fbpx
patriotebi cover

“პატრიოტთა ალიანსი” და არაპატრიოტული საქმიანობა

ალექსანდრე დუგინი, რუსეთის მთავრობის იდეოლოგი 2019 წელს ჩაწერილ ვიდეოში ამბობს, რომ საქართველოში კონსერვატიული და პატრიოტული განწყობები უფრო ძლიერდება და ამას რუსეთმა მხარი უნდა დაუჭიროს. 2012 წელს კი დუგინს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში კონსერვატიულ-ნაციონალისტური პოლიტიკური ჯგუფები გააქტიურდებოდნენ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგებაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას.

დუგინის მოლოდინი გამართლდა. საქართველოში არაერთი პრორუსული ძალა გაჩნდა. “პატრიოტთა ალიანსი” კი პარლამენტშიც მოხვდა და პოლიტიკური ტრიბუნიდან იცავს რუსეთის ინტერესს.  

რუსული საგამოძიებო მედიის, “დოსიეს” ცნობით, პარტია წინასაარჩევნოდ დაფინანსებასაც რუსეთიდან იღებს და გეგმებსაც რუსეთის მთავრობასთან ათანხმებს. “დოსიემ” ამ ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური მასალა ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. 

როგორ გაჩნდა “პატრიოტთა ალიანსი?” 

2012 წლის სექტემბერში ტ/კ ობიექტივმა გაასაჯაროვა “ციხის კადრები,” რომელმაც წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დიდი პროტესტი გამოიწვია. გიორგი ლომიამ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა 2019 წელს თქვა, რომ “ციხის კადრები “პატრიოტთა ალიანსის” მიერ არის გაკეთებული და რომ არა ისინი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერ მოვიდოდა.

“ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ირმა ინაშვილი ამბობს, რომ კადრების გასაჯაროება დაკავშირებული იყო ძალიან ბევრი პირობის შესრულებასთან, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვდა და რომ მათ ყველა პირობა პატიოსნად, ზნეობრივად, გადაჭარბებით შეასრულეს. 

საკადრისად შესრულებული პირობა ბიძინა ივანიშვილს უპასუხოდ არ დაუტოვებია.  “პატრიოტთა ალიანსი” როგორც პოლიტიკური პარტია, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. მეტიც, 2013 წლის აპრილში ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს მესამე ძალა და “პატრიოტთა ალიანსის” გაძლიერებას მიესალმება. 2013 წელს დავით თარხან-მოურავი “ნეტგაზეთთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “ჩვენ არ ვართ ივანიშვილის ოპოზიციაში.” ახლახანს კი განაცხადეს, რომ მეტიც, 2020 წლის არჩევნების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ საქმიანობასაც კი განიხილავენ, თუ მათთვის მოსაწონი ხალხი იქნება პარლამენტში.

პარტიად ჩამოყალიბებამდე, 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსი.” 2013 წლის 22 იანვარს ეს ორგანიზაცია პარტიად დარეგისტრირდა. პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი ირმა ინაშვილია. ისინი თვლიან, რომ ეს არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში კონსერვატიული იდეების, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, ეროვნული სულისკვეთების, კულტურისა და ტრადიციების განვრცობას. 

ეროვნული სულისკვეთებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება, როგორც მათი საქმიანობიდან ჩანს, ამ პარტიამ ისე გაიგო, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკურ ზრახვებს აწყობს. “პატრიოტთა ალიანსს” დაარსებიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, ჩატარებული აქვს 28 საპროტესტო აქცია. “სააკაშვილი-ბოკერიას” რეჟიმის წევრების დასჯის გარდა, მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება “ნატოში” გაწევრიანება და სამხედრო ნეიტრალიტეტისკენ მოგვიწოდებენ,  განსაკუთრებით აჭარაში აღვივებენ ანტითურქულ განწყობას, მანიპულირებენ დავით-გარეჯის თემითაც და ცდილობენ საქართველოს ურთიერთობა დაეძაბოს თურქეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. 

neitraliteti 2

“პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პარტიაა, რომელიც რუსეთს ოფიციალური ვიზიტით წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობს. საერთო ენის მონახვა, დიალოგი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსებთან, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მტერთან და საუბრები უჩვეულო ფორმატით – “ნატო-საქართველო-რუსეთი.” ასე ხსნიან ვიზიტების მნიშვნელობას. 

