fbpx
kselebi scaled e1668768031970

რუსული ელექტროენერგია – აუცილებლობა თუ  პოლიტიკური გადაწყვეტილება 

ავტორები: ნანუკა ბრეგაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ სანქციების გამო რუსეთში გადარიცხვების სისტემა მოიშალა. საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ყიდულობს, რაც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ერთ-ერთი კომპონენტია. “აი, ფაქტი” დაინტერესდა, გადარიცხვების სისტემის მოშლა დაბრკოლებებს შეგვიქმნის ელ. ენერგიის იმპორტისას თუ პირიქით, დავძლევთ ამ ბარიერებს და გავაგრძელებთ “რუსული დენის” ყიდვას.

შესაძლებელია სხვა სცენარიც, ეს მოვლენები საბაბად გამოვიყენოთ და ოკუპანტის ნაცვლად, ელექტროენერგია სხვა მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ. 

სინამდვილეში Რამდენად ვართ რუსეთზე დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით, აქვს თუ არა ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა და რა მოხდება, თუ რუსეთიდან იმპორტს შევწყვეტთ, თუნდაც გართულებული ტრანზაქციის გამო, ამის გასაგებად, რიცხვებს უნდა დავაკვირდეთ. 

გასულ წელს საქართველომ სულ 15.3 მილიარდი კვტ.სთ ენერგია მოიხმარა. აქედან მხოლოდ 8% იყო რუსეთიდან იმპორტირებული. 2015-2020 წლებში მოხმარებული ელ.ენერგიიდან რუსეთიდან შემოვიტანეთ 4 პროცენტი. 

f 01

საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგია რუსული კომპანია “Интер Рао ЕЭС”-ს შემოაქვს. კომპანიამ  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2018 წლის აგვისტოში გაიმარჯვა. Ხელშეკრულების პირობები კონფიდენციალურია, შესაბამისად, შესყიდვის ტარიფის გაგებას ვერ შევძლებთ.

ესკო ტენდერის დროს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ ასაჯაროებს კანონის “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ფარგლებში. ამ კანონის მიხედვით, მათ შეუძლიათ გაამჟღავნონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია როგორც “ღია ინფორმაცია”. სამწუხაროდ, ხელშეკრულების პირობები ღია ინფორმაცია არ არის, პირიქით, კომერციული საიდუმლოებაა, რათა კონტრაქტორი კომპანიების კონკურენტუნარიანობას ზიანი არ მიადგეს. 

იურისტი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილი გვეუბნება, რომ ხელშეკრულების პირობების ღიაობა ერთგვარი პრევენცია იქნება, რომ  კორუფციული გარიგებები თავიდან ავიცილოთ. 

“ამბობენ, რომ  ერთი მხრივ, კომერციული საიდუმლოება არის კონტრაქტებიო. მეორე მხრივ, სახელმწიფო საწარმოს არ ევალება საჯარო ინფორმაციის გაცემაო. მეორე პუნქტს რაც შეეხება, ეს ცალსახა პრობლემა და არასწორი მიდგომაა. სახელმწიფო საწარმოებზე აუცილებლად უნდა ვრცელდებოდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, დღეს კი, სამწუხაროდ, ასე არ არის. რაც ეხება პირველ პუნქტს, ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოს მიერ დადებული კონტრაქტები საიდუმლო და მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების სრული გამჭვირვალობა მხოლოდ წაადგება ქვეყანას და შეასრულებს ბევრი პრობლემის, მაგალითად, კორუფციის საპრევენციო ფუნქციას,” – ამბობს ქევხიშვილი. 

ესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ კანონით განსაზღვრული მწირი ინფორმაცია. კერძოდ, აქვეყნებენ იმას, თუ როდის იწყება იმპორტიორი ქვეყნების შემოთავაზებების მიღება და ვინ იმარჯვებს.

ელექტროენერგიის შემოტანაზე Შეთავაზების წარდგენა ესკოში შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. ამ შემთხვევაში, ესენი შეიძლება იყვნენ კომპანიები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ მათთან გვაქვს ელ.ენერგიის შემოსატანად საჭირო ინფრასტრუქტურა.

