fbpx
baghebi cover 1 1024x571 1

ბაღის აღმზრდელების ჯაფა

ბაღებში გადატვირთული ჯგუფების გამო აღმზრდელები ვერ ახერხებენ ბავშვებს სათანადოდ მოემსახურონ და თვითონაც ორმაგად შრომობენ. მათი ანაზღაურება მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაშიც კი, 550 ლარს არ სცდება.

ვისაც შვილი გაგიზრდიათ ან ძიძად გიმუშავიათ, გეცოდინებათ, რა შრომატევადია ბავშვის მოვლა და მასზე პასუხისმგებლობის მთელი დღით აღება. ახლა წარმოიდგინეთ ბაღის აღმზრდელთა მდგომარეობა, როცა ერთის ნაცვლად 40-50 ბავშვთან ატარებენ დღეს და მათზე, უკლებლივ ყველაზე, პასუხისმგებელი არიან.

ასეთი სიტუაციაა დიდი ქალაქების ყველა ბაღში, სადაც ბავშვების დარესგისტრირებაც კი პრობლემაა. ვრცლად ამ საკითხს “აი, ფაქტის” მიერ მომზადებულ სტატიაში წაიკითხავთ.

თამარ უდუმაშვილი უკვე 18 წელია თბილისის 63-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელია. მას ჯგუფში 4-5 წლის ასაკის 47 ბავშვი ჰყავს. ჩვენი სტუმრობის დღეს, ჩვეულებრივთან შედარებით, ცოტა, 20 ბავშვი ესწრებოდა და კმაყოფილია, რადგან ქვიშაში თამაშიც მოასწრეს და წუწაობაც.

“როცა ცოტა გყავს, ინდივიდუალურად, ბავშვთან ძალიან ახლოს იქნები. დღეს, ოცნი არიან. აბსოლუტურად ყველასთან მოვახერხე მისვლა. რა თქმა უნდა, მაშინაც ვახერხებ, მაგრამ თავს ვაიძულებ. ახლა, მსიამოვნებს იმიტომ, რომ არ ვიღლები,” – მეუბნება უდუმაშვილი.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (unicef) 2018 წელს სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა ჩაატარა. მათი მონაცემებით, საბავშვო ბაღებში ქართველ ბავშვთა 69.5 პროცენტი დადის. ეს ციფრი კი ევროპის ქვეყნების მაჩვენებელზე 26 პროცენტით დაბალია. ანუ, გამოვიდა, რომ ჯგუფებში გადაჭედილობა გვაქვს მაშინაც კი, როცა ბაღის ასაკის მქონე ბავშვთა 29.5 პროცენტი ბაღში საერთოდ არ დადის.

ამავე კვლევის მიხედვით, ჯგუფებში ბევრი ბავშვის ყოფნა საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს აუარესებს: “აღმზრდელები ვერ ახერხებენ ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას.“

როგორც წესი, თუ ჯგუფში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი არ არის, ბავშვებთან დღის განმავლობაში ორი ადამიანი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეა.

თბილისის 74-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი, მაკა მასიტაშვილი ამბობს, რომ ბევრი ბავშვის ყოფნისას აქტივობების დაგეგმვას მეტი დრო მიაქვს და ორი ადამიანისთვის რთულია, ყველა ბავშვს ინდივიდუალურად მიაქციოს ყურადღება.

“შეძლება რაღაც ისე გაგეპაროს, რომ ვერ მიხვდე, ვერ იგრძნო, ვერ დაინახო, რომელიც იმ წუთში დასანახია. ვთქვათ, ვიღაცას მოტორიკაზე ამუშავებ, რაღაც დეტალი შეიძლება გაგეპაროს. მეორე შემთხვევაში კი დაინახავ, მაგრამ, მეტ ყურადღებას მოითხოვს,” – გვიყვება მასიტაშვილი.

თბილისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, სტანდარტის მიხედვით, ოთახში ერთი ბავშვისთვის გამოყოფილი უნდა იყოს 2 კვადრატულ მეტრამდე სიცრცე.

გადატვირთულობის დროს, ბავშვებისთვის ფართი საკმარისი არ არის, რაც თავის მხრივ დამატებით პრობლემებს ქმნის.

“ერთადერთი დიდი პრობლემა, რაც ჯგუფში ბევრი ბავშვის ყოფნას ახლავს თან, ინფექციების გავრცელების რისკია. შეადარეთ, როდესაც ჯგუფში 25 ბავშვია, საიდანაც 20 მაინც დადის და 52 ბავშვი, რომელთაგან 45 მოსიარულეა და ეს ხდება ერთსა და იმავე ფართში,“ – გვიხსნის აღმზრდელი მაკა მასიტაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელები ამას უარყოფენ, იქმნება ბავშვთა უსაფრთხოების პრობლემაც.

