fbpx
mukhtarli

აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხტარლის 6 წელი მიუსაჯა

აფგან მუხტარლი, საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში 6 წელს გაატარებს.

მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მუხტარლის აზერბაიჯანის მთავრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა, რის გამოც იგი ბოლო 3 წლის მანძილზე თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში ცხოვრების დროსაც აფგან მუხტარლი ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდა.

დღეს, ბალაკანის სასამართლოს დარბაზში, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის უფლება მისცა მუხტარლის, რაზეც მან უპასუხა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, რადგან ის თავის სიტყვას ყველგან იტყვის სიცოცხლის ბოლომდე.

“ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ვიბრძოდი უკანონობის წინააღმდეგ. საქართველოში ცხოვრებისას, ჩემი ყველა ნაბიჯი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდებოდა. ჩემს თვალთვალში დახარჯული თანხები უკეთესი იქნებოდა, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიემართათ,” – განაცხადა მუხტარლიმ საბოლოო სიტყვაში. “მე გამიმართლა, რადგან სხვა ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ადრე დაუკავებიათ, უარეს ვითარებაში აღმოჩენილან, ან უწამებიათ ან მოუკლავთ. პირველად შემეშინდა, როცა საზღვარზე გადამიყვანეს, მეგონა რომ მომკლავდნენ.”

“დაზარალებულისა და თქვენს მიერ დაქირავებული პროკურორების მსგავს ადამიანებს არ შეუძლიათ, ჩვენი ხმა გადაფარონ. ჩვენ არ ვწერთ იმისთვის, რომ ალიევის დინასტიას ვებრძოლოთ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ და თქვენ ამ იმედს მათ ვერ წაართმევთ.”

მუხტარლის ადვოკატებმა მოსამართლეს სასჯელის შემცირება სთხოვეს, ვინაიდან მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურორმა ამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ბავშვების დაბადების მოწმობები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მუხტარლის უდანაშაულობას დაადასტურებდა. ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ყურადღება გაამახვილა მუხტარლის დაკითხვის ოქმებზე. არც ერთ ოქმს არ აქვს ბრალდებულის ხელმოწერა და არც განმარტება, თუ რატომ არ მოაწერა მათ ხელი მუხტარლიმ.

ადვოკატების ვარაუდით, ბრალდებულისთვის პოლიციას ეს ოქმები არც კი უჩვენებია. მეორე საკითხი, რაზეც დაცვის მხარე აპელირებდა იყო მოწმეების ჩვენებები, რომლებიც რიგ შემთხვევებში ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და პროკურატურის დაწერილს უფრო ჰგავდა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მშენებლობის დამკვეთი სამხარაულის დასკვნას მალავს
samkharauli

მშენებლობის დამკვეთი სამხარაულის დასკვნას მალავს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share