fbpx
garemo

გარემოს დაცვის სამინისტროს შეუსრულებელი მისია

ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსიფი

ნამახვანჰესის მშენებლობა შეჩერდა და რიონის ხეობაში დარჩა მთის მოჭრილი ფერდები, გაჩეხილი ტყე, კლდეში ამოჭრილი გვირაბები, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული მდინარის ტერიტორია, მოხსნილი ნაყოფიერი მიწის ფენა და დასაწყობებული სამშენებლო მასალები მთის მოსწორებულ ფერდებზე. 

ახლა ამ ზიანზე, რომელიც გარემოს მიადგა, მთავრობაში არავინ საუბრობს. არც გარემოს დაცვის სამინისტრო ამახვილებს ამაზე ყურადღებას. თუმცა, სამინისტროს არც მაშინ “გამოუჩენია კლანჭები,” როცა ამას კანონი ავალდებულებდა – ანუ პროექტის შეთანხმებისა და ნებართვების გაცემის პროცესში. 

მაშინ, როცა ინვესტორი პროექტის კვლევებსა და დოკუმენტებს მთავრობას წარუდგენდა, გარემოს დაცვის სამინისტრო მათ თანხმობას აძლევდა. არადა, აღმოჩნდა, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების 14 მიმართულება ხელახლაა შესასწავლი და შესაფასებელი, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ვალდებულებები კი შეუსრულებელი.  

როგორ მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტრო? რატომ არ იკვლევს და აფასებს ინვესტორთა პროექტებს კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით? – ამ კითხვებზე პასუხის პოვნას ნამახვანის ჰესის მაგალითზე მეხუთე თვეა ვცდილობთ. 

ნამახვანჰესის ახლანდელი პროექტი შენდებოდა 2015 წელს მიღებული ნებართვების საფუძველზე. მთავრობამ მაშინ სააქციო საზოგადოება “ნამახვანი” შექმნა, რომელსაც ჰესის აშენების უფლება მიეცა და შესაბამისი ხელშეწყობაც ჰქონდა: ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა მიწები, გარემოს დაცვის სამინისტრომ მისცა თანხმობა პირობებით (23 პირობიდან 10 დღემდე არაა შესრულებული) და მშენებლობის ნებართვაც, ისიც იმ პირობით, რომ ინვესტორი საჭირო კვლევებს ერთი წლის ვადაში წარადგენდა. 

რას ნიშნავს თანხმობის მიცემა პირობით? – ანუ ჯერ ნებართვები გაიცა და კვლევების შესრულება კომპანიას სამომავლოდ დაევალა. რა მოხდება თუ არ შეასრულებს? – არც არაფერი. არც ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ჩამოართმევს ვინმე და არც სასამართლოში უჩივლებს მთავრობა. ყოველ შემთხვევაში, ნამახვანის ამბავში ასე ხდება. 

2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ სს “ნამახვანს” მისცა უვადო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო აუცილებლად შესასრულებელი 23 პირობა. ამ დასკვნის საფუძველზე კომპანიას შეეძლო მიეღო მშენებლობის ნებართვა. ასეც მოხდა.

სახელმწიფო უწყებების ხელშეწყობით სს “ნამახვანმა” მოამზადა მთლიანი პაკეტი ყველა საჭირო თანხმობებით და ინვესტორზე, კომპანია “ქლინ ენერჯი ჯგუფ ჯორჯიაზე” გაყიდა. “ქლინ ენერჯიმ” 2017 წელს შუახევში ჰესიც ააშენა. ჰესის გახსნიდან 2 თვეში ერთი გვირაბი 2 ადგილას ჩამოიშალა, მეორე კი 6 ადგილას. თუმცა, ამან ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობას ვერაფერი ასწავლა და მათ ნამახვანის აშენების უფლებაც ამავე კომპანიას მისცეს. 

2019 წელს ქლინ ენერჯის 90% თურქულმა კომპანია “ენკამ” იყიდა. ასე გადაეცა ნამახვანის მშენებლობის უფლება და ჩატარებული კვლევები “ენკა რინიუებლზს.”

ჩვენმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს დათქმული პირობები არც სს “ნამახვანს” შეუსრულებია, არც მის მემკვიდრე “ქლინ ენერჯი ჯგუფს” და არც ბოლო მოქმედ პირს – კომპანია “ენკას”. 

