fbpx
dighomi

დიღმის ტყე-პარკში რესტორნის აშენებას აპირებენ

ავტორი: გვანცა ნადიბაიძე

თბილისის მერიამ კანონი დაარღვია, როდესაც დიღმის ტყე-პარკში ახალი რესტორნის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვა კითხვებს რამდენიმე მიმართულებით აჩენს:

1. როგორ დახუჭა მერიამ თვალი საპროექტო დოკუმენტაციაში დაშვებულ ხარვეზებზე?
2. როგორ დაარღვია მერიამ 2006 წელს მიღებული დადგენილება, რომელიც ტყე-პარკის შეზღუდვის ზონაში მშენებლობას კრძალავს?

ვუპასუხოთ ბოლო პუნქტს, რომელიც უშუალოდ ეხება კანონის დარღვევას.

2006 წლიდან დღემდე დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია, 20.5 ჰა, გამწვანების სპეციალური ზონაა. იქ ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია.

მერიის მიერ 2018 წლის ოქტომბერში გაცემული ნებართვით კი სამშენებლო კომპანია “ანაგი” მწვანე სივრცეში რესტორნის ჩადგმას აპირებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ანთაძის თქმით, 2006 წლის დადგენილება დღემდე მოქმედია, რაც არქიტექტურის სამსახურის საიტზეც ნათლად ჩანს. ანთაძე ამბობს, რომ ამ დადგენილების იგნორირებით ქალაქ თბილისის მერია უკანონო ქმედებას ჩადის.

„ჩვენთან არაერთი მოქალაქე იყო მოსული, რომლებიც დიღმის პარკში ნაკვეთებს ფლობენ. მათ არქიტექტურის სამსახური უარს ეუბნებოდა მშენებლობის ნებართვის მიცემაზე და მიზეზად ტერიტორიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასახელებდნენ. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამონაკლისი რატომ დაუშვეს, არავინ იცის. ესაა ისეთი მასშტაბური პროექტი, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს წყნარი დასვენების სივრცის არსებობას ამ ტერიტორიაზე,” გვეუბნება ანთაძე.

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ვკითხეთ, რამდენადაა შესაძლებელი გამწვანების სპეციალურ ზონაში მშენებლობის დაწყება. მათ ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.

ახლა გადავიდეთ საპროექტო დოკუმენტებში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც რამდენიმე სახისაა.

მშენებლობის ნებართვის მიხედვით, “ანაგმა” ამ ნაკვეთზე საგამოფენო და საკონცერტო დარბაზი უნდა ააშენოს. საპროექტო დოკუმენტებიდან კი ცხადია, რომ აქ ოთხსართულიანი რესტორანი უნდა დაიდგას. პროექტში საგამოფენო სივრცე ნახსენებიც არაა. შენობის საერთო ფართობი 6,500 კვ.მ.-ს აღწევს. ოფიციალურად ამ პროექტს “ორანჟერეა” ეწოდება.

საპროექტო დოკუმენტები ჩვენ არქიტექტორ ირაკლი ჟვანიას ვაჩვენეთ.

„ორანჟერეა,“ როგორც პროექტს უწოდებენ ავტორები, როგორც წესი ადგილია, სადაც სხვადასხვა ტროპიკული ტიპის მცენარეა. მე აქ ვერსად ვნახე ასეთი დარბაზი. ფასადზე რაღაც ფხვიარა მცენარეების გაშვება, ან შიგნით რაღაც ქოთნებს ჩამოკიდება და მცენარეების ჩამოშვება არაა ორანჟერეა. ეს შეგიძლია ნებისმიერი დანიშნულების შენობაში გააკეთო. ესაა უბრალოდ რესტორნის გამწვანებით მორთვა,“ გვიხსნის
ჟვანია.

შენობა რომ რესტორანი იქნება, ამას ნახაზებიდან თქვენც მიხვდებით. პროექტში სარდაფის სართულის ცალკეული ოთახების დანიშნულებებია მითითებული. მათ შორისაა საბანკეტო დარბაზი, კაფე-საკონდიტრო, ცომეულის დასამზადებელი ოთახი, ალკოჰოლური სასმელების საწყობი, ბოსტნეულის დასამუშავებელი ადგილი, ფქვილის დასამუშავებელი ოთახი, სამზარეულო ბლოკი და ა.შ.