ბოლო 3 წელში “პატრიოტთა ალიანსი” დუმაში 4-ჯერ ჩავიდა. 2017 წლის 11 ივლისს, “პატრიოტები” რუს დეპუტატებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობდა, რუსეთის სათათბიროში ჩასვლის მიზანი, დიალოგის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენააო: “სულ სხვა ძვრები მიდის მსოფლიოში, რუსეთს ელაპარაკება აშშ, ტრამპი, რუსეთს ელაპარაკება ნატო და გენერალური მდივანი. ჩვენ, რა გამოდის, ვამბობთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და თანაც ვამტკიცებთ, არავითარი ლაპარაკი არავისთან არ უნდა იყოსო. ვთმობთ ცხინვალს და სოხუმს?”

ამ ვიზიტზე “პატრიოტთა ალიანსი” ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდა. ის რუსეთის დუმაში, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი მოვალეობაა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება. 

2018 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავზე, კალაშნიკოვი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრისას ამბობდა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა. 2019 წელს კალაშნიკოვი ხაჯიმბას ინაუგურაციასაც დაესწრო.

2017 წლის ოქტომბერში “პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში მეორედაც ჩავიდა. შეხვედრები იმავე დელეგაციამ გამართა. პრორუსი ოპოზიციონერები ვიზიტის მიზნად, ამჯერად, საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ასახელებდნენ. ნატოსთვის კი ეს იდეა აბსურდულია. სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამბობდა, რომ ნატო არ აპირებს საქართველოს მომავალზე ვინმეს ესაუბროს, მათ შორის არც რუსეთს:

“თუ ეს არის იდეა, რომ საქართველოს მომავალზე რამე ფორმით იმსჯელოს რუსეთმა და ნატომ, მაშინ ეს შეუძლებელია, არ დგას დღის წესრიგში. ნატო საქართველოს მომავალზე არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც ხვა მესამე მხარესთან. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა.”

“პატრიოტთა ალიანსის” და რუსი დეპუტატების მესამე შეხვედრა 2018 წლის ივნისში, ხოლო მეოთხე – 2019 წლის ივლისში შედგა. 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ლომიამ თქვა, რომ “გავრილოვის ღამე” სააკაშვილის პარტიის დაგეგმილი სახიფათო პროვოკაცია იყო. 

ვინ აფინანსებს “პატრიოტთა ალიანსს?” 

2014 წლამდე თავი როგორ გაიტანეს, დოკუმენტებში არ ჩანს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. დავით თარხან-მოურავის სიტყვებს თუ ვენდობით, 2013 წლის აპრილში ამბობდა, რომ პარტიას მისი წევრები აფინანსებენ, რომელთა რაოდენობა “მარტო თბილისში ხუთი ათასია.” “ჩვენ ჯერ დიდი ხარჯები არ გაგვიწევია. ბიზნესი არ მაქვს, მაგრამ ღატაკი კაცი არ ვარ. ჩემი ძმაც მეხმარება,” ამბობდა თარხან-მოურავი მაშინ.   

2014 წლიდან დღემდე “პატრიოტთა ალიანსმა” იურიდიული და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის სახით 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. აქედან, 1.9 მილიონი  ლარი 2020 წელს. Შემოწირულობების რაოდენობა საარჩევნო პერიოდში იმატებს. 

