fbpx
copyright

ჰონორარების ძიების სევდიანი სიმღერა

საავტორო უფლებათა ასოციაცია პასუხისმგებელია, ავტორებს გადაუხადოს ყველა იმ მუსიკალურ ნაწარმოებზე, რომელსაც რესტორნებში ან თქვენს საყვარელ სატელევიზიო გადაცემაში უსმენთ. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა, თუმცა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) თანხებს უკეთ აგროვებს, ვიდრე ავტორებს ჰონორარებს უხდის.

ასოციაციის ვალდებულებაა, ინფორმაციის შეგროვება, თუ როდის და სად გამოიყენება ამა თუ იმ ავტორის პროდუქტი, ცოცხალი შესრულებით თუ ჩანაწერის სახით და რა ოდენობის ჰონორარი უნდა მიიღოს ავტორმა ამ შესრულებაზე.

საქართველოში სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებზე ლიცენზიებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია გასცემს, ამ დაწესებულებების მიერ შევსებული პროგრამის მიხედვით აგროვებს ჰონორარებს და ავტორებზე ანაწილებს.

ქართველი ბიზნესმენები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ასოციაცია განსაკუთრებით აქტიურია ლიცენზიების გაცემასა და ობიექტებიდან თანხის ამოღებაში. მაშინ როცა, ავტორების ნაწილი ამბობს, რომ ასოციაცია მათ ჰონორარებს არ უხდის.

ბოლო წლების განმავლობაში ასოციაცია შეგროვებული ჰონორარის მხოლოდ ნახევარს გასცემდა. ასოციაციის 2016 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მან გასულ წელს ლიცენზიის მფლობელებისგან 4,081,916 ლარი მიიღო და აქედან 2,106,459 ლარი გასცა ავტორებზე ჰონორარების სახით.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, მირიან კულულაშვილი ამბობს, რომ ასოციაცია იხდის საშემოსავალო გადასახადებს, ასევე იტოვებს ადმინისტრაციულ პროცენტს, რომელიც სეგმენტიდან გამომდინარე, მაქსიმუმ 20% შეადგენს.

მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის მიუხედავად, საქართველოში ლიცენზიების გაცემის პროცესი დღემდე მტკივნეულად მიმდინარეობს. დაწესებულებათა უმეტესობას კარგად არ აქვს გააზრებული, რისთვის იხდიან თანხას ან როგორ შეიძლება ასოციაციის მიერ მოკრებილი ჰონორარი სამართლიანად გადანაწილდეს ავტორებზე.

“აი, ფაქტი” 23 რესტორანს დაუკავშირდა. მათგან ცხრამ დაგვიდასტურა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობს და სხვა, დამატებითი, ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. რვამ საერთოდ უარი თქვა კომენტარზე და მხოლოდ ექვსმა გამოთქვა სურვილი, საჯაროდ ესაუბრა.

სასტუმრო-რესტორნების ქსელი „კოპალას“ აღმასრულებელი დირექტორი კახა ბუაძე გადასახადის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს თანხა სამართლიანად მიდის ადრესატამდე.

ავტორ-შემსრულებელი მია გელაშვილი „კოპალაში“ ფორტეპიანოზე უკრავს. ის 2003 წლიდან არის ასოციაციის წევრი, თუმცა, მხოლოდ 2 წლის წინ შემთხვევით გაიგო, რომ ჰონორარი ეკუთვნის:

„კახას (კოპალას აღმასრულებელი დირექტორი) შევჩივლე, რომ ასოციაციის წევრი ვიყავი და 1 თეთრი არ ამიღია არასდროს,“ – ამბობს მია, – „კახამ ორგანიზაციაში მისვლა მირჩია, რადგან ყოველთვიურად უხდიდა ასოციაციას საავტორო უფლებებზე. ძალიან რომ გამიჭირდა, მივედი. 5 წუთიც არ გასულა, სანამ ამოწმებდნენ მონაცემებს და შემდეგ მითხრეს, რომ ათას ლარზე მეტი იყო დარიცხული. საქმე იმაშია, რომ პროგრამა შემავსებინეს. კი არ მითხრეს, რომ აქამდე პროგრამას არ ვავსებდი. რატომ არ უნდა იცოდეს ავტორმა, რომ თუ ის უკრავს ასეთ ადგილას, მას იქიდან ჰონორარი ეკუთვნის და ამისთვის მან უბრალოდ ფლეი-ლისტი უნდა შეავსოს.“