[metaslider id=3221]

საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენისას, მერიამ კომპანიას უპასუხა, რომ ამ შენობას რესტორნის ფუნქცია უფრო ჰქონდა, ვიდრე საგამოფენო ცენტრის. შესაბამისად, პროექტი დაიწუნა და ამ ხარვეზის გასწორება მოსთხოვა.

ხარვეზი არავის გაუსწორებია, არც შენობის ფუნქცია შეცვლილა. მერიამ კი ნებართვა მაინც გასცა.

მერიაში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა ვერც სხვა შეცდომები შენიშნეს, რომლებიც საპროექტო დოკუმენტაციაში გვხვდება. მაგალითად, სანებართვო დოკუმენტაციაში არსებულ ფართობებსა და პროექტში გაწერილ ფართებს შორის სხვაობა იყო.

ანა გაბრიაძის ორგანიზაციამ, “უსაფრთხო სივრცემ” ეს ხარვეზი სასამართლოში გაასაჩივრა. მხოლოდ ამის შემდეგ “ანაგმა” თვითონ მოითხოვა ამ უზუსტობის გასწორება, მერიას მანამდე ეს ამბავი არც კი შეუნიშნავს.

2019 წლის 1 მარტს ხარვეზები გასწორდა და პროექტის განახლებული ვერსიაც დამტკიცდა. სხვაობები რომ იყო, ეს ფაქტიც მოწმობს. თუ პირველ პროექტში კომერციულ ფართს 245 კვ.მ. ეჭირა, ახლა 3,047 კვ.მ. გახდა. შეიცვალა მთლიანი შენობის ფართობიც და თითქმის, 1,000 კვ.მ.-ით გაიზარდა.

მესამე შესამჩნევი ხარვეზი ტრანსპორტის ქსელზე ამ შენობის გავლენას უკავშირდება. კომპანიამ სატრანსპორტო დასკვნა მოამზადა, სადაც გათვლილია, რამდენად გადატვირთავს ეს შენობა მიმდებარე ქუჩებს ტრანსპორტით. ამ დოკუმენტში წერია, რომ მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში შენობა 1,000 ადამიანს დაიტევს (სტუმარი 800, თანამშრომელი 190). საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კი შენობა 2,153 ადამიანზეა გათვლილი. ეს გაორმაგებული რაოდენობა ქუჩების ტრანსპორტით დატვირთულობასაც ცვლის და მომზადებულ სატრანსპორტო დასკვნასაც აზრს უკარგავს.

ანა გაბრიაძე დიღმის ტყე-პარკს 2000-ანი წლებიდან მოყოლებული იცავს. მისთვის მწვანე სივრცეში რესტორნის ჩადგმა დამარცხებას ნიშნავს.

ახლა ამ ადგილზე “კია მოტორსის” ცენტრის ერთსართულიანი შენობა დგას, რომლის ფართობიც 1,800 კვ.მ. ახალი პროექტის თანახმად კი, რესტორნის მიწასთან შეხების ფართი 3,638 კვ.მ. იქნება. ანუ, ახლანდელ შენობასთან შედარებით, ორჯერ დიდი ტერიტორია დასჭირდება.

„თბილისის ჰამქარის“ თავმჯდომარეს, ცირა ელისაშვილს დიღმის ტყე-პარკში გაცემული მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკის ამბავს აგონებს. ელისაშვილი გვეუბნება, რომ სარეკრეაციო სივრცეების გადარჩენა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია.

„ასეთი საკითხები იმ შემთხვევაში დგას პოლიტიკურ დღის წესრიგში, თუ მასთან მიმართებაში გამოკვეთილია საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ამის მაგალითია ვაკის პარკის ამბავი, როცა მის საზღვრებთან დაკავშრებით იყო დავა. ის საზოგადოება, რომელსაც ვაკის პარკში ბავშვები გამოყავდა, ისვენებდნენ, ძალიან აქტიურად იყო ამაში ჩართული სამოქალაქო სექტორთან ერთად. პრინციპში იგივენაირი ამბავია აქაც” გვეუბნება ელისაშვილი.

დიღმის მასივის მოსახლეობამ უკვე დაიწყო პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება. პეტიცია დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიოტრიისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენას, კომპანია ,,ანაგისთვის’’ მიცემული ნებართვის გაუქმებასა და მიწის ნაკვეთის დედაქალაქისთვის დაბრუნებას მოითხოვს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბავშვები საბავშვო ბაღებს მიღმა
baghebi 2

ბავშვები საბავშვო ბაღებს მიღმა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share