“პატრიოტთა ალიანსის” შემწირველთა რიგებში არიან “ქართული ოცნების” ყოფილი შემწირველებიც. მაგალითად, გია ნუცუბიძე, ეკატერინე კაშია, ფრიდონ კვარაცხელია. 

პარტიის რეგულარული შემომწირველებიდან სახელმწიფო შესყიდვებში 16 სუბიექტი მონაწილეობს. Მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 9.8 Მლნ ლარი აქვთ მიღებული. 

პარტიის შემომწირველთა სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას არ ეწევიან, თუმცა პარტიას დიდ თანხას სწირავენ:

  • ხათუნა ლეშკაშელი – 60,000 ლარი
  • მალხაზ თოფურია – 60,000 ლარი 
  • თამაზ ინაძე – 60,000 ლარი 
  • გელა ბურჯანაძე – 40,000 ლარი 
  • ბესიკი ბეგიაშვილი – 35,000 ლარი 
  • გიორგი ბეგიაშვილი – 30,000 ლარი 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, “პატრიოტთა ალიანსმა” შემოსავლის სახით მიიღო 2 მლნ ლარი, აქედან 148,001 ლარი ბიუჯეტიდან, 1.9 მლნ ლარი კი შემოწირულობაა. პარტია თავისი შემოსავლებით მეხუთე ადგილზეა და “ევროპულ საქართველოსაც” უსწრებს.

გარდა კერძო შემოწირულობებისა, “პატრიოტთა ალიანსი” დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც, რადგან პარლამენტში მისი წარმომადგენლები სხედან. 

2014-2019 წლებში პარტიამ ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. თანხის ძირითადი ნაწილი “პატრიოტების” ხელფასებზე, რეკლამაზე, ოფისების შენახვაზე, უძრავი ქონებისა და ავტომანქანების იჯარაზე იხარჯება. 

kharjebi scaled

2020 წელს ”პატრიოტთა ალიანსმა” სხვადასხვა სახის რეკლამაში წლიური ბიუჯეტის 46 პროცენტი დახარჯა, ჯამში, მილიონ ლარამდე. 2014 წლიდან “პატრიოტთა ალიანსმა” 4.7 მლნ ლარი დახარჯა ბილბორდებზე განთავსებულ რეკლამაში, გაზეთების ბეჭდვაში, ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში განთავსებულ და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკრულ რეკლამაში. 

“პატრიოტთა ალიანსის” თანამოაზრეები საქართველოში 

საპატრიარქოს პრორუსული ფრთა  

პარტიას მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ ფრთასთან. ირმა ინაშვილი გამოუვალი მდგომარეობიდან სწორედ პრორუსული განცხადებებით ცნობილმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გამოიყვანა, როდესაც აფხაზეთიდან მობრუნებული ილორის წმინდა გიორგის ხატი ბაგრატის ტაძარში დააბრძანებინა. 

ინაშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად სინოდის ზოგიერთი წევრის რუსეთის მიმართ გაცხადებული ლოიალური დამოკიდებულებისა, მათ პრორუსი არ უნდა ვუწოდოთ. 

“დახარისხება, რომ რომელიმე მეუფე პრორუსია ან პროდასავლელია, ასეთი რამ ეკლესიაში არ ხდება… იქ ყველა ერთიანდება იმისთვის, რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი გახდეს და ამ სისულელეებს, ამ დახარისხებას თავი დავანებოთ,” – ამბობდა ინაშვილი.

“პატრიოტთა ალიანსისა” და საპატრიარქოს აზრი დაემთხვა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც. 2016 წელს ინაშვილმა და თარხან-მოურავმა წერილი მისწერეს წმინდა სინოდს, რომელშიც ფაქტობრივად, პატრიარქს მოუწოდებენ დაეგმო მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის შესახებ. საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალია არ აღიარა.

“პატრიოტთა ალიანსი” ვალში არ რჩება საპატრიარქოს და პარლამენტში აჟღერებს აზრს, რომ საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ უნდა გაიზარდოს.