არადა, ამ შეუსრულებელი 10 პუნქტიდან ზოგიერთი ისეთი საბაზისო და საჭირო კვლევაა, რომელიც ადგილობრივებისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მაგალითად, კომპანიას მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 3 თვეში (ანუ 2016 წელს) უნდა წარედგინა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამოქმედო გეგმა. 

ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინათ ბიომრავალფეროვნების კომპლექსური აღდგენის გეგმა და შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; დატბორვის შემთხვევაში ჰაბიტატების დაკარგვისა და მცენარეების განადგურების საკომპენსაციო  ქმედებების პაკეტი; მშენებლობის დაწყებამდე კასკადის ზეგავლენის არეალში არსებული კარსტული მღვიმეები დამატებით უნდა შეესწავლათ; ჩაეტარებინათ წინა სამშენებლო ზოოლოგიური კვლევა, განსაკუთრებით მაღალ მგრძნობიარე უბნებში. 

სამინისტროს ინვესტორი კომპანიებისგან ეს დოკუმენტები არ მიუღია არც 2016 და არც 2019/20 წლებში. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (2015 წლის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე) 2019 წელს მაინც განაახლა

ბევრი მცდელობის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტროდან ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არავინ ისურვა. ბოლოს წერილობით მხოლოდ ეს კითხვა გავუგზავნეთ: რატომ განაახლეს დასკვნა მაშინ, როცა ინვესტორს საჭირო დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ჰქონდა და არც სხვა ვალდებულებები შეუსრულებია? პასუხი, რა თქმა უნდა, არც ამ კითხვაზე გაგვცეს. 

შარშან ამ დროს გარემოს დაცვის სამინისტრო და მთელი მთავრობა ამტკიცებდა, რომ ნამახვანი იყო ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი პროექტი საქართველოს ენერგეტიკაში. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც კვლევები იყო საკმარისი და არც ხელშეკრულება იყო ქვეყნისთვის მომგებიანი თუ სასარგებლო.

პროექტი 2021 წლის სექტემბერში შეჩერდა. ზაფხულში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ნამახვანჰესი არსებული პროექტით არ აშენდებოდა. არადა, მის კაბინეტში მყოფმა მინისტრებმა გასცეს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვები.

მაშინ როცა ნამახვანის შესახებ პროცესები ყველაზე აქტიურ ფაზაში იყო, 2019-2021 წლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მის დროს გაიცა საბოლოო ნებართვები პროექტის მშენებლობისთვის და დავითაშვილი იყო ის ვინც, ამტკიცებდა რომ პროექტი სრულად იყო შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილმა აღიარა, პროექტი ამ პირობებით ვერ აშენდებაო, მას დავითაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია. მეტიც, 2022 წლის თებერვალში დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრად და შემდეგ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

ნამახვანჰესის პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის 550-დღიანი, მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. მოძრაობის ლიდერებად რიონის ხეობის მკვიდრები იქცნენ. ვარლამ გოლეთიანი ერთ-ერთი მათგანია. ის მთავრობას მოსახლეობისადმი კარჩაკეტილობასა და პროექტის შესახებ გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს. 

“ჩვენ რასაც ვითხოვდით, ფუნდამენტური დასკვნა, მაგალითად სეისმოლოგიური საფრთხის დასკვნა, იგივე გეოლოგიური… ეს ძირითადი კვლევები არასდროს უჩვენებიათ. სულ ამას ვითხოვდით და მე ჩემი თვალით ეს ქაღალდები ნანახი არ მაქვს. საბოლოოდ, არავინ იცოდა, იყო თუ არა შესაძლებელი ჰესის მშენებლობა ამ დოკუმენტების საფუძველზე. ასეთ ჯამურ დასკვნას ვერავინ გაჩვენებთ დღესაც. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვდებს ბრალს, რომ უბრალოდ ჰესის მშენებლობას ვეწინააღმდეგებოდით. სულ ვამბობდით, ააშენონ ბატონო ნამახვანიც თუ  ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია შეისწავლის და შეაფასებს ამ დოკუმენტებს, შემდეგ კი დადებით რეკომენდაციას გასცემს,”- გვითხრა ვარლამ გოლეთიანმა. 

ახლანდელი კანონმდებლობით, კომპანიამ დიდ ჰესზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. 

