fbpx
football

ევროპელი ანალიტიკოსის დასკვნის საფუძველზე ქართველი ფეხბურთელი დაისაჯა

უეფამ ხუთ ქართველ ფეხბურთელს მიუსაჯა დისკვალიფიკაცია თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე. ერთ საფეხბურთო კლუბს, “კოლხეთი 1913”-ს კი 6 ქულა დააკლო.

უეფამ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამი მატჩი შეისწავლა.

2018 წლის 5 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში „კოლხეთი 1913“ გორის „დილას“ მასპინძლობდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრებმა 56-ე და 64-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს.

71-ე წუთზე „დილამ“კუთხური ჩამოაწოდა. საჯარიმოში „კოლხეთის“ 7 ფეხბურთელი ცდილობდა ბურთამდე „დილას“ 4 წევრი არ მიეშვა, მაგრამ ჯერ ნომერმა ექსვსმა, ვლადიმირ პანამარიოვმა და ნომერმა ოთხმა, ლაშა გოგონაიამ ვერ გამოიტანეს ბურთი, მერე კი ალექსანდრე კვახაძემ ნომერ სამს, ბორის მახარაძეს დაასწრო და ფოთელებს ახლო მანძილიდან გაუტანა გოლი.

„კოლხეთის“ ფეხბურთელი ზურაბ არზიანი (ნომერი 5) საჯარიმო მოედნის წინა ხაზთან იყო.

„გამოვარდნილ ბურთზე ვიყავი. ჩემს უკან (საჯარიმოში) ჩადის ორმეტრიანი კაცი – კვახა (ალექსანდრე კვახაძე). თურმე, მე უნდა ამეყვანა ის ორმეტრიანი კაცი. ანუ ეგ არის. რომ მე კაცი არ ავიყვანე და ჩემს გამო გავიდა მესამე გოლი. მწვრთნელის (ნუგზარ თვარაძე) დახასიათებაც მქონდა, სადაც ეწერა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რა მევალებოდა. მწვრთნელის დავალება ზუსტად შევასრულე,“ – ამბობს ზურაბ არზიანი.

ის და „კოლხეთის“ კიდევ 4 ფეხბურთელი სამი თამაშის („საბურთალოსთან“, „დილასთან“ და „ლოკომოტივთან“) მსვლელობასა და შედეგის მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულეს. ფედერაციის ოფიციალური ვერსიით, სამივე თამაშში “კოლხეთი 1913”-ს უნდა წაეგო და მატჩში სამი ან მეტი გოლი გასულიყო.

“სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის” უფროსის, ვახტანგ ბზიკაძის თქმით, 2016 წლიდან ფედერაციის მიერ გარიგებული მატჩების წინააღმდეგ აქტიური კამპანიის დაწყების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგების ყველა თამაში პირდაპირი ეთერით ან ტელევიზიით, ან ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე (eliga.ge) გადაიცემა. ამან უეფას არამარტო ფსონების, არამედ თამაშის ვიდეოჩანაწერების ანალიზის საშუალება მისცა.

„ისინი (უეფა) აკეთებენ უფრო ფართო ანალიზს არამარტო ტოტალიზატორის მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ ვიდეო ჩანაწერსაც განიხილავენ და ამ მატჩებზე ზოგიერთი მოთამაშის საეჭვო მოქმედებები იყო აღწერილი. ამ ყველაფრის შედეგად, მივმართეთ სადისციპლინო კომიტეტს, რომელმაც კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი გამოიტანა,“ – ამბობს ბზიკაძე.

