fbpx
kinocentri

ინტერესთა კონფლიქტი კინოცენტრის დრამაში

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს რეჟისორების ნაწილი არაპროფესიონალიზმსა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ქვეყანაში კინოს განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველ წელს 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებული პროექტების ნახევარზე მეტი საერთაშორისო ფესტივალებშიც არ მონაწილეობს.

ჩვენმა ექვსთვიანმა კვლევამ გვაჩვენა, რომ:

1. კომისიის წევრები და კონკურსანტები ხშირად ერთი და იმავე გაერთიანების წევრები არიან, ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კი კინოცენტრს ქმედითი მექანიზმები არ აქვს;

2. კულტურის სამინისტროს ინტერესთა კონფლიქტად მიაჩნია ის, რომ ჟიურის წევრი იმავე წელს შეიძლება იყოს სხვა კატეგორიის კონკურსის მონაწილეც;

3. კინოცენტრი ყველაზე ხშირად იმ რეჟისორების ნამუშევრებს აფინანსებს, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალებზე ნაკლებად ან საერთოდ ვერ ხვდებიან;

4. კინოცენტრი აფინანსებს ფილმის სცენარის ან პროექტის განვითარებას და უშუალოდ ფილმის დაფინანსებისგან თავს იკავებს.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საქართველოში კინოს ხელშეწყობის ძირითადი წყაროა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ცენტრი კონკურსს აცხადებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და ანიმაციური პროექტების დაფინანსების მიზნით. 2011 წელს მისი ბიუჯეტი 3 მილიონს აღწევდა, 2017 წელს კი 6 მილიონ ლარს გადააჭარბა. კინოცენტრმა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2011-2017 წლებში დამატებით მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2011-დან 2017 წლამდე კინოცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 35 მილიონამდე ლარი გამოეყო.

ყოველწლიურად კინოცენტრი ათეულობით ფილმის გადაღებას, სცენარისა და პროექტის განვითარებას აფინანსებს. 2011 წლიდან დღემდე კინოცენტრმა 53 კონკურსი ჩაატარა და 200-ზე მეტი პროექტი დააფინანსა. კინოცენტრის ინფორმაციით 110 ფილმის გადაღება უკვე დასრულებულია. აღნიშნული პროექტების დაფინანსებისთვის კი 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. დაახლობით 14 მილიონი ლარი კი ადმინისტრაციულ, სამივლინებო და სხვა სახის ხარჯებს მოხმარდა.

ჩვენ მოვიძიეთ 2011-2016 წლებში განხორციელებული პროექტები ინტერნეტ სივრცეში. აღმოჩნდა, რომ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული 164 პროექტიდან სხვადასხვა დონის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა 58-მა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფილმების ნაწილის გადაღება ჯერ არ დასრულებულა, ზოგიერთი კი მხოლოდ სცენარის ან პროექტის სახით არსებობს.

რეჟისორი და სცენარისტი გიორგი ვარსიმაშვილი ამბობს, რომ ქართული ფილმები მაღალი კლასის ფესტივალებზე ნაკლებად ხვდება, განსაკუთრებით საკონკურსო სექციებში. ვარსიმაშვილს ეთანხმება კინომცოდნე გიორგი რაზმაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ეროვნული კინოცენტრის მოდელი საავტორო, იგივე არაკომერციული კინოს დაფინანსებას გულისხმობს. შესაბამისად, ფილმების წარმატება იზომება არა კომერციული მოგებით, არამედ გამოხმაურებითა და საერთაშორისო საფესტივალო წარმატებით.

“ასეთი შეფასება არასამართლიანი და სადღაც, არაკომპეტენტურიც არის, რადგან გამოდის, რომ ქართველი გადასახადის გადამხდელთა ფული ხმარდება არა თანამედროვე კულტურის შექმნასა და წახალისებას, არამედ მეორეხარისხოვანი ფესტივალებისთვის ფილმების გადაღებას,” – ამბობს რაზმაძე “აი, ფაქტთან” საუბრისას.