WUzmd4Id QqN0D21c1RuZW64kImbzJu9v5pFCecnaWablvFuzUF9bdNhZMjl3FQ9q3jEfDjV9VVfnwx9Ho8iY 0uZuq4OTFDWTbojFAljaoihF3GSn X EHmiPy0VLnMIRvWwjCNVxM

მაგრამ როდესაც სს “ნამახვანი” მშენებლობისთვის საჭირო ნებართვებს აგროვებდა, ეს პროცესი დაჩქარებულად ჩატარდა. მაშინდელი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ბიუროკრატიისგან ათავისუფლებდა ენერგოპროექტებს. “ნამახვანიც” გათავისუფლებულთა რიგებში მოხვდა და  ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობისთვის მიწაც მიიღო, გარემოს დაცვისგან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც და ამ ორის საფუძველზე შემდეგ მშენებლობის ნებართვაც. 

თუმცა, 2015 წელს მომზადებული პროექტი მოგვიანებით შეიცვალა, რაც ითვალისწინებდა ჰესის მდებარეობის, ტიპისა და მოცულობის ცვლილებას. მიუხედავად ძირეული ცვლილებებისა, გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი პროექტი კრიტიკულად განსახილველად არ მოუთხოვია.  ყველა ეს ცვლილება ექსპლუატაციის პირობების ცვლილებად მოინათლა და სამინისტრომ მხოლოდ ამ ცალკეულ ნაწილების გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოითხოვა. წესით, მათ სრულიად სხვა ნაბიჯები უნდა გადაედგათ. 

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად “მწვანეთა მოძრაობის” დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ არასწორია, როდესაც ამ ტიპის ცვლილებებს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას არქმევ. 

“როცა შენ უკვე ცვლი ადგილმდებარეობას, ცვლი კაშხლის სიმაღლეს, დატბორვის არეალს და ა.შ. ანუ ეს უკვე სრულიად სხვა პროექტია. მთელი უბედურება ამ პროცესის ის არის, რომ, რატომღაც, ჩვენთან ჩათვალეს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება კეთდება არა პროექტზე, არამედ იდეაზე.” 

იმავეს ამბობს გარემოსდამცველი დავით ჭიპაშვილი.

“ის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა სხვა პროექტზე. შემდეგ შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები. ამათმა იმისთვის, რომ რაღაცები გაემარტივებინათ, თქვეს ახალი პროექტი კი არ არის, იმ ძველის დამატებაო. ეს თავისივე დასკვნასთან მოდის წინააღმდეგობაში, მაშინ რაღატომ ითხოვ ახალ გზშ-ს?” – გვეუბნება ჭიპაშვილი, რომელიც ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმოადგენს. 

გამოძიებისას “აი, ფაქტმა” დეტალურად შეისწავლა გზშ-ზე გაცემული საექსპერტო დასკვნებიც. გზშ არის დოკუმენტი, რომელშიც  წერია, რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ პროექტს გარემოზე. ეს დოკუმენტი წინასწარ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მზადდება და ის ერთგვარი სახელმძღვანელოა ინვესტორისთვის, რომ დარწმუნებული იყოს, პროექტი მომავალში პრობლემებს არ წარმოშობს.  

ნამახვანის პროექტზე გზშ ორჯერ მომზადდა. პირველი, 2015 წელს სს “ნამახვანმა” მოამზადა, მეორე კი 2019 წელს კომპანია “ენკამ.” “ენკას” შემთხვევაში ეს იყო პროექტის ექსპლუატაციის ცვლილებების გზშ და არა თავად პროექტის. თუმცა, აქ მთავარია ის, რომ პროექტი ექსპლუატაციაში შესულა კი არა, არც აშენებულა. 

“ამ შემთხვევას, დიდი ალბათობით, ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სქემა არ მიესადაგება. ამ თემაზე ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური კამათი, რომელშიც აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩავრთოთ. კანონში რაც წერია ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე, ეს არ შეეხება ისეთ საწარმოს, რომელიც ჯერ არც აშენებულა,” – ამბობს გარემოს დაცვის სპეციალისტი მამუკა გვილავა “აი, ფაქტთან” ინტერვიუსას. 