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული მორიგი სკანდალის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 4 ივლისს გავრცელდა, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ „უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ „კოლხეთი 1913“-ის რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირებას. სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა „კოლხეთი 1913“-ის წარმომადგენელს (ტექნიკური დირექტორი ლევან სართანია) და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე „კოლხეთი 1913“-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას და თორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.“

ფეხბურთელებმა საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს მიმართეს. 4 მათგანს გავლილი დრო (თვენახევარი) მოხდილად ჩაუთვალეს და დაწესებული დისკვალიფიკაციის ამოწურვამდე, პირობითი სასჯელი შეუფარდეს. სასჯელი უცვლელი დატოვეს ლაშა გოგონაიას შემთხვევაში. ფედერაციაში განგვიმარტეს, რომ „ვინაიდან ის მხოლოდ ერთხელ არ იყო მოხვედრილი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშში, ტრიბუნალმა უცვლელად დატოვა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება.“

სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა, რომ „კოლხეთის“ მეტოქეები სავარაუდო გარიგებაში არ მონაწილეობდნენ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი 1913“-ს წილის 100 პროცენტის მფლობელი ფოთის მუნიციპალიტეტია.

ვახტანგ ბზიკაძის თქმით, უეფადან პირველი ანგარიშის მოსვლის შემდეგ, ფედერაციამ გააფრთხილა კლუბი და შიდა გამოძიების ჩატარება მოსთხოვა. მისივე თქმით, უეფას ანგარიშები კონფიდენციალურია.

„მეორე შემთხვევაშიც გავაცანით (ანგარიშები). მაშინ კლუბში ახალი დირექტორი (დავით ბუკია) დაინიშნა. მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ კლუბს მეტი ყურადღება გამოეჩინა ამ მიმართულებით, როგორც ჩანს სათანადო რეაგირება ვერ მოახდინეს და უეფასგან კიდევ მოვიდა შეტყობინება”.

„განსხვავებული ტიპის ფსონებია, მაგრამ, ძირითადად, წინასწარ იციან ფსონის დამდებებმა რომ კოლხეთი წააგებს მატჩს და ამავე დროს სამი ბურთი გავა. ვის კარში გავა, როგორ გავა, არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა,“ – აგვიხსნა “სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის” უფროსმა.

უეფას ანგარიშში მისი სახელი რომ იყო ნახსენები, ზურაბ არზიანმა „კოლხეთის“ ირგვლივ არსებული მდგომარეობის გასაჯაროებამდე იცოდა. ამის შესახებ კლუბმა შეატყობინა. „კლუბი ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, როდესაც ფედერაცია აწვდის საბუთს. ეს მოხდა გახმაურებამდე სამი თვით ადრე,“ – გვითხრა არზიანმა, რომელსაც ნოემბერში თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევხვდით. მას შემდეგ, რაც ფეხბურთში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა, „ნორჩი დინამოს“ პრეზიდენტმა, ოთარ შენგელიამ მას ორთვიანი კონტრაქტი გაუფორმა.

31 წლის ფეხბურთელის თქმით, “აი, ფაქტთან” ინტერვიუს ერთადერთი მიზნით დათანხმდა – განაცხადოს, რომ უდანაშაულოა და არასოდეს ყოფილა ჩართული რაიმე სახის მანუპულაციაში.

„ფედერაციიდან რაღაც ხმები გამოვიდა, რომ მე შემიწყალეს, თითქოს, დანაშაული ვაღიარე… ანუ ასეთი ლაპარაკი მიდის,“ – გვითხრა არზიანმა, – „მინდა ხალხმა გაიგოს ის, რომ აქ არაა არანაირი შეწყალება… არანაირი მტკიცებულება არ ქონდათ. ამიტომაც მომიხსნეს დისკვალიფიკაცია. ტრიბუნალი ჩატარდა, ვიფიქრე ახლა სახალხოდ გამოვლენ იტყვიან, რომ ესე და ესე… მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა.“

„ვინც ხელი მოაწერა ამ ანგარიშზე და ვინც გაეცნო ამ ვიდეოს ამ პიროვნებასთან მივედი და ვუთხარი, გამაცანი, მანახე… კიო, ახლავე განახებ… ვიდეო ჩამირთეს და შენ რომელი ხარო მეკითხება… დისკვალიფიკაცია მომისაჯეთ, ჯარიმა დამაკისრეთ და არ იცი რომელი ვარ?“ – იხსენებს არზიანი.