2018 წლის აგვისტოში გამოცხადებულ შესყიდვაზე განაცხადების მიღება 17-დან 23 აგვისტომდე იყო შესაძლებელი. Შესყიდვის საორიენტაციო მოცულობა 138.1 მლნ.კვტსთ იყო. ტენდერში იმპორტის განხორციელების სურვილი გამოხატა ორმა კომპანიამ – „Elgreen Holdings Incorporated“-მა და „Интер Рао ЕЭС“-მა. ესკოს თქმით, დაბალი ტარიფიდან გამომდინარე საუკეთესო წინადადებად და გამარჯვებულად „Интер Рао ЕЭС“ მიიჩნია.  

Როგორც ესკოდან მოგვწერეს, ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას ამ ეტაპზე უპრობლემოდ აგრძელებენ. 

“საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვას უმთავრესად ახორციელებს შპს „ინტერ რაო საქართველოს“ მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ კომპანიას და შესაბამისად, ანგარიშსწორება წარმოებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ადგილობრივი საბანკო სისტემის მეშვეობით, ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით,” – გვითხრეს ესკოში.

ინტერ რაო ჯორჯიას” 50.01% -ანი წილის მფლობელი არის “სილქ როუდ ჰოლდინგი,” რომელსაც “ინტერ რაო მენეჯმენტი” ფლობს. “გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, “ინტერ რაო მენეჯმენტის” საკონტროლო პაკეტს რუსული სახელმწიფო კომპანიები „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპი“ ფლობენ.

f 03

“ინტერ-რაო ჯორჯიასთან” დაკავშირება ვცადეთ. გვაინტერესებდა, ჰქონდათ თუ არა რაიმე შეფერხება რუსეთიდან იმპორტისას. კომპანიის წარმომადგენელმა სანდრო აბაშიძემ კითხვებზე არ გვიპასუხა და არც სხვა პასუხისმგებელ პირთან გადაგვამისამართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც არ გვაქვსო, გვითხრა.  არც ის იცის, რა შედეგი დადგება, თუ მათი მფლობელი კომპანიები სანქციებში მოჰყვებიან.

ესკო-ს მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს, ჯერჯერობით,  შეუფერხებლად ვაგრძელებთ. რაც მარტი დაიწყო საქართველო ელექტროენერგიით მხოლოდ რუსეთიდან მარაგდება

f 02

“მწვანე ალტერნატივა საქართველოს” წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი გვეუბნება, რომ რეალურად, ქართული ელექტროენერგეტიკის სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით, რუსეთზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. 

“მარტივ მაგალითს გეტყვით. 2022 წლის იანვარში რა ხდებოდა. იანვარი ეს არის თვე, როდესაც საქართველოს ყველაზე ძალიან უჭირს ელექტროენერგია, ყველაზე დეფიციტური თვეა. ელექტროენერგიის იმპორტმა რუსეთიდან იანვრის თვეში შეადგინა 292 მლნ.კვტსთ. ერთი მხრივ ჩანს, რომ იმპორტი გვქონდა რუსეთიდან, მაგრამ ამ რაოდენობიდან 245 მლნ.კვტსთ წავიდა აფხაზეთში. ყველაზე დეფიციტურ თვეში, საქართველომ რუსეთიდან იმპორტით შემოიტანა მხოლოდ  50 მლნ.კვტსთ-მდე. ეს არის საქართველოს ერთი დღის მოხმარება. ანუ, მთლიანად თვის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან ერთი დღის ენერგიის მოხმარების ოდენობა შემოიტანა,” – გვიხსნის ჭიპაშვილი.  

ესკომ 2019 წლიდან დაიწყო ცალკე სტატისტიკის წარმოება, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის რა ნაწილი გადის აფხაზეთში. რიცხვები, ყოველწლიურად, მზარდია და ასე გამოიყურება

f 04

დავით ჭიპაშვილის თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გასული ელ.ენერგიის მოცულობის გამო იცვლება საქართველოს მოხმარების საერთო სტატისტიკა. მაგალითად, იანვარში აფხაზეთმა თითქმის იგივე რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც მთლიანად საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობამ. 

“თუ რუსეთი დენს არ მოგვაწვდის, ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ იმ დანაკლისს ავიღებთ აზერბაიჯანიდან ან თუნდაც თურქეთიდან. იმპორტის ფასები ღია არ არის და არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ არც ფასზე აისახება, თუ ჩვენ რუსულ 50 მლნ.კვტსთ-იან დანაკლისს შევივსებთ, მაგალითად, აზერბაიჯანიდან. შეიძლება, უფრო იაფადაც გამოვიდეთ. საქართველოს ენერგოსისტემისთვის მოხდება ის, რომ ჩაბნელდება აფხაზეთი. Შემდეგ აფხაზეთმა უნდა მოსთხოვოს რუსეთს, რატომ არ აძლევენ დენს,“ – ამბობს ჭიპაშვილი. 

kavkasioni sjvg
ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი”

განსხვავებული მოსაზრება აქვს ენერგეტიკის საკითხების მკვლევარს, გიორგი მუხიგულიშვილის.  ის ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირობებში, შესაძლოა, აფხაზეთისთვის მეტი ელექტროენერგიის მიწოდება მოგვიწიოს. 