მეწყრულ პროცესზე თვალის დახუჭვა 

2019 წელს მომზადებული გზშ-ში რამდენიმე ძირეული პრობლემა იყო. მაგალითად, არ იყო შესწავლილი, რა ზიანი შეიძლება დადგეს, თუკი საპროექტო არეალზე რამდენიმე მეწყერი ერთდროულად ჩამოწვება. არადა, ეს არეალი რომ მეწყრულია, ამას წყალტუბოდან ცაგერისკენ მიმავალ გზაზე დამაგრებული საგზაო ნიშნებიც ადასტურებს. 

ასეთ მგრძნობიარე არეალში აპირებდნენ მსხვილმასშტაბიანი ჰესის მშენებლობას და არასათანადოდ იყო შესრულებული სეისმოლოგიური კვლევაც. გარემოსდამცველები, სეისმოლოგები და აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ პროექტი ამ ტერიტორიაზე მეწყერს გაააქტიურებდა და საფრთხეს შეუქმნიდა ქუთაისსაც. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე გვეუბნება, რომ იმ კვლევებში რაც “ენკამ” წარადგინა, სრულიად არასწორი სცენარით იყო რისკები წარმოდგენილი  და რეალური საფრთხეები არ იყო გათვალისწინებული. 

“აღებულია ასეთი მიდგომა, რომ თურმე 10,000 წელში იმ ტერიტორიაზე მაქსიმალური მიწისძვრა, რაც შეიძლება დაფიქსირდეს, არ გადააჭარბებს 5 მაგნიტუდის. წარმოიდგინეთ, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი შენდება მომხდარია 7 მაგნიტუდიანი მიწისძვრა და შეიძლება მომავალშიც მოხდეს. ამის პოტენციალი არსებობს. რისკები კი გაცილებით ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზეა დათვლილი,“ – გვითხრა თეა გოდოლაძემ. 

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნებში ვკითხულობთ ასეთ აბზაცს: “ვფიქრობთ, რომ მეწყრული პროცესების და მათი განვითარება-პროვოცირების საფრთხის შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევა საკმარისად არ ასახავს არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, მიზანშეწონილია მათი გაგრძელება და შედეგების წარმოდგენა.” 

მსგავსი შეფასება დაწერეს ექსპერტებმა 2015 წელს წარმოდგენილი კვლევების შესახებაც. დამოუკიდებელი ექსპერტიც და სამინისტროს თანამშრომელიც, რომელთა სახელები და გვარები დაფარულია, მაშინაც წერდნენ, რომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის გაცემა მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, თუ აუცილებლად მოხდებოდა გეოდინამიკური პროცესების პროგნოზირებისთვის კვლევების ჩატარება.  

კიდევ ერთი ექსპერტი (მისი სახელიც დაფარულია) შეფასების დოკუმენტში წერს, რომ გამოკვლეული და შესწავლილი არ არის გამოვლენილი მეწყრების თვისებრიობა და რომ ყველა მეწყერმა შეიძლება განსხვავებული მასშტაბის პრობლემა შეუქმნას ჰესსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც. ექსპერტი თვლის, რომ აქაც დამატებითი კვლევებია საჭირო. 

როგორც ხედავთ, ინვესტორს ასეთი კვლევა არც 2015-ში და არც 2019 წელს წარმოუდგენია, თუმცა, თანხმობა სამინისტრომ მაინც გასცა.  

წყალტუბოს თერმული წყლები 

გზშ-ში გაბათილებული და დასაბუთებული არ იყო ნამახვანჰესის ზემოქმედების რისკები წყალტუბოს თერმულ წყლებზე. 2021 წელს ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობდა, რომ ამ სახის ზემოქმედება დეტალურად იყო შესწავლილი და რომ ეს სამინისტროს წინასწარი მოთხოვნა იყო. “ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე,“ – წერია სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე მკაფიოდ ყოფილა დასაბუთებული, როგორც მინისტრი ამბობდა. 

2019 წელს, როდესაც ინვესტორმა ახალი კვლევები წარუდგინა გარემოს დაცვის სამინისტროს, მათ შორის იყო თურქული კომპანია “temelsu international engineering”-ის მიერ წყალტუბოს თერმულ წყალზე პროექტის გავლენის შესახებ ანგარიშიც

წყალტუბოს თერმულ წყლებზე მომზადებული კვლევა ეფუძნება 1958 წლის გეოლოგიურ მონაცემებს. ეს დოკუმენტი არ არის დედანი, ის ნათარგმნია სხვა ენიდან და ხშირადაა გამოყენებული ისეთი სიტყვები, რომელიც სრულიად გაუგებარია. წინადადებები იმდენად გაუმართავია, რომ აზრის გაგება შეუძლებელია. 