მისი თქმით, ის დატოვებს საქართველოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს და სავარაუდოდ, დაბრუნდება რუსეთში, სადაც ადრე თამაშობდა.

“კოლხეთი 1913”-ს ტექნიკურმა დირექტორმა, ლევან სართანიამ გვითხრა, რომ კლუბი თანახმა იყო გადაეხადა 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა, მაგრამ 6 ქულის დაკლება გაასაჩივრა. თუმცა, ტრიბუნალმა ძალაში დატოვა ეს სასჯელიც და 10 ათასიანი ჯარიმაც. მეტიც, “კოლხეთი 1913”-ს ერთწლიანი პირობითი სასჯელი დაუწესდა. ამ ხნის განმავლობაში რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კლუბს გაცილებით მკაცრი სასჯელი ელის.

„კლუბი არ უნდა დასჯილიყო და 6 ქულა არ უნდა დაკლებოდა,“ – გვითხრა სართანიამ, – „თუ ეს თამაშები გაკეთებული იყო, კლუბმა ისედაც იზარალა ხო. კიდევ ცალკე 6 ქულის დაკლება ძალიან მძიმედ დააწვა.“

სართანიამ ამბობს, რომ ჰქონდათ საუბარი ფეხბურთელებთან და ყველა მათგანმა უარყო რაიმე სახის მანიპულაციაში მონაწილეობა. „მე პირადად ვთვლი, რომ ეს რთულია. ამას დადასტურება უნდა, სხვა მტკიცებულებები უნდა.“

ვახტანგ ბზიკაძის თქმით, “კოლხეთი 1913”-ს შემთხვევამდე 18 თვის განმავლობაში ფედერაციაში უეფადან სავარაუდოდ გარიგებული მატჩების შესახებ ანგარიშები არ მისულა.

სახელმწიფოს წარმოებული გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 2014-2017 წლებში საქართველოს საფეხბურთო ლიგებში, მინიმუმ, 10 მატჩი იყო გარიგებული ან ამ თამაშებზე მოხდა სხვადასხვა სახის საეჭვო ფსონის განთავსება.

“აი, ფაქტი” გარიგებული მატჩების შესახებ ადრეც წერდა:
1. გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში
2. გარიგებული მატჩები

2014 წლის 24 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოში მოქმედ ტოტალიზატორებს წერილობით მიმართა, რათა უმოკლეს ვადებში სფფ-ს ეგიდით გამართული ყველა მატჩი კლიენტებზე შეთავაზებული ფსონების სიიდან ამოეღოთ. მიზეზად საქართველოს ჩემპიონატში გარიგებული მატჩების არსებობის ნიშნები დასახელდა.

ამ ამბიდან, დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშის საფუძველზე შესაძლო გარიგებული მატჩების გამო 5 ქართული კლუბი 20-25 ათასი ლარით დაჯარიმდა. იმავე წლის სექტემბერში ანტიკორუფციულმა სააგენტომ ფსონების დამდებებთან სავარაუდო გარიგებისთვის 8 მსაჯი დააკავა.

ერთ-ერთ ყველაზე ჩახლართულ საქმეს ისევ სასამართლო განიხილავს.

2015 წლის 5 მაისს ბექა ჯიჭონაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების მოსყიდვისთვის დაკავებულია რვა ადამიანი. საქმეში უამრავი მასალის, მათ შორის ჩანერგილი სამართალდამცველის მიერ შეგროვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მიუხედავად, სასამართლოს განაჩენი ჯერაც არ გამოუტანია.

ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით გენძეხაძის ადვოკატის თქმით, სასამართლო ახლა ბრალდებულების დაკითხვის ეტაპზეა. ამის შემდეგ, შესაძლოა 2018 წლის ბოლომდეც, გადაწყვეტილება ცნობილი გახდეს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ენობრივი ბარიერი ქვემო ქართლის სკოლებს დირექტორების გარეშე ტოვებს
ddirector

ენობრივი ბარიერი ქვემო ქართლის სკოლებს დირექტორების გარეშე ტოვებს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share