ ზედმეტად და ზეგანაკვეთსაც არ იხდიან. ვაპირებთ, რომ მივიდეთ ტექსტილის ქარხანასთან, წერილსაც შევიტანთ და დავინტერესდებით, რამდენ სამუშაო საათს ამუშავებენ. პასუხი რომ მოგვივა აქტივობას მაგის მიხედვით დავგეგმავთ,“ – გვითხრა ტყემალაძემ.

შრომის უსაფრთხოების სამსახურმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, სამუშაო პირობების უსაფრთხოება შეამოწმა “აჭარა ტექსტილის” მხოლოდ ერთ საწარმოში. ბობოყვათში ინსპექცია 2019 წელს შევიდა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

  • დამსაქმებელს არ ჰყავდა დანიშნული/მოწვეული სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც საწარმოში არსებულ საფრთხეებს აღმოაჩენდნენ, რისკებს შეაფასებდნენ და საკონტროლო ღონისძებებსაც ჩაატარებდნენ; 
  • ობიექტზე არ ჰყავდათ პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ დასაქმებულებს საწარმოში არ შეუშვებს და ამ მიმართულებით აკონტროლებს სიტუაციას; 
  • საწარმოში არ იყო სართულებს შორის დამაკავშირებელ ხვეულ კიბეზე მოაჯირი.

ინსპექტირების ოქმში არაფერი წერია დასაქმებულთა სხვა პრობლემებზე. ჩვენ  რომ “ქართლი ტექსტილის” თანამშრომლებს ვესაუბრეთ, რამდენიმე პრობლემა გაჟღერდა. 

„ძალიან ბევრი ხალხია და ძაან ხმაურია. კვებაც ისე რა, არ არის ძალიან კარგი კვება. ძალიან სიმკაცრეა შიგნით. დაჯდომის უფლებას არ გაძლევენ. ანუ თუ ზიხარ – ვერ ადგები, თუ დგახარ – ვერ დაჯდები. არანაირი ტელეფონი, მითუმეტეს კამერიანი. უფლება არ გაქვს ტელეფონი ჩართული გქონდეს. არ უნდა დაგინახონ, თორე ჯარიმებია“, – გვეუბნება სამკერვალოს თანამშრომელი.

ამ პირობებსა და დასაქმებულთა პრობლემებზე გვინდოდა დირექტორს, გია ლომინაძეს შევხვედროდით და ინტერვიუ ჩაგვეწერა. მან შეხვედრაზე უარი გვითხრა. ტელეფონი კი მაშნვე გათიშა, როცა მისთვის არასასურველი კითხვების დასმა დავიწყეთ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Სუს-ის “ბრძოლა” ჰიბრიდულ ომში
susi

Სუს-ის “ბრძოლა” ჰიბრიდულ ომში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share