2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ასოციაციამ “კოპალას” არ მიაწოდა სავალდებულოდ შესავსები დოკუმენტაციის ფორმა, სადაც გამოყენებული ნაწარმოების ნუსხაა ჩამოთვლილი. მათივე მიზეზით, დაგვიანებით შევსებული დოკუმენტაციის გამო, ასოციაციამ მიას 500 ლარის ოდენობის თანხა ჩამოაჭრა ჰონორარიდან.

თბილისის რესტორნების – „სახლი N11“-სა და „პიანოს“ მეპატრონე, ეკა ქეცბაია აცხადებს, რომ 6 წლის წინ ასოციაციიდან მივიდნენ და განუცხადეს, რომ არსებობს ასეთი, ავტორთა უფლებების მმართველი ორგანიზაცია და რომ კანონი მათ თანხის გადახდას ავალდებულებს. ქეცბაიამ მაშინ რესტორანში გაჟღერებული მუსიკის იდენტიფიკაციის მეთოდები გააპროტესტა.

„მომცეს რაღაც ფორმა, მითხრეს, რომ ეს ფორმა უნდა შევავსოთ ყოველ თვე. ანუ, მე უნდა დავმჯდარიყავი და ყოველ დღე ფონურ მუსიკად რომელ ნაწარმოებებს ვიყენებდი, ის უნდა ჩამეწერა. აქ საუბარი არ იყო ცოცხალ შესრულებაზე. ან უნდა დამექირავებინა ვინმე, ვინც დაითვლიდა, რამდენჯერ გაჟღერდებოდა ესა თუ ის ნაწარმოები. მე ვუთხარი, რომ ეს იყო აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდი. მაშინ მითხრეს, რომ უნდა გადამეხადა ადგილების მიხედვით. მოვიდნენ, დაითვალეს, რამდენი ადგილი გვაქვს და იმის მიხედვით დაგვიწესეს მოჭრილი თანხა.“

თუ ობიექტი არ იხდის ასოციაციის მიერ დაკისრებულ მოსაკრებელს, მას სასამართლოს დადგენილებით, მუსიკალური ნაწარმოების გამოყენება ეკრძალება. ბიზნესმენს არჩევანი აქვს – ან უმუსიკოდ განაგრძოს საქმიანობა ან დაელოდოს, სასამართლო როდის მორჩება. საქმის წაგების შემთხვევაში, სასამართლო ობიექტის მეპატრონეს ასოციაციისთვის დავალიანების, მინიმუმ, ათმაგი ოდენობის გადახდას აკისრებს.

საბანკეტო დარბაზი „ბახტრიონის“ მეპატრონემ, გია მაისურაძემ დაწესებულება ასოციაციის მიმართ ვალების გამო დახურა.

“ჩვენ ასოციაციასთან კონტრაქტი გვქონდა და თვეში 76 ლარს ვიხდიდით. შემდეგ მივედი ასოციაციაში და ავუხსენი, რომ, ძირითადად, ქელეხის სუფრები იშლებოდა ჩვენს დარბაზში და მუსიკას საერთოდ არ მოვიხმარდით და გაუგებარი იყო, რისთვის გვახდევინებდნენ თანხას.“

„ბახტრიონის“ დავალიანებამ 13 თვის მანძილზე 1,159 ლარი შეადგინა. მაისურაძემ გადაწყვიტა, არ გადაეხადა თანხა და საბანკეტო დარბაზის ფუნქციონირება შეაჩერა.

„ასოციაციაში მისულმა კითხვა დავსვი, მათი შემოწმების მექანიზმი თუ არსებობდა,“ – ამბობს მაისურაძე – „და მიდიოდა თუ არა ეს თანხა ავტორებამდე. პასუხად მივიღე ის, რომ ჩვენ ამჟამად ხელშეკრულებაზე ვსაუბრობდით და არა იმაზე, რამდენად გამჭვირვალეები არიან ისინი.”

