fbpx
gamrekeli

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

🔍 #აიფაქტი: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი საპატრიარქოს რუსული ფრთის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. სასულიერო პირი პრო-რუსულ განცხადებებს არ ერიდება და საქართველოს წინაშე რუსეთის “დამსახურებებზეც” საუბრობს:

“უნდა გავარჩიოთ ბოროტი და კეთილი. ბეთანია რა დღეში იყო, ვინ აღადგინა? რუსებმა. თუ დღეს თბილისში გვაქვს მე-19 საუკუნეში აშენებული სახლები, ქუჩები, ეს ვისი სახსრებით მოხდა? გაპარტახებული საქართველოს სახსრებით თუ რუსეთის ბიუჯეტიდან?”

მიტროპოლიტი დედაქალაქის აღმშენებლობას რუსეთს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობას კი ევროპას მიაწერს. ის ანტი-თურქულ განცხადებებსაც აკეთებს. რუსული პროპაგანდა ხშირად იმეორებს იმას, რომ თურქეთიც საქართველოს ოკუპანტია.

როგორც ჩანს, მეუფე იოანე გამრეკელს ურთიერობა აქვს რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ “პრიმაკოვის ფონდის” ქართველ ხელმძღვანელთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერ გურამ ქართველიშვილთან. მათ 2017 წელს ერთად გამართეს პრესკონფერენცია საგან “მე და საზოგადოებას” სკოლებში სწავლების წინააღმდეგ.

მეუფე იოანე გამრეკელმა სასულიერო ცხოვრება 1987 წელს, დიაკვნად კურთხევით დაიწყო. 2008 წელს ბერად აღიკვეცა, 3 დღეში კი ეპისკოპოსი გახდა. შემდეგ მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის სტატუსი ებოძა. 2010-2019 წლებში რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას ხელმძღვანელობდა, გასული წლის ბოლოს კი ქუთაის-გაენათის ეპარქია ჩააბარეს.

მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა 12 წლის წინ, ბერად აღკვეცისას, უპოვარების აღთქმა დადო. ამ პირობით, ის ახლა არაფრის მქონე უნდა იყოს. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეუფის სახელზეა ერთი უძრავი ქონება:

28 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც იოანე გამრეკელს 2006 წელს მატრიონა კულგოვამ გადასცა, სანაცვლოდ კი მიტროპოლიტი სიცოცხლის ბოლომდე მისი მარჩენალი გახდა.

მიტროპოლიტმა 2003-2004 წლებში 800 ლარად იყიდა
3,420 კვ.მ. მიწა თეთრიწყაროში, სოფელ ასურეთში და 1,500 კვ.მ სოფელ დურნუკში. 2019 წელს კი თავისსავე ორგანიზაციას, მართლმადიდებელ ქრისტიანთა ასოციაცია “ბეთლემს” აჩუქა.

1,200 კვ.მ. მიწა ასევე თეთრიწყაროში, სოფელ დურნუკში მიტროპოლიტმა 2017 წლის 18 ივლისს 2,400 ლარად შეიძინა და იმავე დღეს, თავის ორგანიზაცია“ბეთლემს” 2,400 ლარად მიჰყიდა.

სინოდის წევრი იოანე გამრეკელი პროფესიით გეოლოგია. ის ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსეთში, ნოვოჩერკასკის ინსტიტუტში სწავლობდა. სასულიერო განათლება 1985-88 წლებში, მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიიღო. მიტროპოლიტი იოანე თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი და საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი 13 ორგანიზაციის ხელმძღვანელობს.

მათგან ერთ-ერთი შპს “ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო – წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონია.” ამ ორგანიზაციას ადრე მიტროპოლიტი კალისტრატე ხელმძღვანელობდ. სწორედ ამ დროს, 2012-2016 წლებში კომპანიას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან გამარტივებული შესყიდვებით 111,500 ლარი აქვს მიღებული.

მიტროპოლიტის ქონებისა და ორგანიზაციების შესახებ დოკუმენტები იხილეთ ამ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1qzZhFPoFNxz63x-W6J7LXKFZiGB-wexC?fbclid=IwAR28eMgXuxfGyZv-mYd-nvwWGLazcDXAmJPLunVDae50t3OH10ENjrqIvK4

03

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ახალი პროპაგანდისტული გვერდები Facebook-ზე
pages

ახალი პროპაგანდისტული გვერდები Facebook-ზე

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share