2017 წელს, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში, თითოეული გადამხდელის წილიდან 20 ლარი მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გამოეყოს. “თუ 45 მილიონად ჩვენ ვაფინანსებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, და უნდა ვაფინანსებდეთ, მაშინ ეკლესიას უნდა ვაფინანსებდეთ 50-60 მილიონით,”- ფიქრობს თარხან-მოურავი.  

პრორუსული მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ნათესავები არიან ძმები მარტინენკოები, რომლებიც ამჟამად კიდევ ერთ პრორუსული განწყობის ორგანიზაციას, “ალტერნატივა საქართველოსთვის” უდგანან სათავეში. მარტინენკოები აქტიურად არიან ჩართული პრორუსული გზავნილების გავრცელებაში. ახლახანს ფეისბუქმა ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშები სწორედ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების გამო წაშალა. 

“ალტერნატივა საქართველოსთვის” კონსტანტინე მორგოშიამ დააარსა. მორგოშია “პატრიოტთა ალიანსის” წევრიც იყო, შემდეგ “ქართულ მარშს” შეუერთდა. მოგვიანებით კი “მარშიდანაც” წამოვიდა და ლევან ვასაძის თანამოაზრე გახდა. დღეს ვასაძე “ალტერნატივა საქართველოსთვის” მთავარი იდეოლოგია. ის ბიზნესმენია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და დუგინის სულიერ შვილად ითვლება. 

ლევან ვასაძის თანამებრძოლია ზვიად ტომარაძე, რომელიც ასევე თანამშრომლობს “პატრიოტთა ალიანსთან.” ამ პარტიის საკანონმდებლო საქმიანობა და ინიციატივები უმეტესად სწორედ ტომარაძეს მიეწერება. “პატრიოტთა ალიანსის” წევრობისას ემზარ კვიციანმა პარლამენტს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებისთვის ხუთჯერ მიმართა. მომზადებული ცვლილებების ავტორი ხუთივეჯერ ზვიად ტომარაძე იყო. 

zviad tomaradze

პარტიის საქმიანობა სოციალურ ქსელში 

“პატრიოტთა ალიანსს” ფეისბუქზე 27 გვერდი და ხუთი ჯგუფი აქვს.

გარდა ღიად მხარდამჭერი გვერდებისა, მედიებისა და ჯგუფებისა, “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მუშაობს სხვა, ფარული გვერდები და ჯგუფებიც.  

ცოტა ხნის წინ “მითების დეტექტორმა” “პატრიოტთა ალიანის” დამცველი და ინფორმაციის გამავრცელებელი 14 ყალბი ანგარიში აღმოაჩინა. დღეს ამ ანგარიშების ძირითადი ნაწილი ფეისბუქზე აღარ იძებნება. 

ფეისბუქის ადმინისტრაციამ ასევე წაშალა გვერდი tinp.ge და მასთან დაკავშირებული ორი ჯგუფი, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” პოპულარიზაციას ეწეოდა და კოორდინირებულ ქმედებაში იყო შემჩნეული. tinp.ge-მ 2020 წლის აგვისტოდან ფეისბუქის რეკლამაში 3,947 აშშ დოლარი დახარჯა. “პატრიოტთა ალიანსის” ოფიციალური გვერდის (patriots.ge) სარეკლამო საქმიანობაში კი – 2,960 აშშ დოლარი. ჯამში, ამ პარტიის ფეისბუქის რეკლამაზე აგვისტო-სექტემბერში 6,900 აშშ დოლარზე მეტია დახარჯული. 

ამ ყალბი ანგარიშების გარდა, “პატრიოტების” პოპულარიზაციას ბაკურ სვანიძე და მის მიერ მართული გვერდებიც ეწევიან. ბაკურ სვანიძე დღეს 13 გვერდს მართავს, რომელთა საერთო გამომწერების რაოდენობა 40 ათასს სცდება. აქტივობა კი ასეულობით ათასს.  სვანიძე გვერდების გარდა ექვს ჯგუფსაც მართავს. მათი მომხმარებლების საერთო რაოდენობა 11,270-ა. 

