fbpx
eqimebi

სამედიცინო ტესტები: როგორ ხდებიან ექიმები

საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოში მხოლოდ სამედიცინო ტესტების მეთოდი გამოიყენება. სამედიცინო ტესტების პასუხები კი სპეციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი და მათი დასწავლა კარგ მეხსიერებას უფრო მოითხოვს, ვიდრე გამოცდილებას საექიმო საქმიანობაში.

გამოცდაზე გასვლა მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც უკვე დაასრულა სწავლა ჯერ სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდეგ კი დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლების პროგრამაზე (რომელსაც ჩვენში რეზიდენტურის სახელით იცნობენ).

სალომე კვეკვეციამ სწავლის დასრულების შემდეგ კარდიოლოგის სასერტიფიკაციო გამოცდა 2016 წლის დეკემბერში ჩააბარა. მისი თქმით სამედიცინო ტესტები ძალიან რთული არ არის და ინფორმაციის დაზეპირების უნარს უფრო ამოწმებს, ვიდრე ექიმის სერთიფიკატის მაძიებლის კვალიფიკაციას.

ხარვეზები და მოძველებული სამედიცინო ტესტები

საიტზე განთავსებული კითხვები ე.წ. “ღია ბაზას” მიეკუთვნება, რადგან მათი პასუხები ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ამ ბაზაში ზოგიერთი ტესტის პასუხი შეცდომითაა მითითებული და გამოცდაზე გამსვლელს მათი დაზეპირება იმ ფორმით უწევს, როგორც საიტზეა მოცემული. სხვა ვარიანტს, თუნდაც რეალურად სწორს, კომპიუტერული საგამოცდო პროგრამა შეცდომად აღიქვამს.

ექიმის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტების დიდი ნაწილი 5-10 წლის წინ შეიქმნა, არ განახლებულა და ბევრ ისეთ კითხვას შეიცავს, რაც თანამედროვე მედიცინის სტანდარტებს ვერ პასუხობს.

“ძალიან მოძველებული კითხვებია, გამოკვლევის და დიაგნოსტიკის ის მეთოდები, რაც ტესტებშია ნაგულისხმევი, უკვე აღარ გამოიყენება. ზოგიერთი ისეთი ტერმინია ნახსენები, რომ თანამედროვე მედიცინაში აღარც გვხვდება. ამიტომ სამედიცინო ტესტები გადასახედია, ბევრად კარგი კითხვების შედგენა შეიძლება,” – გვიზიარებს თავის გამოცდილებას კვეკვეცია.

შეცდომებისა და მოძველებული სამედიცინო ტესტების არსებობას ჩვენთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

ნათია ნოღაიდელი, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ტესტებში მცდარი პასუხების შესახებ ინფორმაცია სამინისტროსთვის ცნობილია. “ბაზა არის დიდი ხნის წინ მომზადებული. შეიძლება, ზოგიერთი ტესტი 5-10 წლის წინ ვალიდური იყო, მაგრამ დღეს აღარ არის,” ეუბნება ნოღაიდელი “აი, ფაქტს.”

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვებ გვერდზე 52 საექიმო მიმართულების სამედიცინო ტესტები თავისი პასუხებითაა მოცემული. აქედან მხოლოდ 5 მიმართულების ტესტებია განახლებული, საგამოცდო კითხვარში ამ ე.წ. “ღია ბაზიდან” შეაქვთ ტესტების 75 პროცენტი.

ღიასთან ერთად არსებობს კითხვების “დახურული ბაზაც.” ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ბაზის შექმნა 2012 წელს დაიწყო, მანამდე გამოცდა მხოლოდ იმ ტესტებით მიმდინარეობდა, რომელთა პასუხები ყველასთვის ცნობილი იყო.

2011-2012 წლებში პროფესიული ასოციაციებისგან (კარდიოლოგთა, ქირურგთა და სხვა დარგის წარმომადგენელთა გაერთიანებები) სამინისტრომ 28,700 ლარად ტესტები შეიძინა. სწორედ ამ ტესტებისგან შედგება ე.წ. “დახურული ბაზა,” რომელიც საგამოცდო კითხვარის 25 პროცენტს შეადგენს. “ღია ბაზისგან” განსახვავებით “დახურული ბაზის” პასუხები ვებგვერდზე არ არის მოცემული.

სამედიცინო ტესტები

ნებისმიერ საექიმო მიმართულებაში გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა 200 ტესტიდან 151-ს სწორად გასცეთ პასუხი ანუ, დაახლოებით, 75.5 პროცენტს. ტესტში 151 საკითხიდან თითქმის ყველა, 150 კითხვა, ე.წ. “ღია ბაზიდანაა,” პასუხები ყველასთვის ხელმისაწვდომია და მათი დაზეპირება შეიძლება. “დახურული ბაზიდან” კი სულ რაღაც ერთ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა საკმარისია საექიმო საქმიანობის სერთიფიკატის მისაღებად.

ჩვენ ნოღაიდელს ვკითხეთ, რატომ იკავებს სამინისტრო თავს სამედიცინო ტესტების ბაზის სრულად დახურვისგან და რატომ აქვთ შესაძლებლობა გამოსაცდელებს ტესტების პასუხები წინასწარ იცოდნენ.