„ქართული და უცხოური ნაწარმოებების ჩანაწერების გამოყენებისთვის, მთლიანად სკამების მიხედვით, თვეში 198 ლარი გვაქვს გადასახდელი ანუ სკამზე – 3,30 ლარი,“ – გვიხსნის რესტორანი „11 კათხას“ მეპატრონე ელისო კოპალიანი, – „თან, იცი, როგორ გემუქრებიან, ცოტას თუ გადაუცილებ თანხის გადახდას? ლიცენზია რომ არ იყიდოთ, დაგაჯარიმებთო. საინტერესოა, მიდის კი ეს თანხები ავტორებამდე?“

მარიამ წიკლაური პოეტია, რომლის ტექსტებზე მრავალი ქართული სიმღერაა შექმნილი, რომლებიც ტელევიზიების ეთერით ხშირად გადაიცემა. „როგორ ნაწილდება თანხები, ვერც გაარკვევთ იმიტომ, რომ არ გაგარკვევინებენ,“ – აცხადებს პოეტი მარიამ წიკლაური, – „იმათთვის თითოეული ჩვენნაირი ავტორი ღირებულებას არ წარმოადგენს. ჩემი სიმღერები დღეში რამდენჯერმე ტრიალებს ბასტი-ბუბუზე, ენკი-ბენკიზე. ზუსტად 1 კვირის წინ თამარ ცქვიტარიძეს ვესაუბრე, რომელიც არის ერთ-ერთი დამაარსებელი ბასტი-ბუბუსი. მითხრა, რომ 1,500 ლარს ყოველ თვე რიცხავენ ასოციაციის ანგარიშზე. ერთადერთხელ ავიღე 200 ლარი ჰონორარის სახით. გეტყვიან, მიმართეთ სასამართლოსო. რომელ მწერალს აქვს იმის თავი, რომ თავისი სიმღერებისთვის იბრძოლოს?”

კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძის თქმით, ის კვარტლურად იღებს ჰონორარს, მაგრამ ვერასდროს მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ რომელი ტელევიზიის ჰონორარი გადაუხადეს და როგორ დაანგარიშდა კონკრეტული თანხა. არადა, იცის, რომ მისი ნაწარმოებები ტრიალებს GDS-ის, “იმედის,” “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

ტელეკომპანია “იმედის” იურისტი, ანდრო ლაშხი ასოციაციისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას არ ამჟღავნებს, თუმცა, ამბობს, რომ კომპანია მოსაკრებელს სრულად იხდის და გადასახდელი თანხა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ ეთერის რა ნაწილი უჭირავს მუსიკას. ლაშხი ამბობს, რომ მოსაკრებლის რაოდენობაზე გავლენას ორგანიზაციის საერთო შემოსავალიც ახდენს.

იგივე სქემით იღებს მოსაკრებელს ასოციაცია “რუსთავი 2”-სგანაც. იმის დასადგენად, თუ რა თანხას იხდის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მოსაკრებლის სახით, “აი, ფაქტმა” ტელეკომპანიის ადმინისტრაციას მიმართა. მათგან მიღებულ წერილში კი წერია, რომ ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ ასოციაციისთვის ყოველთვიურად გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.

ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, მირიან კულულაშვილის თქმით, თუ ავტორს რამე პრობლემა აქვს, იგი თავად არის ჩართული მის მოგვარებაში. მაგრამ რიგ შემთხვევებში, კულულაშვილი გაურკვევლობის მიზეზად ობიექტების მიერ გამოყენებული ნაწარმოებების სრული სიის არქონას ასახელებს.

ასოციაცია ობიექტების მიერ მათთვის გადასახდელი მოსაკრებლის რაოდენობას სხვადასხვა მეთოდით ითვლის:

ა. ტელევიზიების შემთხვევაში, თანხა დამოკიდებულია სატელევიზიო ეთერში გასული მუსიკის ოდენობასა და ამ შემთხვევაში ავტორების იდენტიფიცირება ვერ ხდება;
ბ. საკვები ობიექტების შემთხვევაში, თუ ისინი არ იყენებენ ცოცხალ მუსიკას, მაშინ მოსაკრებელი ითვლება დასაჯდომი ადგილების მიხედვით და ამ შემთხვევაშიც ავტორების იდენტიფიცირება ვერ ხდება.