პროდიუსერ რუსუდან ფანოზიშვილის პროექტი 2014 წელს დაფინანსებულ ფილმებს შორის ვერ მოხვდა. კინოცენტრმა არ გაითვალისწინა ის, რომ ფილმი კონკურსზე წარდგენისას უკვე გადასული იყო ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა (IDFA) და doc.incubator-ის (ჩეხური პროექტი) ბოლო ტურში. ორივე მათგანი ევროპის მასშტაბით დაფინანსების მოპოვების ყველაზე მსხვილ პლატფორმას წარმოადგენს. ფანოზიშვილი ამბობს, რომ პროექტის წარდგენისას კომისიის წევრები ფილმის მიმართ ინტერესს ნაკლებად იჩენდნენ. საბოლოოდ კი ფილმის ავტორებმა ვერ გაიგეს რეალური მიზეზი, თუ რატომ დაიწუნა ჟიურიმ პროექტი.

“ვფიქრობ, არ იყო საქმიანი და სერიოზული მიდგომა შერჩევის მიმართ. გვქონდა მოლოდინი, რომ არსებობდა რაღაც კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით კითხვებს დაგვისვამდნენ და პროექტს შეაფასებდნენ,” – ამბობს ფანოზიშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას.

რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი არასერიოზულ მიდგომას ჟიურის წევრების არაკომპეტენტენტურობით ხსნის. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა “მათ (ჟიურის წევრებმა) არ იცოდნენ რა არის სცენარის განვითარება.”

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილისა და იურისტის, ნინო კუხალაშვილის თქმით, საექსპერტო კომისიის წევრის კომპეტენციას სამართლებრივი აქტი არ არეგულირებს. “კონკურსებში შემოტანილი პროექტების განმხილველი საექსპერტო კომისიების ყველა წევრი კინემატოგრაფიულ სფეროში საქმიანობს, სხვა კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის,” – უთხრა კუხალაშვილმა “აი, ფაქტს.”

კომისიის მხრიდან არაკომპეტენტურობა არ არის ერთადერთი პრობლემა, რაზეც კონკურსანტები საუბრობენ. რეჟისორი დათო მირცხულავა ამბობს, რომ კინოცენტრი უმეტესად ახლობლებს, ერთი წრის ადამიანებს აფინანსებს. მირცხულავამ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის “ღრუბლის არქიტექტორების” პროექტი ეროვნული კინოცენტრის 2016 წლის ვორკშოპზე გაიტანა. კონკურსი არ გულისხმობდა ანიმაციის წარმოებას. გამარჯვებული საფრანგეთში, “ანსის ანიმაციური ფილმების” ფესტივალზე უნდა გამგზავრებულიყო. კონკურსში ანიმატორ ნათია ნიკოლაშვილის პროექტმა “ჭინკებმა” გაიმარჯვა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

მირცხულავას კინოცენტრმა არ აცნობა, თუ რატომ არ დააფინანსა მისი პროექტი. იგივე ნამუშევარი მან 2018 წლის ანიმაციური ფილმის დაფინანსების კონკურსშიც წარადგინა, მაგრამ დაფინანსება ვერც ამჯერად მოიპოვა.

რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილის თქმით, პრობლემა სწორედ ისაა, რომ საექსპერტო კომისიის წევრები მხოლოდ კინოს სფეროს წარმომადგენლები არიან. “ვიწრო, ჩაკეტილი წრეა, უმეტესობა თავიანთ მეგობრებს აძლევს ხმას… ყოველთვის წინასწარ ვიცით ვინ მოიგებს და მართლაც ის იგებს.”

პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას საექსპერტო კომისია იღებს. კინოცენტრის დირექტორი თითოეული კონკურსისთვის ნიშნავს ჟიურის, რომელიც შედგება არანაკლებ სამი და არაუმეტეს თერთმეტი წევრისგან. კომისია მას შემდეგ ინიშნება, რაც უკვე ცნობილია კონკრეტული კონკურსის მონაწილეთა ვინაობა.