“წარმოგიდგენიათ, დღეს როცა ბაზა ღიაა და მონაწილეების გარკვეული რაოდენობა მაინც ვერ აბარებს ამ გამოცდას, ერთბაშად ყველა ტესტის დახურვა როგორი დისონანსის შემომტანი იქნება? მე ვფიქრობ, რომ “დახურულ ბაზაზე” ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ, რომ ეს არ იყოს შოკი იმ პირებისთვის, ვინც ამ გამოცდას აბარებენ,” გვპასუხობს ნოღაიდელი.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2005 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში საექიმო საქმიანობის უფლება 21,551 ადამიანმა მოიპოვა. 5,549 პირმა კი გამოცდაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა, ანუ სერთიფიკატი ვერ მოიპოვა.

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საექიმო საქმიანობის სერთიფიკატის მაძიებელს 6 თვის ინტერვალებით შეუზღუდავად აქვს უფლება განმეორებით ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდა. უცნობია რამდენი პირი აბარებს გამოცდას განმეორებით, რადგან ამას პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი არ აღრიცხავს,” – ვკითხულობთ სააგენტოსგან მიღებულ ოფიციალურ წერილში.

მოძველებული ტესტების გარდა სერთიფიკატის მაძიებლებს არც გამოცდის ფორმატი მოსწონთ. სოფო ტრაპაიძემ სასერტიფიკაციო გამოცდა კარდიოლოგიის მიმართულებაში გასული წლის ზაფხულში ჩააბარა. თუმცა, თვლის, რომ ამ ფორმით ექიმის ცოდნის შეფასება შეუძლებელია.

“90-იან წლებში დაწერილი ტესტებით ვერ განსაზღვრავ მკურნალობის თანამედრვე მიდგომებს. კარგი იქნებოდა, გამოცდაზე იყოს მოცემული პაციენტისთვის ჩატარებული გამოკვლევები, მისი ჩივილები, ავადმყოფობის ისტორია და ამის შემდეგ გამოსაცდელი ნიშნავდეს შემდგომ გამოკვლევებს. მეორე ვარიანტიც შეიძლება იყოს, უკვე მზა ანალიზის პასუხების მიხედვით გამოსაცდელი ირჩევდეს მკურნალობის სტრატეგიას. ასეთი გამოცდა უფრო მეტის მომცემია ექიმისთვის, ვიდრე ეს ტესტები, რაც მე ჩავაბარე,” ამბობს ტრაპაიძე.

გამოცდის დღევანდელი ფორმატი არც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვისაა მოსაწონი. ნათია ნოღაიდელი ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი სისტემები კომბინირებულად იყენებენ როგორც ტესტირების, ისე კლინიკური უნარ-ჩვევების შემოწმების მეთოდს. თუმცა, ნოღაიდელი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ მოდელზე გადასვლა შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოცდის ფორმატი შეიცვალოს და კლინიკური უნარ-ჩვევების შეფასებაზე ორიენტირებული გახდეს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ გამოცდის ერთი ეტაპი შედგებოდეს ტესტირებისგან. ყველა ტესტი უნდა იყოს დახურული და არა ღია. არ უნდა არსებობდეს ღია ბაზა საერთოდ. ამ ტესტური გამოცდის წარმატებით გადალახვის შემდეგ უნდა იყოს კლინიკური უნარ-ჩვევების გამოცდა.”

აი ფაქტთან” ნოღაიდელი განმარტავს რომ უცნობია როდის შეიცვლება გამოცდის ფორმატი, რადგან ამას დასჭირდება საგამოცდო საკითხების სრულიად ახალი ბაზა, როგორც თეორიული, ისე კლინიკური ცოდნის შესამოწმებლად.

სწორედ ამ ტიპის გამოცდაზე სცადა ენდოკრინოლოგის სერთიფიკატის მოპოვება სოფო ბერუაშვილმა, ოღონდ საფრანგეთში.

ბერუაშვილი ამბობს რომ გამოცდის პირველ ნაწილში მოცემულია კითხვები ზოგადი მედიცინიდან, რომელზე პასუხები გამოსაცდელმა თავად უნდა დაწეროს. ერთსაათიანი შესვენების შემდეგ იწყება კლინიკური ნაწილი, სადაც აღწერილია კონკრეტული პაციენტის შემთხვევა. გამოსაცდელმა უნდა განსაზღვროს საჭირო გამოკვლევების ნუსხა, შემდეგ დასვას დიაგნოზი და ბოლოს პაციენტის დანიშნულება მისცეს. ყველაფერი კი ლოგიკური მსჯელობით დაასაბუთოს.

“სამედიცინო ტესტები საერთოდ არ ყოფილა ჩვენს გამოცდაზე. ყველას, ვისაც ევროკავშირის მიერ აღიარებული დიპლომი არ აქვს, ამ გამოცდის ჩაბარება უწევს საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად. კონკურსი ძალიან დიდა, როცა მე ვაბარებდი 95 კაცი იბრძოდა 7 ადგილისთვის. ვისაც აქაური დიპლომი აქვს აღარ სჭირდება ამ ტესტის გავლა, რადგან მათ სწავლის დროს უწევთ მსგავსი გამოცდების ჩაბარება,” გვიყვება ბერუაშვილი, რომელმაც ამ ეტაპზე ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა საფრანგეთში საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვებას კვლავ ეცდება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
400 ლარი დასვენებისთვის – როგორ მუშაობს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“
500 lari

400 ლარი დასვენებისთვის – როგორ მუშაობს „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share