ბაკურ სვანიძის ერთ-ერთ გვერდს BS info ჰქვია. მასში ძირითადად “ინფო 9”-ის ყოფილი თანამშრომლები  და ყოფილი მანსანკანელები (მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები) არიან გაერთიანებული. როგორც ჩანს, ყოფილი მანსანკანელები შავ იუმორსა და პიარში გამოცდილი ხალხია. ზოგიერთი მათგანი ახლა “პოსტვ”-ზეა დასაქმებული, ზოგი ბაკურ სვანიძესთან და ზოგიც სარეკლამო კომპანია “პანდაში”.  შეგახსენებთ, რომ შპს “პანდა” ფეისბუქმა სამთავრობო პროპაგანდასა და ოპოზიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ ქმედებაში შეამჩნია და მისი გვერდები წაშალა. 

jgufebi

სვანიძის გვერდები დასცინიან, აშარჟებენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ნამდვილ, ერთადერთ “სუფთა” პოლიტიკურ ძალად კი “პატრიოტთა ალიანსს” წარმოაჩენენ.  განსაკუთრებით ირმა ინაშვილს უჭერენ მხარს. ინაშვილზეც იქმნება შარჟი, მაგრამ პოზიტიურ კონტექსტში. აქ ის ყველას ამარცხებს, შემოდგომაზე ასუფთავებს საქართველოს “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნებისგან.” 

საკუთარი მასალის გასავრცელებლად სვანიძე იყენებს როგორც ნამდვილ, ისე ყალბ ანგარიშებს. ჩვენ სვანიძესა და “პატრიოტთა ალიანსის” ქსელთან დაკავშირებული 19  ყალბი ანგარიში ვიპოვეთ. ეს ანგარიშები იპარავენ სხვა ადამიანების სახელებს, სურათებს ან საერთოდ მალავენ ვინაობას. შემდეგ დიდ ჯგუფებში “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ და სხვა ოპოზიციური პარტიების დამამცირებელ მასალებს   აზიარებენ. Პოსტების გაზიარების გარდა, ეს ანგარიშები ცდილობენ  მეტად იაქტიურონ, რომ მათ სიყალბეს ვერავინ მიხვდეს და თან საზოგადოებრივი აზრიც მათ სასარგებლოდ შეიქმნას. “გაერთთვიანებული ოპოზიციის” სხვადასხვა პოსტის კომენტარებს თუ შევადარებთ, ვნახავთ რომ ყველა პოსტზე ერთი და იმავე ავტორების მიერ დაწერილი კომენტარებია.  

სვანიძის ქსელში მოქმედი 19 ყალბი ანგარიში კი ასე გამოიყურება:

  1. იოანე დანელიძე (იყენებს ფორმულა ერთის მრბოლელის daniil kvyat სურათებს.   ამასთანავე იყენებს gagoshaa-ს ანგარიშს)
  2. ana vardanidze (ინსტაგრამ მოდელი natalia wasiluk ფოტოებს იყენებს)
  3. baia cicagi  (იყენებს ინტერნეტში გავრცელებულ სხვადასხვა მოდელის სურათებს და მალავს საკუთარ ვინაობას)
  4. როინ ზიბზიბაძე (იყენებს  kevin elezaj ნიუ-იორკის მეტროში გადაღებულ სურათს, რომელიც კაცის 2018 წლის 100 საუკეთესო ვარცხნილობაში შევიდა)
  5. ani amirejibi (ონლაინ შოპინგის, ჩინური taobao საიტიდან იყენებს ფოტოებს)
  6. თაკო შერვაშიძე (მალავს საკუთარ ვინაობას და არცერთი სურათი არ უდევს სადაც სახეა იდენტიფიცირებადი)
  7. თემო ლეჟავა (მალავს საკუთარ ვინაობას)
  8. ანთაძე მარიამი (გუგლიდან აღებულ ზოგად სურათს იყენებს და მალავს საკუთარ ვინაობას)
  9. lana nozadze (გუგლიდან აღებულ ზოგად სურათს იყენებს და მალავს საკუთარ ვინაობას)
  10. რუსკა კაცაძე (ქსოვილით შესრულებულ ნახატის სურათს იყენებს და მალავს საკუთარ ვინაობას)
  11. salome orjonikidze (გუგლიდან აღებულ ზოგად სურათს იყენებს და მალავს საკუთარ ვინაობას)
  12. კახა მასი (მალავს საკუთარ ვინაობას)
  13. gio zanturia(ჭანტურია) (მალავს საკუთარ ვინაობას)
  14. dolidze nino (მალავს საკუთარ ვინაობას)
  15. მარიამ ნოზაძე (ჩინური ონლაინ შოპინგის საიტის, taobao-ს მოდელების ფოტოებს იყენებს)
  16. გიგი შეროზია (იყენებს არაიდენტიფიცირებად სურათს, მალავს საკუთარ ვინაობას)
  17. gela japaridze (მალავს საკუთარ ვინაობას)
  18. ниа саенкова (იყენებს არაიდენტიფიცირებად სურათს, მალავს საკუთარ ვინაობას)
  19. ქართველიშვილი აკაკი (იყენებს mindia bejanidze-ის ანგარიშს)

“პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი მასალები ვრცელდება პროსამთავრობო და ანტიოპოზიციურ ჯგუფებშიც, მაგალითად: კახა კალაძე თბილისის მერი; ”მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია; ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე”; პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია; არა კოაბიტაციას! ნაცხროვა ციხეში!!! დავასრულოთ ნაცები; დავითხოვოთ პარლამენტი; გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა

ცნობილი ჯგუფის, კახა კალაძე თბილისის მერის უკვე ყოფილი ადმინისტრატორი, ყალბი ანგარიში, giorgi arveladze დღეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსსაც” ეტრფის. ის ღიად მოუწოდებს ჯგუფის წევრებს, რომ ხმა მისცენ “პატრიოტთა ალიანსს.” 

კიდევ ერთი ასეთი მაგალითი მადი მადია (მადლენა ბალანჩივაძე). ის “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი და მათი ოფიციალური ჯგუფის, “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები!!!”-ს ადმინისტრატორია. “Პატრიოტების” მხარდამჭერი პოსტების გარდა, ის ღიად გულშემატკივრობს ხოლმე მოქმედ მთავრობასაც.  

“Პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნების” მოკავშირეობა სოციალურ ქსელში არ სრულდება. ყველა კრიტიკულ მომენტში “პატრიოტების” მხარდამჭერები მთავრობის მხარეს დგებიან. ასე ხდებოდა 20 ივნისის დარბევის დროსაც. მაშინ ნაციონალისტური ჯგუფებისა და “პატრიოტების” მხარდამჭერები გახარიას მხარდასაჭერ პოსტებს აზიარებდნენ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრორუსულმა ძალებმა, როგორიცაა “პატრიოტთა ალიანსი,” “ქართული მარში” და ნინო ბურჯანაძის პარტია, საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარმოადგინეს. “Პატრიოტთა ალიანსმა” კი მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა

Მეტიც, “პატრიოტთა ალიანსმა” პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დაბეჭდა სააგიტაციო ბროშურები. Ამის გამო პარტია აუდიტის სამსახურმა 30,590 ლარით დააჯარიმა

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თანამდებობით შეძენილი კულტურული მემკვიდრეობა
kutaisi new hotel 2

თანამდებობით შეძენილი კულტურული მემკვიდრეობა

საკრებულოს ხელმძღვანელობისას ლატარია და მისი გარემოცვა მათდა სასარგებლოდ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share