ინტერესთა კონფლიქტი ჟიურის წევრებს შორის

საექსპერტო კომისიის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ზოგჯერ ერთი ორგანიზაციის, ა(ა)იპ “საქართველოს კინოაკადემიის” გამგეობის წევრები არიან.

კონკრეტული პიროვნება ერთი და იმავე წელს შეიძლება იყოს კომისიის წევრიც და კონკურსის მონაწილეც.

მაგალითად, 2013 წლის იანვარში ზურაბ ინაშვილი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის ჟიურის წევრი იყო, ხოლო რამდენიმე თვეში გაიმარჯვა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კონკურსში.

ლევან თუთბერიძე 2013 წლის იანვარში ქართულ-უცხოურ მხატვრულ ფილმებს აფასებდა და იმავდროულად მისმა ფილმმა “ფოლკლორი” სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსში გაიმარჯვა.

ეს შემთხვევები 2013 წელს კულტურის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამაც შეისწავლა და დაასკვნა, რომ კონკურსი, შესაძლოა, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით ჩატარდა. თუმცა, მიიჩნია რომ შედეგების ბათილად ცნობა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის საზიანო იქნებოდა. ამიტომ, მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის შესამცირებლად უკეთესი მექანიზმების შემუშავებას გულისხმობდა.

კინოცენტრმა რომ სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა 2015 წლის ზაფხულში გამოჩნდა. ქეთევან ჯანელიძე 2015 წლის ივნისში მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის ჟიურის წევრი იყო, აგვისტოში კი ქართულ საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

რეჟისორი ზაზა ხალვაში 2016 წლის დეკემბერში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების ჟიურის წევრი იყო. ხოლო რამდენიმე თვეში დოკუმენტური ფილმის დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

რეჟისორი და სცენარისტი დავით ფირცხალავა 2017 წლის ივლისში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსის ჟიურის წევრი იყო. ამავე წლის ნოემბერში მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსში გაიმარჯვა.

ინტერესთა კონფლიქტის შანსების შესამცირებლად, 2016 წლის მაისში ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, ზურაბ მაღალაშვილმა გადაწყვიტა კომისიის წევრები “ლოტოტრონის პრინციპით” შეერჩიათ. რამდენიმე კონკურსი სწორედ ამ წესის მიხედვით ჩატარდა, რასაც კინემატოგრაფისტთა ჯგუფი “ვაკის პარკის კინომოძრაობა” ეწინააღმდეგებოდა. ჯგუფის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ლოტოტრონით ჟიურის წევრების შერჩევამ კომისიაში სხვადასხვა ხედვის წარმომადგენელთა ბალანსი დაარღვია. საბოლოოდ, კულტურის სამინისტროს ჩარევით, კინოცენტრის დირექტორმა “ლოტოტრონის პრინციპი” გააუქმა.

რამდენიმე თვეში, 2017 წლის იანვარში, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსში “ვაკის პარკის კინომოძრაობის” ორი წევრის ფილმებმა გაიმარჯვა – კონსტანტინე კალანდაძის ფილმმა “დრამერი” და დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დაისი.” საექსპერტო კომისიის ერთ-ერთი წევრი ამავე კინომოძრაობის მხარდამჭერი – დავით ბუხრიკიძე იყო.

ამავე წლის ივლისში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსში გაერთიანების კიდევ ორი წევრის, ლაშა (გიორგი) ცქვიტინიძისა და თამარ შავგულიძის ფილმები დაფინანსდა. ცქვიტინიძის ფილმი “არმატურა” 2016 წელსაც მონაწილეობდა კონკურსში, მაგრამ დაფინანსება ვერ მოიპოვა.


“თაროზე შემოდებული სცენარები”

2011-2017 წლებში კინოცენტრმა 42 სცენარსა და პროექტზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ამ პროექტებიდან კინოცენტრმა მხოლოდ რვა ფილმის გადაღება დააფინანსა, ათს კი უარი უთხრა. გამოდის, რომ დაფინანსებული პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი დარჩა სცენარის ან პროექტის სახით და მათ ავტორებს ფილმწარმოებისთვის კინოცენტრისგან თანხა აღარ მიუღიათ.

