fbpx
gvazava

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

🔍 #აიფაქტი: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) 2001 წლის 14 ოქტომბერს სამთავისისა და გორის ეპარქიის მმართველი გახდა. 2010 წელს კი მიტროპოლიტობა ებოძა.

საჯარო რეესტრის თანახმად, მიტროპოლიტ ანდრიას უძრავი ქონება ასე გამოიყურება:

1. 158 კვ.მ. სახლი თბილისში, დიდუბეში. მან ქონება 2012 წელს მარია დიაჩენკოსგან მემკვიდრეობით მიიღო;

2. 21 კვ.მ. ბინა თბილისში, დავით აღმაშენებელის გამზირზე. მან ქონება 2014 წელს სახელმწიფოსგან, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიიღო;

3. 133 კვ.მ. სახლი თბილისში, ისანში. მან ქონება 2003 წელს 5,000 ლარად შეიძინა.

მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს შემდეგ ორგანიზაციებს:

1. ა(ა)იპ ატენის სიონის აღორძინება-2;
2. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიაში ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობის, სიწმინდეების დაცვისა და რესტავრაციის ფონდი;
3. ა(ა)იპ ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი;
4. ა(ა)იპ ატენის მონასტრის მარანი;
5. ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;
6. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერების ცენტრი;
7. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული აღდგომის სახელობის ტაძარი;
8. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი;
9. ა(ა)იპ სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გადარჩენის გზა;
10. შპს მნე;
11. შპს გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია.

2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ა(ა)იპ “ქართული ტრადიციული ღვინის ფონდს” 25 წლის ვადით, უსასყიდლო უზურფრუქტის უფლებით, სარგებლობაში გადასცა 184.17 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. უძრავი ქონება თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის №18-ში, პირველ სართულზე მდებარეობს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე წერია, ანდრია გვაზავა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორში იმყოფებოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ მისიების განხორციელებას ხელმძღვანელობდა. ასევე ჩართული იყო ტყვედ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და დაღუპული მეომრების გადმოსვენების საქმეშიც, რისთვისაც 2008 წლის 16 სექტემბერს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – წმ. ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი ებოძა.

მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტი ანდრია 2009 წელს ლიტვურ გაზეთთან ინტერვიუში ჰყვება თუ როგორ ეხმარებოდნენ რუსი ოკუპანტები ქართველ გლეხებს და როგორ დაამყარეს წესრიგი ქალაქ გორში: “შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მრავალი ფაქტი, როდესაც რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ეხმარებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, იცავდნენ მათ, ეხმარებოდნენ მოხუცებს პირუტყვის მართვაში”.

აღნიშნულ სტატიაში ის ამბობს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობები მხოლოდ მაშინ დალაგდება, თუ ქართველები და რუსები ერთად ცხოვრებას შეძლებენ.

ანდრია გვაზავა ამავე ინტერვიუში აქებს გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვსაც, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალის ბრძოლაში რუსული ჯარის მეთაური იყო. 13 აგვისტოს მისი ხელმძღვანელობით რუსულმა ჯარმა გორი დაიკავა.

“მე ომის დროს ურთიერთობა მქონდა რუს ჯარისკაცებთან, ოფიცრებსა და გორის კომენდანტ გენერალ-მაიორთან. რა გითხრათ? მათ საქართველო რუსოფობი ქვეყანა ეგონათ. ფიქრობდნენ რომ აქ ყველაფერი რუსული ეჯავრებოდათ და ყველა კუთხეში ტერორისტები დახვდებოდათ ჩასაფრებული. რაღაც ჩეჩნეთის მსგავსი წარმოედგინათ, მაგრამ როცა შემოვიდნენ და ნახეს რეალობა, გაუკვირდათ და უკვე სხვანაიარად იქცეოდნენ.”…. “ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ღამით ნასვამი შეიჭრა გორის მაცხოვრებლის სახლში, სასმელი მოითხოვა და ავტომატიდან ჰაერში გაისროლა. ამის შესახებ გენერალ-მაიორ ბორისოვს ტელეფონით აცნობეს. რუსული შეიარაღებული ძალების ჯგუფი დაუყოვნებლივ ჩამოვიდა ინციდენტის ადგილზე. გენერალმა ადგილობრივი მაცხოვრებლების თვალწინ დააკავა კოლეგა და დააპატიმრა. ბორისოვმა პირობა დადო, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვის ფაქტი ან რუსი ჯარისკაცების მიერ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოვლენა ადგილზე აღიკვეთებოდა.”

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა 2008 წელს მოსკოვსაც ეწვია საპატრიარქოს დელეგაციის წევრის სტატუსით. რუსული მედია “რია ნოვოსტი” საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ვიზიტის მიზანი კონფლიქტის რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური უფლებების დადასტურება და არსებული გაუგებრობის მოგვარება იყო.
ანდრია გვაზავა რუსეთში ვიზიტით 2019 წლის თებერვალში, რუსეთის პატრიარქის აღსაყდრების 10 წლის იუბილეზეც იყო. მან საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად, პატრიარქ კირილს ილია მეორის მისალოცი წერილი ჩაუტანა. ქართული დელეგაცია მოსკოვში, დანილოვის მონასტერში გამართულ საიუბილეო ცერემონიასაც დაესწრო.

gori

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“მაინინგი” სვანეთის მთებში
mestia

“მაინინგი” სვანეთის მთებში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share