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს ანგარიშები განიხილეს და დადებითი შეფასებაც მისცეს. თუმცა, გეოლოგიის დეპარტამენტის გეოეკოლოგიურ გართულებებზე რეაგირების ჯგუფის უფროსი, ოთარ ქურციკიძე თავის შეფასებაში წერს, რომ თარგმანის დაბალი ხარისხის გამო დოკუმენტი ტერმინოლოგიურად და შინაარსობრივად გაუმართავია და შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი განხილვა. 

წინა აბზაცში კი ზუსტად ის წინადადება წერია, რომელიც თურქ ექსპერტსაც აქვს გამოყენებული საკუთარ კვლევაში: “გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით ქვემო ნამახვანიჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალური წყლების ფორმირების კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე ქვემო ნამახვან-ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია.” 

დავუკავშირდით ოთარ ქურციკიძეს და ვკითხეთ, როგორ აღმოჩნდა დაკოპირებული ნაწილი მის დასაბუთებაში, თუ კვლევა გაუგებარი იყო და მისი განხილვაც არ მომხდარა.

მან გვიპასუხა, რომ გაუგებარი ქართული ვერსია იყო და ამიტომ სამინისტრომ ინგლისური განიხილა. დრო და დრო კი სამინისტროს მოსაზრებები კომპანიის წარმომადგენლებს და ავტორებს ეგზავნებოდათ. “ჩვენი ყველა შენიშვნა სხვადასხვა ეტაპზე ეგზავნება კერძო კომპანიებს, რომ გაითვალისწინონ, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, გამოიყენეს და ციტირება მოახდინეს. მაგაში არაფერია, უბრალოდ დაეთანხმა ისიც,” – გვითხრა ქურციკიძემ. 

ქურციკიძის თქმით, ისინი გზადაგზა შენიშვნებს ინვესტორს ქართულ ენაზე უგზავნიდნენ და მისი წერილიდან თურქმა სპეციალისტმა დააკოპირა ტექსტი. 

ქურციკიძეს ვკითხეთ, თავად როგორ დაასკვნა, რომ პროექტს წყალტუბოს თერმულ წყლებზე გავლენა ვერ ექნებოდა? მისი თქმით, ეს მოსაზრება რეგიონში ჩამოყალიბებულ გარემოებებს, გეოლოგიის ანაბანასა და გეოლოგიის ცოდნას ეყრდნობოდა. 

თურქი ექსპერტის საქმეში ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წლის იანვარში “ენკასთვის” გაგზავნილ სამინისტროს შენიშვნებში პირდაპირ ჩაწერეს, რომ წყალტუბოს შესახებ ამ მოსაზრებას ესაჭიროება დეტალური დასაბუთება. 

“გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე არსებულ თერმულ წყლებთან საპროექტო ჰესის დაშორების შესახებ, მიუხედავად აღნიშნულისა, წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური დასაბუთება, რომ საპროექტო ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია არ გამოიწვევს კურორტ წყალტუბოზე და თერმულ წყლებზე ზემოქმედებას,” – ვკითხულობთ წერილში. 

თებერვალში სამინისტრომ საპასუხოდ რა კვლევაც მიიღო, ზემოთ უკვე გიამბეთ. 

რიონის უნიკალური თევზები 

ჰესის მომხრეთათვის საქილიკო ამბავი იყო, როცა გარემოსდამცველები რიონში არსებულ უნიკალური თევზის ჯიშებზე ჩიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჰესი წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს დააზიანებდა. შეიძლება, ეკონომისტებისა და ბიზნესმენებისთვის ზუთხი ყოფილიყო საქილიკო, მაგრამ რაღა ვთქვათ გარემოს დაცვის სამინისტროზე, რომლის მიზანიც გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვაა? 

აი, რა მოხდა ამ შემთხვევაში. 

