fbpx
kardenakhi

კარდენახში 752 ათასი დაიხარჯა, სასმელი წყალი ისევ პრობლემაა

ავტორები: რუსუდან ეფაძე, ლიკა ერისთავი, ანნა ტანდარიანი

კარდენახში ხუთიათასამდე ადამიანს წყალი დიდი შეფერხებით, ხშირად კი, საერთოდ არ მიეწოდება. მერიაში ამაზე იციან. ამბობენ, რომ  პრობლემის მოსაგვარებლად ბევრს მუშაობენ. ეს თანხის ხარჯვაში ჩანს, შედეგში კი ნაკლებად. 

2011 წლიდან დღემდე კარდენახის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 752 ათასი ლარია დახარჯული. თუმცა “საუკეთესო” შედეგი, რომელსაც მუნიციპალიტეტმა მიაღწია, მოსახლეობისთვის დღეში ერთხელ, წყლის 1 საათით მიწოდებაა. ზოგიერთ უბანს კი ესეც არ მიეწოდება. 

ჯერ კიდევ 2017 წელს, არჩენების დროს გურჯაანის იმდროინდელი მერობის კანდიდატი და ახლა უკვე მოქმედი მერი, არჩილ ხანდამაშვილი დაპირებებში გულუხვი იყო. „საჭიროა საქმის სწორად მართვა და სოფელში წყლის პრობლემა აღარ იარსებებს,“ მაშინ ასე ამბობდა ხანდამაშვილი.

როგორც ჩანს, საქმე სწორად ვერ მართეს, მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გურჯაანის ბიუჯეტში თანხები ყოველწელსაა გათვალისწინებული. მაგალითისთვის, 2018 წლისთვის ის შეადგენდა 2.7 მილიონ ლარს, 2019 წელს – 3.3  მილიონს, ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში წყლის პრობლემების მოსაგვარებლად 1.7 მილიონი ლარია განსაზღვრული.

კარდენახში წყლის სისტემის მოწესრიგებაზე ბოლო დროს შპს “ჰიდროგეო” ზრუნავს. 2015 წლიდან ამ კომპანიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4.7  მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. 

ჩვენ დავინტერესდით კომპანიის კონტაქტებით და აღმოვაჩინეთ, რომ კომპანიის დირექტორი და 70%-ანი წილის მფლობელი, გურამ მამუკაშვილი გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის სიმამრია.

გეთიაშვილი მერის მოადგილე 2017 წელს გახდა. მან დეკლარაციაში თავისი კომპანია მიუთითა, მაგრამ ისე, თითქოს ის მის მეუღლეს ეკუთვნოდა. გეთიაშვილმა ვიცე-მერის თანამდებობა 2019 წელს დატოვა. 

შპს “ჰიდროგეოს” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჯამში 46 ტენდერი აქვს მოგებული. 2018 წლის შემდეგ გამოცხადებულ ტენდერებში “ჰიდროგეოს” კონკურენტი იშვითად ჰყავს.

ახლანდელმა ვიცე-მერმა, თეიმურაზ ზავრაშვილმა გვითხრა, რომ ის და მისი წინამორბედი, ნიკოლოზ გეთიაშვილი ნათესავები არიან. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის უფროსი, კონსტანტინე ბერიძიშვილი კი თვლის, რომ თუ ტენდერის დოკუმენტში ინტერესთა კონფლიქტის ოქმზე ნიკოლოზ გეთიაშილის ხელმოწერა არ არის, ეს სავსებით საკმარისია. 

“ყველა ოქმზე ჩემი ხელმოწერაა. ჩემი ნათესავები ტენდერებში არ მონაწილეობენ, სამწუხაროდ,“ გვითხრა ბერიძიშვილმა. 

წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებებით იმედმოცემულ მოსახლეობას ისევ ძველ პრობლემებთან უწევს გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერები ცხადდება, ჭაბურღილებიც იდგმება და რეაბილიტაციასაც ხშირად აანონსებენ, მოსახლეობა სასმელ წყალს მაინც მეზობელი სოფლებიდან და მახლობელი ტერიტორიებიდან ეზიდება. 

“დღეგამოშვებით მოდის. დაახლოებით, სამი თვეა, გააკეთეს. მაინც ყოველდღე არ  მოდის კარგად. დღეს, ვთქვათ მოვა და ხვალე არ მოვა. სასმელად არ ვიყენებ. უფრო გასარეცხად, დასაბანად. წყალი გურჯაანიდან მომაქვს დასალევად, მე პირადად. ზოგი სვამს. მეც ვსვამდი, მაგრამ აღარ მინდა მაგ წყალის დალევა, ქვიშიანია,” გვითხრა ომარ ჯორჯიკიამ, “შაკიაანთ” უბნის მცხოვრებმა.  

გურჯაანის ვიცე-მერი, თეიმურაზ ზავრაშვილი წყლის მიწოდების  გასაუმჯობესებლად გამოსავალს გამრიცხველიანებაში ხედავს და სოფლის წყალმომარაგების პრობლემაში ისევ მოსახლეობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. მათი თქმით, ხალხი წყალს იტაცებს და სარწყავად იყენებს, რომ სოფლის მეურნეობა შეინარჩუნონ და პროდუქტი მოიყვანონ. 

შესაძლოა, ამ სიტუაციას გამრიცხველიანებამ მართლაც უშველოს, მაგრამ როდის დაიწყება გამრიცხველიანება, ჯერ ესეც უცნობია.

უწყლობა ყველაზე მეტად “ილაანთ” უბანში აწუხებთ, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მერიამ მათი პრობლემის შესახებ იცოდა, მაგრამ აქამდე ეს ადგილი მერიის პრიორიტეტების სიაში ვერ მოხვდა. ახლახანს მერიამ ამ უბანში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად კვლავ შპს “ჰიდროგეო” დაიქირავა. მერიის თქმით, სამუშაოების 90-95 პროცენტი უკვე შესრულდა და ჩაიბარეს ჭაბურღილი და რეზერვუარი.

ჩვენ სოფელში ივნისის შუა რიცხვებში ვიყავით. მერიაში ვიზიტისას დაგვპირდნენ, რომ სოფელს წყალს მიაწვდიდნენ. სოფელს წყალი დღესაც აქ აქვს.

კარდენახელებმა გვითხრეს, მოსული იყვნენ და გვითხრეს, წყლის სინჯი უნდა ავიღოთ და შევამოწმოთ სასმელად ვარგისია თუ არაო. 

სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ ის წყალი, რომელიც მიეწოდებოდათ, სასმელად ვარგისი არ იყო. ვერც ა(ა)იპ “გურჯაანის მუნიციპალური სერვისის” წარმომადგენელი, ლევან წინწალაშვილი ამბობს, რომ წყალი ცალსახად სასმელია. ”სასმელი წყლის კატეგორია ცოტა სხვა არის და ეს წყალი ცოტა სხვა არის,” ასეთი პასუხი მივიღეთ წინწალაშვილისგან. 

ბოლო ათწლეულში 752,000 ლარი დაიხარჯა სოფლის წყალმომარაგებაზე. მოსახლეობის ნაწილს წყალი 1 საათი მიეწოდება, ნაწილს საერთოდ არ მიეწოდება და ვისაც მიეწოდება, ისიც სასმელად არ გამოდგება. სარწყავად გამოყენებას კი მთავრობა უშლით, წყალს ნუ იტაცებთ, მერე სხვებს აღარ ჰყოფნითო. და ეს ხდება სოფელში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. 

ესეც საქმის “სწორად მართვა” ქართული წესით. 

სოფლის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად გამოცხადებული თითოეული ტენდერის დეტალებს ამ ბმულზე შეიტყობთ.

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია
anania

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share