 “ეს სანქციები რომელიც რუსეთზეა, ნელ-ნელა იქეთ მიდის, რომ აფხაზეთსაც შეუმცირებს ეკონომიკურ დახმარებას. Შესაბამისად, ელ.ენერგიის მიწოდების რესურსსაც შეუმცირებს და ჩვენზე გადმოვა ეს ზეწოლა. ახლა ისედაც მიაქვთ ენგურიდან და კიდევ უფრო მეტის მოთხოვნას შეეცდებიან,” – გვითხრა მუხიგულიშვილმა.    

მკვლევარი გვიხსნის იმასაც, რომ ჩვენ რუსეთსა და აფზახეთის შორის გამტარის ფუნქცია გვაკისრია. თუ შემოსულ ელ.ენერგიას არ მივიღებთ ჩვენ სისტემაში და შემდეგ აფხაზეთს არ გადავცემთ, ისინი ელ. ენერგიის გარეშე დარჩებიან. Მათი ერთადერთი წყარო კი ენგურიდან მიღებული ელ.ენერგია იქნება, რომელიც ისევ ჩვენ მოგვაკლდება.

 “ახლა ენგურის Წლიური გამომუშავების 40% მიაქვს აფხაზეთს, 60% მოგვაქვს ჩვენ და თუ აქედანაც შევუზღუდავთ ამის მიწოდებას, მათ სხვა გზა აღარ დარჩებათ თქვან, მაშინ, ენგურჰესის გამომუშავებიდან დიდ წილს წავიღებთ ჩვენ. Რაზეც ვერც კის ვეტყვით და ვერც არას, იმიტომ რომ ენგურჰესი კი მდებარეობს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაგრამ ქვესადგური მდებარეობს გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასე რომ, მთლად ასე არ არის, რომ პირდაპირ უარი ვთქვათ მიწოდებაზე,” – ამბობს მუხიგულიშვილი.  

ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)  2006 წლიდან ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. მათი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობისა და დემოკრატიული განვითარების გაძლიერება საქართველოში. „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება პოლიტიკურია.

“თუ შეწყდა [რუსეთიდან] ენერგიით მომარაგება, იმიტომ კი არ იქნება, რომ ფული ვერ გადავრიცხეთ და ევროპელებს დავაბრალოთ რამე. ეს მოხდება იმიტომ, რომ ისინი აღარ მოინდომებენ მოწოდებას, თორემ ‘ნისიად’ შეუძლიათ მოგვაწოდონ, ან იმ გარანტიით, რომ სახელმწიფო გადაიხდის, როცა ექნება ამის შესაძლებლობა,“ – ამბობს მარგველაშვილი. 

მისი თქმით, თუ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს შევწყვეტთ, ესეც პოლიტიკური განაცხადი იქნება. თუმცა, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, შეთანხმებული უნდა იყოს სხვა იმპორტიორ ქვეყნებთან, თუ იქნებიან მზად, რომ  ჩაანაცვლონ რუსეთი.  

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 136 მლნ.კვტსთ ელ.ენერგია შეიძინა სომხეთიდან.  Სომხეთიდან იმპორტი სამი წლის განმავლობაში არ მომხდარა, წინა წლებში ბევრად ნაკლები იყო.

Ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა დამატებით ელ.ენერგიის შესყიდვაზე მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებები. თუმცა, “აი,ფაქტის”  კითხვებისთვის პასუხის გაცემას მათ ამჯერადაც თავი აარიდეს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Როგორ მიივიწყეს საოკუპაციო ხაზის მეზობელი იმერული სოფლები
Screenshot 2022 03 25 at 09.53.25 2 1

Როგორ მიივიწყეს საოკუპაციო ხაზის მეზობელი იმერული სოფლები

ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობა გვიყვება, რომ ხელისუფლებისგან ზრუნვას და

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

მთავრობა კანონმდებლობას არღვევს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს

Total
0
Share