2015 წელს სამინისტრომ პირველად შეაფასა ინვესტორის მიერ წარდგენილი კვლევები, რომელიც ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედებას სწავლობდა. მაშინ განხილულ დოკუმენტებში შედიოდა იქთიოლოგიური კვლევაც. სამეცნიერო ენაზე იქთიოფაუნის სახეობათა შესწავლას იქთიოლოგიური კვლევა ეწოდება. 

2015 წელს სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობდა, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა ან კითხვა არ არის და თანახმა არის, რომ გაიცეს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.  

2019 წელს, როდესაც ჰესის პროექტზე სამინისტროს განახლებული დასკვნა უნდა გაეცა, მაშინ კიდევ ერთხელ შეფასდა იქთიოლოგიური კვლევებიც. 

ახალ საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ გზშ-ში ის კვლევა, რაც ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა, ძალზედ ზედაპირულია. “ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაციისათვის საჭიროა შემდეგი სანებართვო პირობის შესრულება: აუცილებლად მიმაჩნია შემდგომი იქთიოლოგიური კვლევები ჩატარდეს სეზონურად და მოხდეს რაოდენობის ცვლილების დინამიკის შეფასება, ჰესის მშენებლობამდე და ოპერირების პერიოდშიც,” – წერია საექსპერტო დასკვნაში. 

“ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი” გარემოსდაცვითი საერთაშორისო  ორგანიზაციაა, რომელმაც ზუთხისებრთა დაცვის პროექტი საქართველოში 2017 წელს დაიწყო.  ორგანიზაციის წარმომადგენელი  მიხეილ ფოცხიშვილი “აი, ფაქტს” ჯერ კიდევ 2021 წელს უხსნიდა, რომ ჩატარებული კვლევები მხოლოდ  მდინარის ზედა წელს მოიცავდა და რა გავლენა ექნებოდა ჰესს ბიომრავალფეროვნების კუთხით მდინარის ქვედა წელზე ან ზოგადად ხეობაზე, ეს არავინ იცოდა. ფოცხიშვილი იმასაც ამბობდა, რომ ამ გარემოებების შეცვლამ შეიძლება ზუთხი საერთოდ გააქროს, რადგან შესაძლოა მან ქვირითობა (გამრავლება) ვეღარ მოახერხოს. 

თევზის საკითხზე კომპანიის მოცემული კვლევები რომ არაზუსტი და არასაკმარისი იყო, ამას თავად სამინისტროც აღიარებდა. გზშ-ს შეფასების დოკუმენტში გარემოს დაცვის სამინისტრო წერდა  რომ “ანგარიშში მდ. რიონის თევზების სახეობათა ჩამონათვალში მოცემულია ისეთი თევზის სახეობები, რომლებიც ისტორიულად არ ყოფილა და ფიზიკურად ვერც იქნებოდა მდინარის ამ მონაკვეთზე, რაც საჭიროებს დაზუსტება/კორექტირებას.” 

როგორც წინა შემთხვევებში, კომპანიას არც ეს კვლევა მოუმზადებია, მაგრამ სამინისტრომ მაინც ინვესტორის სასარგებლოდ გადაწყვიტა ეს საკითხიც. 

ფოთის სანაპიროს უსაფრთხოება

რიონი ერთ-ერთი მთავარი მდინარეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს ინერტული მასალით ამარაგებს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მდინარეში არსებული ქვიშა-ხრეში გაიფილტრება, დაილექება ადგილზე და სანაპირო ზოლამდე მცირე რაოდენობა ჩააღწევს. მყარი ნატანის გარეშე სანაპირო ზოლი შემცირდება და წყალი მას ნელ-ნელა დაფარავს.

ჯერ კიდევ 2015 წლის კვლევების საექსპერტო დასკვნებში ვკითხულობთ, რომ აუცილებელია ამ პროცესის ხელოვნურად მართვა და საკომპენსაციო ღონისძიებების გატარება. 

2020 წლის  “ენკასთვის” გაგზავნილ შენიშვნებში კი სამინისტრო კომპანიას სთხოვს, წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ფოთში ე.წ. „დიდი კუნძულის” ნაპირდაცვითი ღონისძიებების პროექტის შესახებ. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, სეიოსმოლოგი  თეა გოდოლაძე კი გვიხსნის, რომ  ნამახვანის აშენების შემთხვევაში ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან ირღვევა ბუნებრივი ციკლი მთიდან ჩამონატანი მასალის სანაპირო ზოლში მოხვედრის. ამასთანვე გვიხსნის, რომ ეს ნატანი მდინარის სიჩქარით ტრანსპორტირდება. ჰესის მშენებლობა კი შეამცირებს წყალს, მაშასადამე სიჩქარესაც.  

