fbpx
RMG

ცოლი – გარემოს დაცვის სამინისტროში, ქმარი – წიაღის მომპოვებელ კომპანიაში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლების ოჯახის წევრები წიაღის მომპოვებელ კომპანიაში არიან დასაქმებულები. ისინი საჯარო სამსახურების დატოვებიდან მალევე გადავიდნენ წიაღის მომპოვებელ კომპანიებში სამუშაოდ.

მარიამ მათიაშვილი და ალექსანდრე დევიძე

მარიამ მათიაშვილი 24 წლის იყო, როცა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველად დაინიშნა. ერთ წელიწადში, 2015 წელს დააწინაურეს და მინისტრის აპარატის უფროსი გახდა. ახლა ის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია.

მარიამ მათიაშვილის ქმარი, ალექსანდრე დევიძე, წიაღის მომპოვებელ კომპანია Rich Metals Group (RMG)-ში მუშაობს. 2014 წლიდან გასული წლის 27 აპრილამდე, ალექსანდრე დევიძე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

ალექსანდრე დევიძემ საჯარო სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი თქმით, ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მომპოვებელ კომპანია Rich Metals Group-ში სამსახურზე შეთავაზება თანამდებობის დატოვებიდან ერთ თვეში მიიღო.

დევიძე ამბობს, რომ შეთავაზება სამსახურიდან წასვლის შემდეგ მიიღო და არა მუშაობის დროს.

“წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ანაზღაურება იყო,” – გვითხრა დევიძემ.

ალექსანდრე დევიძეს Rich Metals Group-ში საკუთარ თანამდებობას არ ასახელებს. მისი თქმით, კონტრაქტიდან გამომდინარე, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

გარემოს ეროვნული სააგენტო, სადაც ალექსანდრე დევიძე კომპანიაში გადასვლამდე დირექტორის პირველი მოადგილე იყო, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსების ლიცენზიებს გასცემს. სააგენტოში ინახება გეოლოგიური ინფორმაცია წიაღისეული რესურსების მარაგებზეც.

ალექსანდრე დევიძე განმარტავს, რომ ის კომპანიაში გეოლოგიურ საკითხებზე არ მუშაობს.

“წიაღის გეგმებს არ ვადგენ. იურისტი ვარ და უფრო იურიდიული საკითხებით ვარ დაკავებული. კომპანიამ საკონსულტაციო მომსახურება შემომთავაზა, რაზეც მე ნამდვილად არ მითქვამს უარი,”- გვითხრა მან.

ირაკლი ნოზაძე და მარიამ ბერუაშვილი

ირაკლი ნოზაძე საქართველოში მანგანუმის მომპოვებელი ყველაზე დიდი კომპანია Georgian-American Alloys-ის გარემოს დაცვის დირექტორია.

2013 წლის 16 დეკმებრიდან 2014 წლის 21 ივლისამდე, ნოზაძე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე, 2013 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის 4 მაისამდე, ნოზაძე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ჩვენ ნოზაძეს ვთხოვეთ აეხსნა, კონკრეტულად რა მოვალეობების შესრულებას გულისხმობს ახალი სამსახური, რაზეც მან დეტალური პასუხი არ გაგვცა.

ირაკლი ნოზაძემაც, ისევე როგორც ალექსანდრე დევიძემ, საჯარო სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი თქმით, რესურსის მომპოვებელ კომპანიაში მუშაობის შეთავაზება მან თანამდებობის დატოვებიდან, დაახლოებით, ერთ წელში მიიღო.

კითხვაზე, კონკრეტულად რა მოვალეობები აქვს კომპანიაში, ირაკლი ნოზაძემ მოკლედ გვიპასუხა: “გარემოსდაცვითი საკითხების მართვა.”

ირაკლი ნოზაძის ცოლი, მარიამ ბერუაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2014 წლის 3 იანვრიდან მუშაობს. ამჟამად ის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.

ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეები და გამკაცრებული კანონი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტის, სულხან სალაძის თქმით, კანონმდებლობის ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ თანამდებობის პირები მაპროფილებელ კომპანიაში სამუშაოდ მოკლე დროში გადადიან და ამის დასარეგულირებლად წესები არ არსებობს.

“მაგალითად, თუ პირი გარემოს დაცვის სამინისტროში ან მის რომელიმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (სსიპ) მუშაობდა, მიდის თანამდებობიდან და მალევე იწყებს მუშაობას კომპანიაში, რომელიც წიაღს მოიპოვებს. ეს კომპანია კი კონტროლდება იმ სამინისტროსგან, საიდანაც ეს პირი წამოვიდა,” – ამბობს სალაძე. “მოქმედი კანონმდებლობა საჯარო სამსახურის პირებს თანამდებობის დატოვებიდან მალევე (მაპროფილებელ) კომპანიაში გადასვლისგან არ ზღუდავს. კანონმდებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და მგავს საფრთხეებს გამორიცხავდეს.”

