fbpx
ბიტფური და ბიტკოინი საქართველოში

“ბიტფურიმ” თბილისის მონაცემთა ცენტრი თავიდან შეიძინა

ავტორები: დევიდ ბლოსი და ნინო ბაქრაძე

მსოფლიო ბაზარზე ბიტკოინის გამომუშავება რთულდება და იკლებს. დღეს უკვე მისი მოპოვების ფასი საბაზრო ღირებულებას აღემატება. ამ დროს ბიტფურიმ თბილისში მდებარე მონაცემთა ცენტრი ჩინურ კომპანიას მიჰყიდა, რამდენიმე თვეში კი უკან გამოისყიდა.

Chong Sing Holdings FinTech Group Limited-მა კომპანია ბიტფურის წილის შესყიდვა 2016 წელს დაიწყო. ჩინურმა მხარემ 10 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით დააბანდა და 20 მილიონის ღირებულების წილი გახადა ხელმისაწვდომი ბიტფურის ინვესტორებისთვის. 2017 წელს კი ჩინურმა კომპანიამ გლდანში მდებარე ცენტრი შეიძინა. ბიტფურიმ გარიგება 2018 წლის თებერვალში დაადასტურა, თუმცა, ფასი არც ერთ მხარეს გაუმხელია.

ხუთი თვის შემდეგ, 2018 წლის ივლისში Chong Sing-მა განაცხადა, რომ მათ გლდანის ცენტრი ისევ ბიტფურის გადასცეს. ფასი არც ამ შემთხვევაში უთქვამთ.

Chong Sing კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და საკუთარ თავს სესხებისა და ჩინური საბანკო სისტემის მიღმა არსებულ ბიზნეს გარიგებებში სპეციალიზებულად მიიჩნევს. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იუ კაიათ პჰანგი ბლუმბერგის ახალ ამბებთან საუბრისას აღირებს, რომ კომპანიას აღებული ვალების დაფარვა აღარ შეეძლო.

“კაპიტალის ბაზრები არ იყო კეთილგანწყობილი ჩინური კომპანიის მიმართ,” უთხრა პჰანგმა ბლუმბერგს. “მე მჭირდებოდა რისკის შემცირება.”

Chong Sing-ის წილის ფასი ჰონკ-კონგის ბირჟაზე სექტემბერში მას შემდეგ დაეცა, რაც ფინანსების მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ კომპანიის აქციები თითქმის უსარგებლო იყო.

ბიტფურიში, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდიც იყო, ამბობენ, რომ გლდანის ცენტრი მათ იმაზე ნაკლებ ფასში გამოისყიდეს უკან, ვიდრე თავის დროზე გაყიდეს.

ჩინური დროშა გლდანში, ცენტრის თავზე ისევ ფრიალებს. “ჩვენ ცენტრის თავიდან შესყიდვა Chong Sing-თან გლობალური თანამშრომლობის ფარგლებში გადავწყვიტეთ,” მოგვწერა ბიტფურის კომუნიკაციების ოფიცერმა, ჯონ მერკურიომ.

გლდანში ბიტფურის ცენტრი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) მდებარეობს. თიზ-ი 2015 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ბიტფურის 18 ჰა ტერიტორია სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. მოგვიანებით მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის მიხედვით კომპანიამ 2055 წლამდე ამ ტერიტორიაზე უნდა დააბანდოს, სულ მცირე, 30 მლნ დოლარი და დაასაქმოს 40 ადამიანი მაინც. ამ კონტრაქტის მოსაპოვებლად “აი, ფაქტს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2 წლიანი სასამართლო დავა ჰქონდა.

ბიტფურის წარმომადგენელი, მერკურიო ამბობს, რომ კომპანიამ თიზ-ში უკვე დააბანდა 30 მლნ დოლარზე მეტი და დაასაქმა იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

ჩვენ მერკურიოს ვკითხეთ, თბილისის ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობს თუ არა იმ პირობებში, როცა ბიტკოინის ფასი დაბლა ეცემა. მერკურიომ გვიპასუხა, რომ ცენტრის მუშაობის სიმძლავრეზე ინფორმაცია გარეშე პირებისთვის ხელმისაწვდომი არაა.

ბიტკოინის ფასი ბოლო პერიოდში 19,000 დოლარიდან 4,000-მდე დაეცა. ამ პირობებში ბიტკოინის მომპოვებლები ბაზარს ტოვებენ. 21 ნოემბერს აშშ-ში მოქმედმა კომპანია GigiWatt-მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, 7 მილიონ დოლარიანი ვალით.

ბიტფური საკუთარ თავს უფრო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მარკეტინგით დაკავებულს უწოდებს, ვიდრე ბიტკოინის წარმოებით. ბლოკჩეინი არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ონლაინ სივრცეში შესრულებული სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციები დაცულია და მათი შეცვლა არავის შეუძლია. ერთ წელზე მეტია საქართველოს საჯარო რეესტრიც ამ სისტემას იყენებს თავის საქმიანობაში.

ნოემბერში ბიტფურიმ განაცხადა, რომ ინვესტორებისგან 80 მლნ დოლარი მოიზიდა და თავისი აქციების განთავსება ევროპის ან ჰონკ-კონგის საფონდო ბირჟაზე სურს.

2018-ში ბიტფურიმ ოფისი მოსკოვშიც გახსნა და მისი მიზანია რუსული საგამოძიებო და საბანკო სისტემაში დანერგოს სისტემა სახელწოდებით “კრისტალი,” რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საჯარო მოხელეების მიერ ბიტკოინით შესრულებული გადარიცხვების გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

ბიტფურიმ საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა პლეხანოვის სახელობის ეკონომიკის რუსულ უნივერსიტეტთან.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩვენი ბიუჯეტის ფულით რუსული კომპანიები მდიდრდებიან
kompaniebi

ჩვენი ბიუჯეტის ფულით რუსული კომპანიები მდიდრდებიან

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share