“კაშხლიდან რაც გამოვა იქნება წყალი, მაგრამ არა ქვა-ღორღი. ეს დაილექება კაშხალთან. ბათუმს და შავი ზღვის სანაპიროს სერიოზული პრობლემა შეექმნა თუნდაც ენგურ ჰესით, თურქეთისა და აჭარის  ჰესებით. მახსოვს სანაპირო ზოლს ამაგრებდნენ ბეტონით, ამბობდნენ ზღვას მიაქვსო. ანუ გამოირეცხა. ასე ხდება როდესაც ბუნებრივ შენებას არ უწყობ ხელს.”

ბოლოს გოდოლაძე იმასაც ამატებს, რომ ამ პროცესს ვერაფრით შევაჩერებთ, თუ მშენებლობა დაიწყება და ამას არანაირი საპრევენციო სამუშაოები არ უშველის.

გარემოსდამცველი და ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი ნინო ჩხობაძე დამატებით გვეუბნება, რომ ქვა-ღორღი, რომლითაც ფოთის სანაპირო ზოლი მარაგდება და რომელიც მის მდგრადობას უწყობს ხელს, ისედაც გააჩერა პატარა ჰესებმა, ვარციხე 1-2 და რიონი 1- 2 -მა. 

“პრევენციისთვის შეიძლება გარეცხვა ანუ ინერტული მასალის გაშვება. მაგრამ ეს ზუთხს გაანადგურებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, როდის უნდა მოხდეს გარეცხვა. ანუ უნდა შევისწავლოთ, როდის არ არის ზუთხი ამ ტერიტორიაზე, როდის არ აქვს ქვირითობა და ა.შ.” 

ინვესტორის მიერ ჩატარებულ და შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კვლევებს მუდმივად აპროტესტებდნენ გარემოსდამცველები. ისინი ამბობდნენ, რომ კომპანიას ნორმალურად არც ალტერნატივების ანალიზი გაუკეთებია, არც ბიომრავალფეროვნება შეუსწავლია, არც ტყის მასივის მდგომარეობა განუსაზღვრავს და არც, ზოგადად, ჰესის საჭიროება უკვლევია ობიექტურად.  

“გამამ (ავტორის შენიშვნა: “გამა” არის კომპანია, რომელმაც მოამზადა გზშ-ს ანგარიში) რაც დაწერა საჭიროების დასაბუთებაში, ეს არის მისი პირადი მოსაზრება, რომელიც არანაირ დასაბუთებას არ ეფუძნება. როცა გზშ-ში მიწერ, რომ ნავი არ მქონდა, მეორე ნაპირზე რომ გადავსულიყავიო, ეს აჩვენებს დამოკიდებულებასაც და ამ დოკუმენტის ხარისხსაც. ეს არ არის კვლევა,” – ამბობს დავით ჭიპაშვილი. 

ამდენი ხარვეზის ფონზე გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს მხარდამხარ მაინც ამტკიცებდა, რომ კვლევები სათანადოდ იყო შესრულებული და პროექტს პრობლემა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მშენებლობა გაჩერდა, ინვესტორმა ქვეყანა დატოვა და ახლა საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება. 

საარბიტრაჟო დავაში თუ საქართველოს მთავრობა დამარცხდება, ჩვენ ყველას, ბიუჯეტიდან მოგვიწევს კომპანიისთვის ზარალის ანაზღაურება. 

და ვინ დაფარავს იმ ზარალს, რომელიც ჩვენ ყველას და ბუნებას მიადგა არაკვალიფიციურად შესრულებული კვლევების, კანონდარღვევით გაცემული ნებართვებისა და საჯარო მოხელეების მიერ გამოვლენილი სამსახურებრივი გულგრილობის გამო? 

GEO Electornic use

სტატია მომზადებულია ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Danida UK rgb
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ეკონომიკის სამინისტროს დუმილის პოლიტიკა 
ekonomika

ეკონომიკის სამინისტროს დუმილის პოლიტიკა 

ავტორები: მანანა ღოღობერიძე და ნანუკა ბრეგაძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share