რეჟისორმა და სცენარისტმა გიორგი ვარსიმაშვილმა 2015 წელს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კომედიურ და საბავშვო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების კონკურსში გაიმარჯვა. თუმცა, იგივე სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებაზე ვარსიმაშვილს კინოცენტრის ჟიურიმ უარი იმ მიზეზით უთხრა, რომ ფილმი კომედიური ჟანრის იყო. “გაუმარჯოს” სცენარი ბერლინის, სოფიასა და კანის კინოფესტივალებზე იყო წარდგენილი.

2013 წელს სცენარის განვითარების კონკურსში რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის სცენარმა, “ტერცო მონდომ” გაიმარჯვა. საპროდიუსერო კომპანია შპს “ახალი ქართული ფილმის” ინფორმაციით, საქართველოს გარდა სცენარი ევროპის კიდევ 4 ქვეყანაში განვითარდა. თუმცა, პროექტმა ფილმწარმოებისთვის საჭირო დაფინანსება კინოცენტრისგან ვეღარ მიიღო.

2015 წელს “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის” სცენარის განვითარების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ბესო სოლომანაშვილი პროექტით “გაბრაზებული პარფიუმერი.” ავტორმა “აი, ფაქტთან” საუბრისას აღნიშნა, რომ იმავე დასახელების კონკურსი 2016-2017 წელს ფილმწარმოებისთვის უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, ბიუჯეტის სიმცირის გამო კონკურსი გაუქმდა.

ჩვენ დავუკავშირდით სცენარის განვითარების კონკურსების ექვს გამარჯვებულს და აღმოჩნდა, რომ მათ ფილმების წარმოების პროცესი ფინანსების უქონლობის გამო შეჩერებულია. თავის მხრივ კინოცენტრი აცხადებს, რომ სცენარის განვითარების კონკურსის გამარჯვებულებს არ აქვთ ვალდებულება, რომ ფილმი გადაიღონ. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე და იურისტი, ნინო კუხალაშვილი გვეუბნება, რომ სცენარის განვითარების კონკურსის გამარჯვებულებს კინოცენტრის წინაშე ფილმის გადაღების ვალდებულება არ აქვთ და ავტორები, როგორც წესი, შემდეგ ფილმწარმოების კონკურსშიც მონაწილეობენ. თუმცა, მათი ნამუშევრები თავიდან განიხილება და შეიძლება დაფინანსება უკვე ვეღარ აიღონ.

ეროვნული კინოცენტრი ფრანგულ მოდელზე დაყრდნობით მუშაობს. საფრანგეთის კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრი სოფო ბაბლუანი ამბობს, რომ საფრანგეთში კომისიის წევრებს შესაბამისი დეპარტამენტის (მაგ. მოკლემეტრაჟიანი ფილმების) უფროსი ირჩევს. როგორც წესი, საექსპერტო კომისიაში ყოფნა ორწლიანი მისიაა. სოფო ბაბლუანი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წევრები განაცხადების განხილვამდე წინასწარ ხელს აწერენ სპეციალურ დოკუმენტს: – “ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ვადასტურებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ საკონკურსო ფილმებთან არანაირი პირადი კავშირი ან ინტერესი არ გვაქვს.”

ეროვნული კინოცენტრი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების შემცირების მიზნით ცვლილებები განხორციელდეს. თუმცა, მოცემულ მომენტში კინოცენტრი ქმედით ნაბიჯებს ვერ დგამს, რაც რეჟისორების გარკვეულ ნაწილში ეჭვებს აჩენს. კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმების ნახევარზე მეტი საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი პროექტებია, რომლებზეც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადების გადამხდელთა მიერ შეგროვებული 6 მილიონამდე ლარი იხარჯება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ხდება საქართველოს გზებზე?
gzebi

რა ხდება საქართველოს გზებზე?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share