გასულ წელს საქართველოს კანონში “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, საჯარო უწყებაში დასაქმებული პირი თანამდებობის დატოვებიდან ერთი წელი იმ კომპანიაში ვერ გადავა სამუშაოდ, რომელსაც წინა სამსახურში ყოფნის დროს 3 წლის მანძილზე ზედამხედველობდა.

უფრო კონკრეტულად, ამ კანონის მე-13 მუხლის მე-10 ქვეთავი ამბობს: “გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, გათავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურეობრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან.”

ეს ცვლილება ძალაში 4 თვეში (2017 წლის 1 ივლისიდან) შევა.

“ზედამხედველობის განხორციელება ვიწროდ არ უნდა გავიგოთ და აქ არ უნდა იყოს კონკრეტულად მხოლოდ ამ პირის ზედამხედველობაზე,” – ამბობს სულხან სალაძე. “თუ ეს პირი ფლობდა ინფორმაციას, რომელიც მის ახალ სამუშაო კომპანიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სხვა კომპანიებთან შედარებით, ესეც უნდა ჩაითვალოს ნორმის დარღვევად.”

ალექსანდრე დევიძე ამბობს, რომ “აი,ფაქტთან” ინტერვიუმდე, ამ საკითხზე თვითონაც უფიქრია.

“სიმართლე გითხრათ, სანამ ამ კითხვას დამისვამდით, რა თქმა უნდა, ვიფიქრე ამ ყველაფერზე,” – ამბობს დევიძე, ამჟამად RMG Gold-ში დასაქმებული, გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე. “მიუხედავად იმისა, რომ სტატუსით არ ვიყავი საჯარო მოხელე, კანონმდებლობა [სამსახურში დარჩენას] არ მიკრძალავდა. ჩემთან დაკავშირებით ეს შეზღუდვა არ იყო, მაგრამ მარიამთან დაკავშირებით ნამდვილად იყო. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვსულიყავი, რადგან, მინუმუმ, არაეთიკური იყო ჩემი იქ დარჩენა. ამ დროს მივიღე შეთავაზება სხვა სამსახურიდან. შესაბამისად, ორი ფაქტორი, ოჯახის შექმნა და უკეთესი ანაზღაურება გახდა ჩემი წასვლის მიზეზი. ამჟამად ლექციებს ვკითხულობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაქვს უფრო მეტი თავისუფალი დრო,” – ამბობს დევიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე ირაკლი ნოზაძეს, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად Georgian-American Alloys-ს გარემოსდაცვითი საკითხების დირექტორს.

“თეორიულადაც კი შეუძლებელია ინტერესთა კონფლიქტის არსებობა, თუნდაც ორი მარტივი მიზეზის გამო: პირველი, ჩემს მეუღლეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო პროექტების მართვა ევალება, შესაბამისად, მას არავითარი კავშირი არ აქვს კომპანია Georgian-American Alloys-ის საქმიანობასთან. მეორე, ჩემი მეუღლე ხსენებულ დეპარტამენტში მუშაობს მთავარ სპეციალისტად, არ უკავია მენეჯერული პოზიცია და არც გადაწყვეტილების მიმღებია,” – გვიპასუხა ნოზაძემ.

იურისტ სულხან სალაძის აზრით, არსებობს რეალური საფრთხეები: ყოფილი საჯარო მოხელეები ფლობენ ინფორმაციას კერძო კომპანიებზე, რომელიც სხვადასხვა საჯარო სტრუქტურების ანგარიშებშია თავმოყრილი და რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში ინახება.

ერთ-ერთი ასეთი, მაგალითად, წიაღის მოპოვების წლიური გეგმა ან ანგარიშია, სადაც კომპანიის მიერ მოსაპოვებელი ან მოპოვებული მარაგების შესახებ ინფორმაციაა აღწერილი.

საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი მიღება მესამე პირისთვის, კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე, შეუძლებელია.

ყოფილმა საჯარო მოხეელებმა ეს ინფორმაცია საჯარო უწყებიდან, შესაძლოა, გაიტანონ და იმ კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოიყენონ, სადაც დასაქმდებიან; ან იმ კომპანი(ებ)ის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, რომლებზეც ინფორმაცია აქვთ.

“ამას ვერავინ ვერასოდეს დაამტკიცებს, მაგრამ ამის რისკი არსებობს,” – ამბობს სულხან სალაძე, საიას იურისტი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბომბარდიერის აზერბაიჯანელ პარტნიორს ქათმები და ძროხები ჰყავს. ვინ მიიღო მილიონები?
baku

ბომბარდიერის აზერბაიჯანელ პარტნიორს ქათმები და ძროხები ჰყავს. ვინ მიიღო მილიონები?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share