მაია ფირცხალაშვილის 5 წლის ვაჟი დიღმის მასივში, ერთ-ერთ ბაღში სწავლობს. მშობლის თქმით, ჯგუფში 53 აღსაზრდელია. დღის განმავლობაში კი ბავშვებთან 2 ადამიანია: აღმზრდელი და თანაშემწე. მაია თვლის, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა მათ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ასევე შეუსაბამოა გარემო, რადგან ძირითადი ოთახი, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ, 40 კვადრატულზე ცოტა მეტი იქნება. ფიქრობს, რომ ეს სივრცე ამდენი ბავშვისთვის პატარა და მუდმივად ჩახუთულია. რაც შეეხება სწავლას, მიაჩნია, რომ მასწავლებელი მაქსიმალურს აკეთებს. თუმცა, ნაკლები ბავშვის შემთხვევაში მისი შრომა ბევრად ეფექტური იქნებოდა.

“ჩემი შვილი რომ მომყავს ჯგუფელისგან დაკბენილი, მასწავლებელს ვერაფერს ვეუბნები, რამდენს შეხედოს, ცოდოები არიან,“ – ამბობს ფირცხალაშვილი.

თამთა ჯიჯავაძის ბიჭი კი სამი წლისაა და პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბაღში, ბაგა ჯგუფშია. მისი თქმით, ჯგუფში სიით 40 ბავშვია და მიუხედავად იმისა, რომ ყველა არ დადის, ორ ადამიანს მაინც უჭირს ყურადღების მიქცევა. “ორ ბავშვს ერთდროულად რომ მოუნდეს საპირფარეშოში, უკვე პრობლემაა,” – გვეუბნება ჯიჯავაძე.

როგორც მისი მონაყოლიდან ჩანს, ყურადღების დეფიციტი ჭამის და ბავშვების ჩაცმის დროსაც იგრძნობა.

“ბავშვს დაუკარგეს შარვალი. ხან სხვისი ტანსაცმელი აცვია. საჭმლის დროსაც ზოგს დახმარება სჭირდება და ყველას ვერ ეხმარებიან. რამდენჯერმე სპეციალურად გადავედი ჭამის დროს ბაღში და ჩემი შვილი სათამაშოებით თამაშობდა. თავისით კი ჭამს, მაგრამ თქმა ჭირდება. ჩემი აზრით, ისევ და ისევ რაოდენობის გამო ვერ აქცევენ ყურადღებას,“ – გვიყვება ჯიჯავაძე.

ჯგუფებში ბავშვების დიდი რაოდენობა აღმზრდელებისგან დამატებით გარჯას და გაორმაგებულ ყურადღებას მოითხოვს.

“რა გამოდის იცი? ერთი ადამიანი უნდა იყო ბევრი და ყველას არ აქვს ამის უნარი, ზოგი ართმევს თავს, ზოგი ვერა,” – ამბობს აღმზრდელი თამარ უდუმაშვილი.

63-ე ბაღის დირექტორი, თამარ ციცქიშვილიც ამბობს, რომ სასწავლო პროცესი მაშინ უკეთ მიმდინარეობს, როცა ერთ აღმზრდელს ნაკლები ბავშვი აბარია:
“ინდივიდუალური გეგმების დამუშავება მეტ დროს მოითხოვს, მასწავლებლები არასამუშაო საათებში მუშაობენ და უკვე შეეჩვივნენ მუდმივად დაძაბულ რეჟიმს.”

თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე კი ფიქრობს, რომ ბავშვთა დიდი ოდენობა სწავლის ხარისხს არ ცვლის: “ჩვენ სტანდარტში ვჯდებით და ხარისხსაც ვინარჩუნებთ. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემა არ არის.“

რა უნდა გაკეთდეს ბაღებში პერსონალის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

 

კახაბერ გვანცელაძე ფიქრობს, რომ მთავარი გამოწვევა ბაღებში ადგილების სიმცირეა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად კი თბილისში 10 ბაღი შენდება, აქედან 5 წელს უნდა გაიხსნას. ძველ ბაღებზე კი, სამხარაულის დასკვნის შესაბამისად, თუ შესაძლებლობა მიეცემათ, სართულებს დააშენებენ.

როდესაც ვკითხეთ, რატომ არ ამატებენ აღმზრდელებს ბაღებში, გვანცელაძემ გვიპასუხა, რომ მხოლოდ იმ ბაღში ამატებენ პერსონალს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია. უფრო კონკრეტულ კითხვებზე სააგენტოსგან პასუხები ვერ მივიღეთ.

 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ამბროლაურის მერიამ რუსულ კომპანიას ჯარიმა არ გადაახდევინა
ambrolauri

ამბროლაურის მერიამ რუსულ კომპანიას ჯარიმა არ გადაახდევინა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share