fbpx
mukhtarli

მუხტარლიმ სასამართლოს მისი გატაცება აღუწერა

დღეს ბალაკანში, პატარა აზერბაიჯანულ დასახლებაში აფღან მუხტარლის, თბილისიდან დაუდგენელ ვითარებაში გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

აფღან მუხტარლის მოსამართლემ ნება არ დართო, ადვოკატების გვერდით მჯდარს მიეცა ჩვენება.

“როცა ჩემი სახლისკენ მივდიოდი, სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილი სამი კაცი მომიახლოვდა. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მათ მანქანაში ჩამსვეს. ქალაქიდან რომ გავედით, თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ცოტა ხნის შემდეგ მანქანიდან გადმომიყვანეს და თავზე ჩამოცმული ტომარა მომხსნეს. მაგ დროს ვიფიქრე, რომ ჩემი მოკვლა უნდოდათ და ვთხოვე, დანით არ მოვეკალი და იარაღი გამოეყენებინათ. მითხრეს, რომ არაფერს დამიშავებდნენ და თავზე ისევ ტომარა ჩამომაცვეს. მოგვიანებით მათ მანქანა შეცვალეს და როცა აზერბაიჯანული მუსიკა გავიგონე, მივხვდი რომ უკვე ჩემს ქვეყანაში ვიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ გავჩერდით, თავიდან ტომარა მომაძვრეს და მივხვდი, რომ სამხედრო დანაყოფში მიმიყვანეს. იქედან კი მოგვიანებით ბაქოში გადამიყვანეს,” განაცხადა მუხტარლიმ სასამართლოს სხდომაზე.

მუხტარლის დაკითხვის შემდეგ მოსამართლემ აზერბაიჯანელი მესაზღვრე, გუფარ მამადოვი მოწმედ გამოიძახა.

მამადოვის ჩვენების თანახმად, მან მუხტარლი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას, 29 მაისს 22:40 საათზე შენიშნა. მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შეჩერება განიზრახა, მაგრამ მუხტარლიმ ხელი კრა, მიწაზე დაცემის გამო კი მესაზღვრემ გონება დაკარგა. მამადოვმა თქვა, რომ ამ შემთხვევის გამო საავადმყოფოში წასვლაც კი მოუწია და იქ გაიგო, რომ, თურმე, მუხტარლი უკვე დაეპატიმრებინათ.

ამის საპირწონედ დაკავებულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მესაზღვრე მასთან ერთად სულ მცირე, 5 საათის მანძილზე იმყოფებოდა. მუხტარლის ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, შეემოწმებინათ საავადმყოფოს სარეგისტრაციო წიგნი, რაზეც უარი მიიღეს.

აფღან მუხტარლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელსაც საქართველოში ცხოვრების უფლება კანონიერად ჰქონდა მოპოვებული. ამჟამად მას აზერბაიჯანული სასამართლო ქვეყნის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, არალეგალურად 10,000 ევროს გადატანასა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. მუხტარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისიდან დღემდე დაუდგენელ ვითარებაში გაუჩინარდა. ქართველი სამართალდამცველები დღემდე არ აკონკრეტებენ, რა მოხდა იმ საღამოს და როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ სახელმწიფო საზღვარი.

მოსამართლე ჰუმატ სალიმოვმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. თავდაპირველად მან არც აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დაუშვა სხდომაზე, თუმცა, მოგვიანებით აზრი შეიცვალა.

მუხტარლის ადვოკატმა, ნემატ ქარიმლიმ გააპროტესტა სხდომის დარბაზში პოლიციელთა სიმრავლეც.

სასამართლო სხდომაზე მუხტარლიმ აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს სთხოვა ქართველი კოლეგებისგან მოითხოვონ მისი ტელეფონის ჩანაწერები და დაადგინონ, რა მიმართულებით მოძრაობდა იგი 29 მაისის საღამოს. მუხტარლი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწმედ დაკითხვასაც ითხოვს, რადგან მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე საჯარო განცხადებაც გააკეთა. სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მუხტარლის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 28 დეკემბერს, 10 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხტარლის ადვოკატები ახალი მოწმეების დაკითხვას ითხოვენ
mukhtarli 2

მუხტარლის ადვოკატები ახალი მოწმეების დაკითხვას ითხოვენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share