ვინაიდან ასოციაციის ერთადერთი მიზანი ავტორებისთვის კუთვნილი ჰონორარის დარიგებაა, მათ უნდა ჰქონდეთ ნაწარმოებების იდენტიფიცირების მექანიზმი. ასოციაციამ 2016 წელს შეიძინა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომლის დახმარებითაც ასოციაციამ ტელევიზიის ეთერში გასული ნაწარმოებების იდენტიფიცირება უნდა შეძლოს.

კულულაშვილი განმარტავს, რომ VERICAST-ში ყველა ქართული სიმღერა უნდა აიტვირთოს, რომ პროგრამამ ტელევიზიის ეთერში მათი დაფიქსირება შეძლოს. სიმღერების ბაზაში ატვირთვა კი, კულულაშვილის თქმით, რთული ამოცანაა.

ის თანხა, რომელიც ასოციაციას ყოველწლიურად გადასახადებისა და ავტორების ჰონორარების დაფარვის შემდეგ რჩება, სპეციალურ ფონდში გროვდება. ფონდში აკუმულირებული მატერიალური აქტივები ასოციაციის ფინანსური სამსახურის მიერ ინახება სპეციალურ ბუღალტრულ ანგარიშზე და მათი განკარგვის მიზნობრიობას, პერიოდულობას და ოდენობას განსაზღვრავს ასოციაციის გამგეობა.

სამომავლოდ ასოციაცია ტრანსპორტის, საავადმყოფოების, ეკლესიების ლიცენზირებასაც გეგმავს. „არა აქვს მნიშვნელობა, სად ჟღერს მუსიკა – ეკლესიაში თუ ტაქსში,“ – აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, – „ ეს არის ჩვეულებრივი მომენტი და სამართლებრივად ექვემდებარება გადახდას. უბრალოდ, რისი რესურსიც გვაქვს, ნელ-ნელა გავცემთ ლიცენზიებს.“

მაშინ გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს ასეთი აქტივების მქონე ასოციაცია თანხების (ჰონორარების) გაცემას ისეთ ავტორებზე, რომლებსაც ასოციაციის თანამშრომელთა დაუდევრობისა თუ გულგრილობის შედეგად, არ დაურიგდათ ან გვიან მიეწოდათ ბლანკები პროგრამების განსასაზღვრად, როგორც ეს მიას შემთხვევაში მოხდა ან რატომ არ ხდება ისეთი მონდომებით ამ პროგრამების განაწილება, როგორც მოსარგებლეებისგან თანხების ამოღება.
ზურაბ ბეჟაშვილი ქართულ ბაზარზე შემოსული ახალი კომპანიის, GMI Rights Management-ის დირექტორია. ის განმარტავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მესამე პარაგრაფს, სადაც მოსარგებლისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზეა საუბარი.

„თუ რესტორანს უნდა, გამოიყენოს კონკრეტული x ავტორის სიმღერები, მას შეუძლია ამ x ავტორთან მივიდეს და ინდივიდუალურად გადაუხადოს საჯარო შესრულებაზე ჰონორარი,“ – ამბობს ბეჟაშვილი, -„და ასოციაცია რომ მოვა, ობიექტის მეპატრონე საპირისპიროს დაუმტკიცებს იმით, რომ ხელშეკრულებას წარუდგენს და თუ ასეთ დოკუმენტს ვერ წარადგენს, ის, ამ შემთხვევაში ვალდებულია, ასოციაციისგან ლიცენზია იყიდოს.“

GMI-ის ბიზნესი ავტორების უფლებების მართვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებში ავტორებისთვის ადვოკატირების გაწევას გულისხმობს. „არავის მოეთხოვება, კანონში კარგად იყოს გათვითცნობიერებული და მითუმეტეს, არც მუსიკოსს მოეთხოვება, იყოს ექსპერტი ამ სპეციფიურ დარგში,“ – ამბობს ბეჟაშვილი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ივანიშვილის ბანკირს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
ivanishvili 2

ივანიშვილის ბანკირს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share